LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე არშბა: „კარანტინი სამსახურმა გამიმარტივა…“

1156
salome-arshba-excl

სალომე არშბა შაბათ–კვირას „იმედის“ დილის ეთერს უძღვება, კვირის დანარჩენ დღეებს კი შვილთან ერთად ატარებს. დაგვეთანხმებით, რომ ტელეწამყვანსა და ჟურნალისტს სილამაზე არც აქამდე აკლდა, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად გამოიყურება. ფოტოსესია „იმედის“ ეზოში მოვაწყვეთ, ხოლო ცნობილ ჟურნალისტს ვკითხეთ, როგორ გაატარა ის დრო, როდესაც ყველა ჩვენგანი სახლში იყო გამოკეტილი…

სამი რაც, რაც კარანტინის დაწყების შემდეგ მოიმარაგე…

სალომე არშბა:

სიმართლე გითხრა, არც არაფერი მომიმარაგებია ? კარანტინის პერიოდში დამჭირდა წიგნების ონლაინგამოწერა და თინასთვის გამოვიწერე სამაგიდო თამაში, რომ უფრო მარტივი ყოფილიყო სახლში 24–საათიანი ყოფნა.

ეთანხმები მოსაზრებას, რომ ფსიქოლოგებს უახლოეს მომავალში ბევრად მეტი სამუშაო ექნებათ?

ახალმა კორონავირუსმა ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრების სტილი, წესი, გრაფიკი რადიკალურად შეცვალა. თუ ადრე სულ გადარბენაზე ვიყავით, წამებსა და წუთებს ვითვლიდით, რომ დღის განმავლობაში ყველა დაგეგმილი საქმე მოგვესწრო, ახლა ვსხედვართ სახლში, მაქსიმუმ მაღაზიაში თუ ჩავალთ პროდუქტების საყიდლად და გვაქვს ბევრი დრო. ამ რადიკალურ ცვლილებას, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი ინდივიდუალურად აღიქვამს და განიცდის, ზოგისთვის თვითიზოლაციის დღეები მშვიდად მიდის, ზოგს კი განსაკუთრებით უჭირს ოთხ კედელში დღეების გატარება. ვფიქრობ, შფოთვა, ნერვიულობა, ხასიათის ცვალებადობა ამ შემთხვევაში ბუნებრივი თანმდევი შეგრძნებებია.

როგორ გაუმკლავდი პირველ დღეებს?

პირადად მე, თვითიზოლაციას ახლაც მშვენივრად ვუმკლავდები, ვარ მშვიდად, სახლიდან მიწევს აქტიურად მუშაობა, მხოლოდ სამსახურსა და მაღაზიაში გავდივარ. თუმცა პირველი დღეები მაინც ბევრად მარტივი აღმოჩნდა ჩემთვის. მუდმივად გადატვირთული დღის გრაფიკიდან გამომდინარე, ეს იყო პერიოდი, როდესაც დილიდან არსად მეჩქარებოდა, თინაც მშვიდად იღვიძებდა, მშვიდად ემზადებოდა ონლაინგაკვეთილებისთვის, მე კი ჩემს საქმეს ვაკეთებდი. ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა, კარანტინის პირველი დღეებით ბოლომდე ვისიამოვნე.

სამსახურში სიარულმა, ალბათ, ბევრად უფრო ადვილად გადაგატანინა ეს პერიოდი…

მიუხედავად ყველაფრისა, მუშაობა ერთი წამითაც არ შეგვიწყვიტავს და ყოველ შაბათ-კვირას ,,დილის შოუ“ ეთერში გადიოდა. თან, აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პერიოდში ჩვენი გადაცემა და ,,ანატომია“ გარკვეული პერიოდით გაერთიანდა და მაყურებელს სპეციალურ ეთერს ვთავაზობდით, სადაც ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას ვაწვდიდით ახალი კორონავირუსის შესახებ. რეალურად, სამსახურმა გამიმარტივა კარანტინის პერიოდი, ,,იმედი“ არის ერთადერთი რამ, რაც ამ ეტაპზე  ,,ძველი ცხოვრებიდან“ შემომრჩა ?

რეკომენდაციებს აქტიურად იცავ?

განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდები ყველა რეკომენდაციას, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ქართველი მედიკოსები გვაწვდიან და მგონია, რომ ამ რეკომენდაციების გათვალისწინება და დაცვა ყველა ჩვენგანის მოვალეობაა. ვრჩები სახლში, თუ გავდივარ გარეთ, ვიცავ სოციალურ დისტანციას, ვატარებ პირბადეს, ხელთათმანს, ხელებს ვიბან ხშირად ? და ვიმუშავებ სადეზინფექციო ხსნარით, პროდუქტებსაც ვამუშავებ, როცა სახლში მოვდივარ მაღაზიიდან.

როგორ ართობ შენ შვილს, რას აკეთებთ ერთად?

მშობლებისთვის კარანტინში, მგონი, ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა სწორედ ბავშვები აღმოჩნდა. რით დავაკავოთ და როგორ გავართოთ ჩვენი შვილები, რომლებიც მთელ დღეებს სახლში ატარებენ. გეგმასავით შევქმენი. დილით ონლაინგაკვეთილები, შემდეგ შესვენება, მეცადინეობა, თავისუფალ დროს გვაქვს ერთობლივი აქტივობები – სამაგიდო თამაშები, სადაც მთელი ოჯახი ვართ ჩართული, ასევე ხშირად ვაწყობთ კინოსეანსებს, თინა აქტიურად დგამს სპექტაკლებს, მართავს კონცერტებს, ჩვენ მაყურებლები ვართ, ვთამაშობთ მაშოსთან და იო-იოსთან ერთად (მაშო თინას თოჯინაა, იო-იო თინას ლეკვი). აქტიურად ეკონტაქტება ონლაინ თავის კლასელებსა და მეგობრებს, ონლაინ ერთობლივადაც კი ამზადებენ გაკვეთილებს. სასეირნოდ აივანზე დავდივართ ? მხოლოდ რამდენჯერმე ვიყავით ეზოში, ისიც ისეთ ადგილას, სადაც არავინ იყო.

რა წაიკითხე, რა მოისმინე და რას უყურე კარანტინისას, გაგვიზიარე შენი რეკომენდაციები ამ მხრივ…

რაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს თვითიზოლაციაში, ის არის, რომ ბევრი დრო მაქვს კითხვისთვის. ახლა ვკითხულობ ნაირა არსენიშვილის ,,ვა, სოფელო…“ და წარმოუდგენელ სიამოვნებას ვიღებ. ვფიქრობ, ეს ის წიგნია, ყველამ რომ უნდა წაიკითხოს და ყველას ვურჩევ. ბოლო პერიოდში ასევე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ჯონათან ფრენზენის რომანმა ,,შესწორებები“. ეს არის ოჯახური საგა, დიდი ოჯახის ძალიან საინტერესო ისტორია, რომელიც ამერიკის თანამედროვე ცხოვრების ფონზე ვითარდება. სხვათა შორის რომანი 35-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და მილიონობით ტირაჟით გაიყიდა.

შეიძლება ითქვას, რომ არაფერს ვუყურებ, სერიალები არ მიყვარს და, ფაქტობრივად, არც ერთი სერიალი არ მაქვს ნანახი.

შენც, სხვათა მსგავსად, კულინარიუ ექსპერიმენტებს ხომ არ შეუდექი?

თინას კულინარია – უფრო სწორი, ალბათ, ასე იქნებოდა. ჩვენი დღის განრიგს შევმატე კულინარია ?, ოღონდ აქ მთავარი მოქმედი გმირი თინაა, ამზადებს თინა, მე ვეხმარები. შესაბამისად, მარტივ რეცეპტებს ვეძებთ ინტერნეტში და შემდეგ ვცდით ჩვენს სამზარეულოში. მოვამზადეთ გრანოლა და homemade ჩიფსები. ორივე უგემრიელესი გამოვიდა.

ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე მეტად რა მოგენატრა?

ცოცხალი ურთიერთობა ჩემს მეგობრებთან, ყოველგვარი ვიდეოზარის, ზუმის, ონლაინ შეხვედრებისა და სოციალური დისტანციის გარეშე.

კორონავირუსის შემდეგ თუ შეიცვალე ან რა ცვლილებებს ელოდები ზოგადად სამყაროში?

რიტორიკული შეკითხვაა ? სამყაროსი რა გითხრა, მაგრამ მე პირადად კორონავირუსმა მასწავლა, რომ ცხოვრებაში ყველაფრისთვის უნდა იყო მზად, მიიღო, როგორც გამოწვევა და გაუმკლავდე.

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები