2020 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში 19 ქალია მოკლული, ხოლო 20 ქალის მკვლელობის მცდელობაა ჩადენილი, მათ შორის, 12 ქალის მკვლელობისა და 11 მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმადაც, მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია.
გერმანიაში, ყოველ მესამე დღეს, ქმრის ან პარტნიორის მხრიდან ძალადობის დროს, ერთი ქალი სიცოცხლეს ასრულებს – ამის შესახებ სოციალურ ქსელ -„ინსტაგრამზე“ გავლენიანი პერსონა, მსახიობი და გერმანელი სამოქალაქო აქტივისტი, ტესა მიტელშთედთი საუბრობს.
ფაქტები ცხადყოფს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა მხოლოდ საქართველოს გამოწვევა არ არის, თუმცა სახელმწიფოსა და საზოგადოებისგან დანაშაულისადმი დამოკიდებულება, პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზება თუ ეფექტიანი აღსრულება, ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.
„ასეთი ტრაგედიები, მწვავედ წარმოაჩენს სახელმწიფოს მხრიდან ძლიერი, ეფექტიანი და კოორდინირებული, პრევენციულ მექანიზმებზე დაფუძნებული პოლიტიკის არარსებობას,“ – ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ უახლეს შეფასებაში.
ხაზგასასმელია, რომ სტატისტიკა მხოლოდ ცარიელი სიტყვები ან მშრალი რიცხვები არ გახლავთ – მის მიღმა, ქალებისა და გოგოების უმძიმესი ისტორიები იმალება, რომლის სიმწვავესაც დღევანდელ რეალობაში, საზოგადოება ბოლომდე ისევ ვერ აცნობიერებს.
ქალები და გოგოები ხშირად განიცდიან ისეთი სერიოზული ფორმების ძალადობას, როგორიცაა: ოჯახში ძალადობა, სექსუალური შევიწროება, სექსუალური ძალადობა, ფემიციდი, იძულებითი ქორწინება, იძულებითი აბორტი.
ისტორია 14 წლის გოგოზე
ამ სტატიაში კონკრეტულ ისტორიას მოგიყვებით ამბავს ქალზე, რომელმაც უმძიმესი ყოველდღიური ძალადობისგან თავის დაღწევა შეძლო. ძალადობისგან, რომელსაც არა მხოლოდ მეუღლისგან, არამედ ყველაზე ახლობელი ადამიანებისგან – ოჯახის წევრებისგანაც კი განიცდიდა.
ნარილატამ (სახელი მისი სურვილით შეცვლილია) შეძლო ადამიანურ ცხოვრებას დაჰბრუნებოდა, ამის ძალა კი ისევ საკუთარ თავში იპოვა, რასაც ძალიან კონკრეტული მიზეზებისა თუ ბარიერების გამო, სხვა ძალადობის მსხვერპლი ქალები ვერ ახერხებენ.
ზოგ შემთხვევაში გოგოებს ისევ ეშინიათ ხმის ამოღების, ზოგიერთს წასასველი არსად აქვს და უფრო მეტიც, არიან ქალები, რომლებსაც ძალადობის მძიმე კვალი მთელი ცხოვრება თან სდევთ – მხოლოდ იმიტომ, რომ ჰგონიათ მათი დახმარება არავის შეუძლია.
როგორ დაიწყო პრობლემა
„დედა ყოველთვის ბიჭზე ოცნებობდა. განიცდიდა იმას, რომ ორი გოგო ჰყავდა. ხშირად მომისმენია დედის სიტყვები – ოჯახში ბიჭია მთავარი, ყველაფერი მას ეკუთვნისო. გოგოს სწავლა არ სჭირდება, „გათხოვდება“ და ქმარი შეინახავსო,“ – ნარილატას ისტორიის ეს მოკლე ამონარიდი ნათლად აჩვენებს პრობლემის საწყის სათავეებს, რაც შემდგომში გოგონას დრამატული ცხოვრების გაგრძელების წინაპირობად იქცა.
14 წლის გოგოს მძიმე ყოველდღიურობა
ნარილატა დასთან ერთად იზრდებოდა, ყოველგვარი ოჯახური საქმიანობის პარალელურად, პატარა ძმის აღზრდა ევალებოდა და ბუნებრივია, სრულფასოვანი განათლების პერსპექტივაც ბავშვობაშივე წართმეული ჰქონდა. მძიმე აღსაქმელია, თუმცა, ნარილატას ისტორიაში მთავარი გმირად სწორედ დედა გვევლინება, რომელმაც გოგონას უკეთესი ცხოვრების მომავალი წაართვა. რომ არა თავად ნარილატას ძალისხმევა, ვინ იცის იქნებოდა თუ არა მისი სიცოცხლე დაცული.
ერთ დღესაც, როდესაც ნარილატა დედისგან მორიგი ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა, გოგონამ საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ მამას შესჩივლა, თუმცა შედეგად კიდევ უფრო მძიმე „დასჯა“ მიიღო. „ნარილატა დედამ ათჯერ უფრო მძიმედ და სასტიკად სცემა – მამაშენს რატომ უთხარი, მასთან რატომ მაჩხუბე, შენ ოჯახის მტერი ხარო.“
გოგო თავს დამნაშავედ გრძნობდა, ამიტომ გადაწყვიტა, ამის შემდეგ მამისთვის აღარაფერი მოეყოლა. არც ის უთქვამს, რომ დედა დაქორწინებას აიძულებდა.
„სწავლაში მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა, ამიტომ ცუდი ნიშნები ჰქონდა, რომელთა გამოსწორებასაც უშედეგოდ ცდილობდა. ყოველ საღამოს გაჯიანი იატაკის მორეცხვა ევალებოდა.“
„გათხოვების“ საპირწონე „უზრუნველყოფილი მომავალი“
14 წლის ასაკში გამოჩნდა ბიჭი, რომელსაც ნარილატა მოეწონა. ბიჭი გოგოს თანასოფლელი და უბნელი იყო. მას შეძლებული ოჯახი ჰყავდა, ამიტომ დედის მთავარ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა.
„დედაჩემს მარტო სიმდიდრე და ფული ადარდებდა, ეგონა, რომ ამით ჩემთვის კარგ მომავალს უზრუნველყოფდა“, – ამბობს ნარილატა, რომლისთვისაც ბიჭის შემოსავალი და ქონება არაფერს ნიშნავდა.
დედის მთავარ საზრუნავად ნიშნობის მოწყობა იქცა. „უნდა „გათხოვდე“, ის კარგი ოჯახიდანაა, ფულიანები არიან, კარგ, ლამაზ სახლში იცხოვრებ და კარგად მოგივლიანო“ – ამ სიტყვებით იწყებდა დედა შვილთან საუბარს და თუ მისგან წინააღმდეგობა შეხვდებოდა, ლაპარაკს ცემით ამთავრდებდა.
„მტკიოდა, ძალიან მტკიოდა და ვტიროდი, მაგრამ მაინც ხმამაღლა ვიძახდი, რომ არ მინდოდა“, – ტირილისა და ტკივილისგან დაოსებული გულში იმეორებდა ამ სიტყვებს და ეგონა, რომ მისი ხმა მთელ მსოფლიოს ესმოდა, ქვეყნის ყველა კუთხეში აღწევდა და ადამიანები მის დასახმარებლად შეკრებას იწყებდნენ.
ძალადობის თავბრუდამხვევი ციკლის შემდეგ გამოფხიზლებული ნარილატა აღმოაჩენდა ხოლმე, რომ ისევ მარტო იყო და მის წარმოსახვებს რეალურობისა არაფერი ეტყობოდა. დედას გადაწყვეტილება უკვე დიდი ხნის მიღებული ჰქონდა – მას ნარილატა „პატრონისთვის“ უნდა ჩაებარებინა. 14 წლის გოგომ სახლიდან გაქცევაც სცადა, თუმცა ნარილატამ წნეხს ვერ გაუძლო და ასე გახდა „სხვისი საკუთრება.“
სექსუალური ძალადობის შემთხვევები წინა წელთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა
ნიშნობა, როგორც საკუთრივ მორჩილება
ნიშნობა 2000 წელს, მე-9 კლასის დამთავრებიდან, მეორე დღესვე გაიმართა. მაშინ ნარილატა 15 წლის იყო. პირველ „აკრძლავას“ საქმროს მხრიდან გამოსაშვები საღამოს სამზადისის დროს წააწყდა, როდესაც მომავალმა მეუღლემ გოგოს სკოლის წვეულებაზე ჯერ წასვლა, შემდეგ კი იქ დაყოვნება აუკრძალა.
ამასობაში გოგო 16 წლის გახდა. დაბადების დღე საქმროსა და მისი ოჯახის წევრებთან ერთად გაატარა. „მსმენია, თექვსმეტი წლის დაბადების დღეს გოგოები ისე აღნიშნავენ თავიანთ თანატოლებთან ერთად, როგორც „ტკბილ თექვსმეტს,“ მე კი ჩემი დაბადების დღე ჩემს საქმროსა და მისი ოჯახის წევრებთან ერთად გავატარე. ის მაშინ 23 წლის იყო. საჭმელებს ორი დღე ვაკეთებდით,“ – იხსენებს ნარილატა.
„გათხოვება“ – „პატრონს ჩაბარებული“ არასრულწლოვანი
ნარილატა გვიყვება, რომ „გათხოვების“ შემდეგ, მტანჯველი და ტრაგიკული ცხოვრება დაიწყო. თუმცა, მხოლოდ ერთი რამ შეიცვალა – მას ახალი „პატრონი“ ჰყავდა, რომელიც უკვე ფიქრობდა, რომ სრულად ფლობდა გოგოს სხეულს. მიუხედავად იმისა, რომ ნარილატა მის ასეთ ცხოვრებას დედას აბრალებდა, იგი მაინც ენატრებოდა. მასთან ჩახუტება და ბავშვივით ქვითინი უნდოდა.
„ამ დროს წუთიერად თითქოს დავყრუვდი და თვალებში ნაპერწკლებს ვხედავდი. შემდეგ ყურში ზუილის ხმა მესმოდა. ქმარმა მთელი ძალით ჩამარტყა თავში ხელი. მაშინ პირველად იძალადა ჩემზე ფიზიკურად,“ – იხსენებს ნარილატა, რომელმაც უბრალოდ დედასთან წასვლის სურვილი გამოხატა.
გოგომ დასახმარებლად კვლავ დედას მიაშურა, ეგონა, რომ მისგან მხარდაჭერას იგრძნობდა, როცა ძალადობის შესახებ მოუყვებოდა, თუმცა, ამის ნაცვლად დედამ შვილი გაამტყუნა – ქმარია და რასაც გეტყვის, ის გააკეთეო. ნარილატას ოჯახის ყველა წევრი ქმრის მორჩილებასა და მსახურებას ასწავლიდა.
შეზღუდვები და აკრძალვები ყოველდღიურად უფრო მატულობდა. გოგოს გარეთ გასვლის უფლება არ ჰქონდა, სასწავლებელშიც იშვიათად დადიოდა. ქმარი კოსმეტიკის მოხმარებას უკრძალავდა – არ მოსწონდა, ნარილატა მაკიაჟს რომ იკეთებდა. ვიწრო შარვლის ჩაცმის უფლება არ ჰქონდა, მხოლოდ გრძელ კაბებსა და განიერ, დახურულ ტანსაცმელს ატარებდა.
უიმედო დახმარების მოლოდინში
რამდენჯერმე გოგომ დედასთან დარჩენა სცადა, თუმცა, მისგანაც გაუთავებელი დამცირებისა და შეურაცხყოფისგან შეწუხებული ისევ ქმარს უბრუნდებოდა, რომელსაც შეეძლო ჩაის დასხმის გამოც კი ეჩხუბა ცოლთან.
„ყურის უკან უყვარდა დარტყმა, სახეშიც შეეძლო დაერტყა, მაგრამ მე კი არ მზოგავდა, უბრალოდ, სახეში რომ დაერტყა, გამისივდებოდა და ხალხი ნახავდა.“
„წყვილს“ რამდენიმე წელი შვილი არ უჩნდებოდა. უშვილობაც ნარილატას დაჰბრალდა, ამიტომ ახალგაზრდა ქალს სხვადასხვა ექიმთან დაატარებდნენ და უამრავ წამალს ასმევდნენ. ნარილატამ ამდენ ძალადობასა და დამცირებას ვეღარ გაუძლო და თავის მოკვლაზე დაიწყო ფიქრი. 6 თვის ფეხმძიმე იყო, პირველად სუიციდი რომ სცადა…
უფროსი ვაჟი ჯერ კიდევ 4 წლის იყო, როდესაც ბალიშებს ესროდა მამამისს, რათა დედა ძალადობისგან დაეცვა. დეპრესიის გამო ნარილატას ფსიქოლოგთან სიარული დასჭირდა. ამას მისი ჯანმრთელობის გაუარესებაც დაემატა. „სარკეში ვიყურებოდი და ჩემს თავს ვერ ვხედავდი – ეს დღეც დადგა“, – იხსენებს მძიმე ისტორიის მთავარი გმირი.
სიკვდილის ფერი
ნარილატა ოჯახმა ექიმთან მხოლოდ მას შემდეგ წაიყვანა, როცა ტკივილებმა იმატა და გოგოს გადაადგილებაც გაუჭირდა – უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს.
„მაშინ პირველად ამ წლების განმავლობაში ჩემი ქმრის თვალებსა და სიტყვებში სინანული დავინახე“, – ამბობს ნარილატა, რომელმაც მკურნალობაზე კატეგორიული უარი განაცხადა, სიკვდილს ნატრობდა, რომელიც მისი მძიმე ცხოვრებიდან თავის დაღწევის ერთადერთ გამოსავლად ეჩვენებოდა.
ავადმყოფობის დროს ქმარი და ოჯახის წევრები მზრუნველობას იჩენდნენ და პატივისცემით ექცეოდნენ – გოგონა პირველად ხედავდა მათ თვალებში შიშს, რომელსაც სიკვდილის ფერი ჰქონდა.
გოგოს გამოჯანმრთელების შემდეგ, 2017 წელს ნარილატა ქმართან და შვილებთან ერთად საცხოვრებლად ახალ ბინაში გადავიდა, რომელიც მეუღლის მშობლების მეზობლად მდებარეობდა.
გოგოს ეგონა, რომ საცხოვრებლის შეცვლა მისი ქმრის ხასიათის ცვლილებასაც გამოიწვევდა, მაგრამ შეცდა – „ქმრის სასტიკმა ხასიათმა ახალ ბინაშიც ისევ იჩინა თავი, კვლავ საშინლად ეჭვიანი იყო და მუდმივად მაკონტროლებდა“, – ამბობს ნარილატა და მორიგ ძალადობას იხსენებს, რომელიც ახალ ბინაში გადასვლიდან მალევე მოხდა.
დაუსრულებელი ძალადობა
„თვალებში დაუბნელდა – ქმარმა მხრებში ხელი მოჰკიდა და ცხვირში თავი ჩაარტყა. ერთხელ უარის თქმა რატომ არ აღმოჩნდა შენთვის საკმარისიო?!“– უთხრა კაცმა, რითაც თავისი ქმედების გამართლებას შეეცადა. ასეთი იყო მისი პასუხი ცოლის დაუმორჩილებლობაზე.
„მისი სისხლი და ცრემლი იატაკს ეწვეთებოდა…“ – ამ დროს ნარილატას დედას პირველად გაუჩნდა შვილის დაცვის სურვილი. მან თავისი თვალით ნახა ნაცემი შვილი, რომლის სხეულიც მტკიცებულებებს ინახავდა.
“ყველა მსხვერპლს აქვს იმედი, რომ მოძალადე შეიცვლება, მაგრამ ილუზიაა”
როდესაც ნარილატამ ტანსაცმლის ჩალაგება დაიწყო, ქმარმა პატიება სთხოვა – „გამოვსწორდები და ყველაფერს შეგისრულებო.“ მომდევნო ძალადობის შემთხვევები სულ უფრო მძიმე იყო. ერთ დღეს ნარილატამ საავადმყოფო ნაღრძობ თითზე დამაგრებული დროებითი პროტეზითაც დატოვა – ამის მიზეზიც მისი ქმარი იყო.
გამოსავლის ძიების მცდელობა
ერთ დღესაც ნარილატამ თავის ქმარს უთხრა, რომ იურისტებთან გადიოდა კონსულტაციებს და თუ ხელს დააკარებდა, აუცილებლად უჩივლებდა. ამან კაცი ცოტა დააფრთხო და შეაშინა. მას შემდეგ ქმარი ბრაზს მხოლოდ ყვირილითა და გინებით გამოხატავდა, თუმცა ცოლის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ვეღარ ბედავდა.
„გაშმაგებული დადიოდა ოთახებში და ოთახში დამონტაჟებულ მოსასმენ, ხმის ჩამწერ აპარატს ეძებდა,“ – იხსენებს ნარილატა. გოგო მალევე მიხვდა, რომ ახლა დრო იყო ყველაფრისთვის წერტილი დაესვა.
„რას ჰქვია, შენს ქმარს პატრული გამოუძახე, ამაზე უარესს ქალი ვერაფერს გააკეთებსო,“ – ეს გოგოს მოქმედებაზე ოჯახის წევრების პასუხი იყო.
პოლიციამ მოძალადე ქმარს ერთთვიანი შემაკავებელი ორდერი გამოუწერა და ნარილატასთან მიახლოება აუკრძალა. ცოლის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიებაც დაიწყო. შემდეგი რამდენიმე თვე ნარილატასთვის რთული აღმოჩნდა. მთელი ეს პერიოდი ახალგაზრდა ქალმა სამართლებრივ პროცესებში გაატარა, თუმცა, ეს ბრძოლა მისთვის გადამწყვეტი და შედეგიანი აღმოჩნდა.
ბრძოლა გამბედაობისთვის
ნარილატა უკვე 35 წლისაა და შვილებთან ერთად ცხოვრობს. „ახლა ის დრო დადგა, როცა ცხოვრებას ვაგრძელებ,“ – ამბობს ნარილატა. საცხოვრებლიდან კუთვნილი წილიც მიიღო, ხოლო ყოფილ მეუღლეს ბავშვების სასარგებლოდ ალიმენტის გადახდაც დაეკისრა. „ახლა აღარ მეშინია იმ ადამიანის, რომლის წინაშეც ვკანკალებდი, ყველა შეიცვალა,“ – ამბობს ნარილატა, რომელმაც თავის დაცვა და კანონები ისწავლა.
„იმედი მაქვს, აწი სულ გამეცინება, აღარ მინდა მეტი ნერვიულობა, დაძაბულობა, სტრესი, ტირილი. აღარ მინდა სახლში გამოკეტილი ვიყო, აღარ მინდა ძალადობაში ცხოვრება.“– ამბობს ნარილატა და ქალებს – ბრძოლისა და გამბედაობისკენ, ოლო სახელმწიფოს – მათი დაცვისკენ მოუწოდებს.
სტატიაში გამოყენებულია ისტორია ექსპერტისა და ეროვნული კონსულტანტის – ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებში, გოგა ხატიაშვილის წიგნიდან – “გამბედაობა – ახალგაზრდა ქალების ამბები ბავშვობის ასაკში და იძულებითი ქორწინების შესახებ.”