LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასულიერო პირის სტატუსი არ იძლევა უფლებას, რომ ვინმეს დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით ჯავშანი ჰქონდეს: სარჯველაძე მელაშვილსა და “მთავარი არხზე” თავდასხმის ფაქტს ეხმაურება

63
მიხეილ სარჯველაძე

“ქართული ოცნების” წევრი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ფიქრობს, რომ ივერი მელაშვილსა და ტელეკომპანია „მთავარის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობა უპირობოდ დასაგმობია, თუმცა, მისივე თქმით,  ეს შემთხვევა საჭიროებს გამოძიებას, რომ არასწორი დასკვნებისთვის რაიმე მიზეზი არ არსებობდეს.

“არაფრის დიდებით არ არის დასაშვები არც თავდასხმა, არც პროვოცირება,” – განაცხადა სარჯველაძემ.

ჟურნალისტების დასმულ შეკითხვაზე კი – რატომ არ დაიბარეს გამოკითხვაზე კონფლიქტში მონაწილე სხვა პირებისგან განსხვავებით სასულიერო პირები, სარჯველაძემ უპასუხა, რომ ამასთან დაკავშირებით  ინფორმაცია არ აქვს.

„მედიაზე თავდასხმა რასაკვირველია, დასაგმობია, ვგმობთ და ეს არის უპირობოდ დასაგმობი, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ეს შემთხვევა აუცილებლად საჭიროებს გამოძიებას და შესწავლას იმისთვის, რომ არ არსებობდეს რაიმე მიზეზი არასწორი დასკვნებისთვის.

არაფრის დიდებით არ არის დასაშვები არც თავდასხმა, არც პროვოცირება, არც ერთი ქმედება, რომელიც მიმართულია კონფლიქტის გამოწვევისკენ. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა საზოგადოებაში. ფაქტია, რომ როცა ადამიანებს შორის კონფლიქტი ხდება, იქ შეიძლება იყოს პროვოკატორი, მოძალადე ნებისმიერი მიმართულებიდან. კონფლიქტი რთული ფენომენია და ამას სჭირდება კარგად შესწავლა,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი აზრით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სასულიერო პირის სტატუსი არ იძლევა უფლებას, რომ ვინმეს  დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით ჯავშანი ჰქონდეს.

“თუ საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებზე ინფორმაციას ფლობს მათ შორის, სასულიერო პირი, ის ვალდებულია ამის თაობაზეინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს მიაწოდოს და ითანამშრომლოს.

სასულიერო პირებს აქვთ კონსტიტუციით გარანტირებული ჯავშანი სხვა საკითხებზე, რომელიც უკავშირდება აღსარების საიდუმლოებას და ა.შ. ეს სხვა შემთხვევაა,“ – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ. ივერი მელაშვილის განცხადებით, სასულიერო პირები, რომლებიც დავით-გარეჯში „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და მას თავს დაესხნენ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g