LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და ჰონგ–კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდება

132

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულ ჰონგ-კონგს შორის, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ  მოლაპარაკებები მიმდინარეობს,

16-18 იანვარს თბილისში  საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულ ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ  მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი გაიმართა.

მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა.

„ მთავრობის  გაცხადებული  პოლიტიკაა, რომ  ჩვენს ექსპორტიორებს გაუხსნათ დამატებითი ბაზრები. ძალიან მნიშვნელოვანია,   რომ ჩვენ ორ რაუნდში მოვახერხეთ  აღნიშნული  მოლაპარაკებების დასრულება  თავისუფალი ვაჭრობის  ძირითად დებულებებზე.    რამდენიმე საკითხზე  ჩვენ სამუშაოჯგუფის ფარგლებში კვლავაც გავაგრძელებთ მუშაობას “ -განაცხადა გენადი არველაძემ.

შეხვედრაზე მხარეებს შორის  ისეთი საკითხები განიხილება , როგორიცაა: საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა,  საბაჟო პროცედურები, საქონლის წარმოშობის წესები, ინსტიტუციური საკითხები და ვაჭრობაში დაცვითი ზომები. მხარეებს შორის  შეთანხმება შედგა ყველა ძირითადი მიმართულებით. დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე ღია საკითხი, რომელზე შეთანხმებაც  სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მოხდება.

ჰონგ-კონგთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. შეთანხმების ამოქმედების შემდეგ  საქართველოს დამატებით  7,3 მილიონიანი   ბაზარი გაეხსნება, რაც  გაზრდის საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

ჰონგ-კონგსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას წინ უსწრებდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ  შეთანხმებაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებები, რომელიც  2016  წელს წარმატებით დასრულდა. მას დამკვირვებლის სტატუსით ჰონგ-კონგის დელეგაციაც ესწრებოდა.