LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სათანადოდ არ ჩაკეტა სატრანსპორტო საშუალების კარები“ – პატიმრების გაქცევის საქმეზე საბადრაგო ჯგუფის უფროსს ბრალდება წარუდგინეს

160
Untitled design

1 ნოემბერს, „ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული 3 პატიმრის საქმეზე, ბადრაგირებისას მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევის ფაქტზე პროკურატურამ საბადრაგო ჯგუფის უფროსს ბრალდება წარუდგინა.

გაქცეული პატიმრების საქმეზე ბადრაგი დააკავეს

პროკურატურის ინფორმაციით, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა ბადრაგირების დადგენილი წესი არ შეასრულა:

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 ნოემბერს, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო ჯგუფმა, N15 პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისში მდებარე „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევის მიზნით ექვსი მსჯავრდებული გადაიყვანა.

ბადრაგირების განხორციელებისას, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა არ შეასრულა ბადრაგირების დადგენილი წესი, მსჯავრდებულები დატოვა მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე და სათანადოდ არ ჩაკეტა სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარები.

აღნიშნულით ისარგებლა სამმა მსჯავრდებულმა, რომლებმაც ღია კარებებიდან დაუბრკოლებლად დატოვეს სატრანსპორტო საშუალება და მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა საბადრაგო ჯგუფის უფროსი 2 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისათვის, 1 ნოემბერს თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე „ავერსის“ კლინიკიდან გამოკვლევებზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა. ბადრაგი, რომელსაც მათი მეთვალყურეობა ევალებოდა, 2 ნოემბერს დააკავეს. დაკავებულია ასევე სამივე პატიმარი.

ბრეგაძე: „კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმარი თბილისთან ახლოს დააკავეს – ახალი დანაშაულისთვის მათ დამატებით 6-იდან 8 წლამდე პატიმრობა დაეკისრებათ“

magti 5g