LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლო საავადმყოფოში დასრულდა: ჯიშკარიანს 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

204
page

“ქართული ოცნების” დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, რომელსაც ასისტენტი სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, სასამართლომ 10 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

ამასთან მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჯიშკარიანს მოწმეებთან ნებართვის გარეშე კომუნიკაცია და დაზარალებულ თამთა თოდუასთან მიახლოება აეკრძალა.

სასამართლო პროცესი “ნიუ ჰოსპიტალსში” გაიმართა. გადაწყვეტილება ამის შესახებ მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ექიმის რეკომენდაციის შემდეგ მიიღო.

როგორც მკურნალმა ექიმმა გიორგი კორძახიამ განაცხადა, ბრალდებულმა კლინიკას კორონალური სინდრომის გამწვავებით მიმართა. ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ახალი პრეპარატების გამო, ჯიშკარიანმა კლინიკის ტერიტორია არ უნდა დატოვოს. 

ჯიშკარიანის დიაგნოზი - რის გამო მოხვდა ეჭვმიტანილი დეპუტატი საავადმყოფოში

სწორედ ამიტომ დღევანდელი სასამართლო პროცესი კლინიკაში მიმდინარეობს.

“დაგვჭირდა ახალი მედიკამენტის დამატება, რაც გახანგრძლივებულ ჰოსპიტალიზაციას განაპირობებს.

რაც შეეხება იმას თუ როდის დატოვებს კლინიკას, სავარაუდო თარიღად შემიძლია გითხრათ 2-3 დღე, მაგრამ ახალი გარემოების შემთხვევაში, ჩვენი მიდგომა შეიცვლება. სასამართლოს მიმართ რეკომენდაცია იყო, რომ პაციენტი კლინიკის ტერიტორიაზე უნდა იყოს, რადგან ჰოსპიტალიზაციის პირობებში საავადმყოფოს დატოვების რეკომენდაციას ვერ გავცემდით”, – ამბობს ექიმი გიორგი კორძახია.

 

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. მას თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას და ცემას ედავებიან (სსსკ-ის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით).

როგორც დაზარალებული ყვება, შემთხვევა გასულ ორშაბათს, სამუშაო საათებში მოხდა, როცა ოფისში სხვა პირები არ იმყოფებოდნენ: 

“კარიაული და ფეიქრიშვილი რომ წავიდნენ, რამდენიმე წუთის შემდეგ მეუბნებოდა მოდი ჩაგეხუტო და მალევე მივხვდი, რომ ეს არ იყო მეგობრული ჩახუტება. ვცდილობდი დამეღწია თავი – ვეუბნებოდი, ბატონო ილია, რას შვებით გამიშვით ხელი, რაზეც მისი პასუხი იყო, რატომ არ გსიამოვნებს? ამ დროს დავინახე მობილური ტელეფონი, და მოვატყუე რომ ვიღებდი ამ ყველაფერს. ეს რომ გაიგო ცდილობდა ტელეფონი წაერთვა. როგორც ჩანს, დაიჯერა რომ მართლა ვიღებდი. ამის შემდეგ მე გამეშვა და უშუალოდ ტელეფონზე გადაერთო, ამ ძიძგილაობაში დამაგდო ძირს და მცემა, ხელითაც შემეხო და ფეხითაც, ამის შემდეგ რამდენჯერმე დააგდო ტელეფონი. შემდეგ მეუბნებოდა, აბა სად არის შენი მტკიცებულებები? სად არის შენი ტელეფონი?”

საქმეში ჩაერთო სახალხო დამცველიც.

ომბუდსმენი დეპუტატის მიერ სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე განცხადებას ავრცელებს

თამთა თოდაძის უფლებადამცველები გირაოს შესახებ მოთხოვნას აპროტესტებდნენ. ბაია პატარაია აცხადებს, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა მძიმე დანაშაულზე პროკურატურა მოსამართლეს საშუალებას არ აძლევს, თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

დაზარალებულის ადვოკატი აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რადგან აცხადებს, რომ ბრალდებულს მოწმეებზე ზემოქმედების შესაძლებლობა აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები