LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექსუალური ძალადობის შემთხვევები წინა წელთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა

127
BeFunky-collage (1)

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყენებს.

ანგარიში სიმბოლურად ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სქესობრივი დანაშაული, აბორტის იძულება, იძულებითი ქორწინება და ადრეული ქორწინება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სექსუალური ძალადობის შემთხვევები 2021 წლის იანვრის მონაცემებით წინა წელთან შედარებით 5%-ით გაიზარდა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სექსუალური ძალადობა კვლავ რჩება გენდერული ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე, დაფარულ და დაუსჯელ ფორმად.

“არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტები და მძიმე თანმდევი შედეგები ცხადყოფს, რომ პრობლემურია 16 წლამდე გოგონების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის გამოძიება და დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია. სექსუალური ძალადობის მძიმე შემთხვევები მოითხოვს სახელმწიფოსგან მსგავსი დანაშაულების პრევენციაზე აქტიურ მუშაობას. ხოლო, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი უწყებების მხრიდან აუცილებელია სწრაფი, ეფექტიანი გამოძიების წარმოება, ასევე სექსუალური ძალადობის მსხვერპლების, განსაკუთრებით კი არასრულწლოვანი დაზარალებულების შესაბამისი ქმედითი დაცვისა და დახმარების სერვისებით აღჭურვა”.- ნათქვამია განცხადებაში.

საია იძულებითი ქორწინებისა და ადრეული ქორწინების პრობლემაზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ მათ მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით ქვემო ქართლში 2016-2019 წლებში იძულებითი ქორწინების ფაქტებზე გამოძიების დაწყების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით, ასევე უფრო ხშირად ვაწყდებით ნიშნობის იძულების პრაქტიკასაც.

გარდა ამისა, საია აცხადებს, რომ იძულებითი აბორტის საკითხი საქართველოში დღემდე არ არის კანონმდებლობით რეგულირებული და სისხლის სამართლით დასჯადი ქმედება მიუხედავად იმისა, რომ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებით ვალდებულებია აღებული.

„იძულებითი აბორტი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებით დაცული უფლებების სფეროში ექცევა. იძულებითი აბორტი, ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ერთ-ერთ რთულ ფორმადაა მიჩნეული ე.წ. სტამბოლის კონვენციის 39-ე მუხლით. სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებით აღებული ვალდებულების მიუხედავად, იძულებითი აბორტის საკითხი დღემდე არ არის კანონმდებლობით რეგულირებული და სისხლის სამართლით დასჯადი ქმედება. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ კანონმდებლობაში რაც შეიძლება სწრაფად აისახოს სტამბოლის კონვენციის მოთხოვნები, ცვლილებები შევიდეს სისხლის სამართლის კოდექსში და მოხდეს იძულებითი აბორტისა და აბორტის იძულების შემთხვევების კრიმინალიზება“. – ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები