„არ ვეთანხმები, რომ გულგრილობის მუხლით უნდა დაწყებულიყო გამოძიება. რა მუხლითაც დაიწყო, სავსებით საკმარისია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც სარჯველაძემ ასევე აღნიშნა, ოპოზიცია, რომელიც ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს ამ საკითხზე, შოვში არ ჩასულა და ტრაგედიის ეპიცენტრი არ დაუთვალიერებია:
უმრავლესობის დეპუტატის თქმით, არაერთხელ აღინიშნა, რომ თუკი გამოძიების პროცესში გამოიკვეთა ისეთი გარემოება, რომელიც განაპირობებს ან კვალიფიკაციის შეცვლას ან სხვა საგამოძიებო სტრუქტურისთვის საქმის გადაცემის საჭიროებას, გადაწყვეტილებაც შესაბამისი იქნება:
„რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მუხლით უნდა დაწყებულიყო გამოძიება, მე სიმართლე გითხრათ, ამას არ ვეთანხმები, რომ გულგრილობის მუხლით უნდა დაწყებულიყო. რა მუხლითაც დაიწყო გამოძიება, სავსებით საკმარისია.
ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც შოვის ტრაგედიას უკავშირდება, ყველაფერზე, რაც არ უნდა იყოს გამოსარკვევი, სავსებით საკმარისია დაწყებული გამოძიება.
ოპოზიციას ძალიან ხმამაღალი განცხადებები ჰქონდა შოვის ტრაგედიაზე და ძალიან ცუდად გამოიყურებოდა მათი მონდომება, რადგან აშკარად იგრძნობოდა, რომ მათი სურვილი იყო პოლიტიკური დივიდენდების დაწერა ამ უზარმაზარ ტრაგედიაზე და არა ჭეშმარიტების გარკვევა.
ეს ჩანდა ყველაფრიდან გამომდინარე, მათ შორის, როცა დაიწყო მოთხოვნები საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, ბევრი მსგავსი მოთხოვნა ვიხილეთ, მაგრამ არავის დაგვავიწყდეს, რომ არცერთი ის ოპოზიციონერი, რომელიც ამაზე ძალიან ხმამაღლა და ანგაჟირებულად საუბრობს, ადგილზე არ ჩასულა და არ დაუთვალიერებია ფიზიკურად იქ მომხდარი ტრაგედიის ეპიცენტრი.
შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა
თუ ჭეშმარიტება აინტერესებდათ, იქნებ იქ მაინც მიეღოთ პასუხები, ან ახალი კითხვა გასჩენოდათ ან უბრალოდ ეთქვათ, რომ ეს არის ტრაგედია, რომელთან დაკავშირებითაც ადამიანურად და ეთიკურად გაუმართლებელია ქულების წერას შეეცადო პოლიტიკური თვალსაზრისით. ასეთია, სამწუხაროდ, ეთიკა ჩვენი ოპოზიციის და ეს საზოგადოების თვალშიც ცუდად გამოიყურება“. – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გრძელდება კიდევ 5 ადამიანის ძებნისთვის საჭირო სამუშაოები. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 116-ე და 240-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.