LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებს – მამუკა ბახტაძე

1548329290

საქართველო ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებს და მხარს უჭერს ვენესუელის მამაც ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„გამოვთქვამთ იმედს, რომ ვენესუელას ასამბლეა გარდამავალ მთავრობას შექმნის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მოემზადება და ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას უზრუნველყოფს. საქართველო მხარს უჭერს ვენესუელის მამაც ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში“, – წერს მამუკა ბახტაძე.

 

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის დროებით პრეზიდენტად აღიარების შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა გააკეთა. მან ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა.

მოგვიანებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო უწყებემაც. სამინისტრო  იმედოვნებს, რომ ვენესუელის “ლეგიტიმური ხელისუფლება მტკიცედ დაუჭერს მხარს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პატივისცემის თაობაზე”.

ვენესუელაში ნიკოლას მადუროს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ, რომელიც ოპოზიციის აქციის ორგანიზატორია, 23 იანვარს თავი მოქმედ პრეზიდენტად გამოაცხადა.

პირველი ქვეყანა, რომელმაც ხუან გუაიდოს, როგორც გარდამავალ პერიოდში პრეზიდენტის, ლეგიტიმაცია ცნო, ამერიკის შეერთებული შტატები იყო. ამის შემდეგ ოპოზიციის ლიდერი დროებით პრეზიდენტად აღიარეს კანადამ, ლათინური ამერიკის ქვეყნებმა, მხარდამჭერი განცხადება გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.