LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საუზმიდან ბავშვმა დღიური რაციონის 16-20 % უნდა მიიღოს“ – პედიატრი თამარ ობგაიძე ბავშვის დღის იდეალური კვებითი რაციონის შესახებ საუბრობს

437
page

როგორი უნდა იყოს ბავშვის დღის იდეალური კვებითი რაციონი, უნდა იყოს თუ არა პური და შოკოლადი მენიუში, როგორ მოვიქცეთ, თუკი ბავშვი არ ჭამს ხილსა და ხორცს –  აღნიშნულ თემებზე „ფორტუნასთან“ პედიატრმა თამარ ოგბაიძემ ისაუბრა.

დაბადებიდანვე საუკეთესო საკვები არის დედის რძე, 6 თვიდან კი დამატებითი კვება ირთვება. 1 წლის ასაკიდან  ბავშვი უკვე გადადის საერთო მაგიდაზე, ის მიირთმევს ყველაფერს, თუმცა არის გარკვეული შეზღუდვები, ეს ეხება მარილსა და შაქარს. 2 წლამდე მიზანშეწონილია, რომ მარტივი შაქარი ბავშვმა საერთოდ არ მიიღოს.  ერთი წლის ზემოთ ასაკის ბავშვებთან, პირველ რიგში, ვითვალისწონებთ, რამდენი კალორია ეკუთვნის მას. 2-3 წლისთვის საშუალოდ 1000 კკ, 4-დან 8 წლამდე 1200-1400 კკ.

კვების ძირითადი პრინციპები, რაც უნდა გვახსოვდეს არის შემდეგი: კერძების დასამზადებლად უნდა გამოვიყენოთ დაბალი ცხიმიანობის შემცველი პროდუქტები, შეზღუდული რაოდენობის შაქარი. რაციონში უნდა შედიოდეს რძე, ის კალციუმის წყაროა.

საკვების 4 ჯგუფიდან გვჭირდება თითო პროდუქტი, ეს არის ხილი და ბოსტნეული, პურეული, მარცვლეული, რძე, რძის ნაწარმი, კვერცხი, ხორცეული, თევზი, პარკოსნები, თხილეული, თესლეული.

რეჟიმი: სამჯერადი კვება და ორი წახემსება.

საუზმე: საუზმის გამოტოვება არაფრით არ შეიძლება, საუზმიდან ბავშვმა დღიური რაციონის 16-20  პროცენტი უნდა მიიღოს. მაგალითად, ფაფები, რძე, კვერცხი, თაფლი, ნაკლებად ტკბილი ჯემი.

სადილი: ბოსტნეული,  სალათი, წვნიანი, პურის ნაჭერი, ასევე, ცილოვანი პროდუქტები, თევზეული, ხორცეული, რძის პროდუქტებიდან ყველი, ნადუღი, პარკოსნები, ასევე ხილი.

ვახშამი: მას დიდი ყურადღება ენიჭება, ეს არის პერიოდი, როცა ოჯახის წევრები ერთმანეთს ხვდებით, ოჯახის წევრებთან ერთად კვება ბავშვის კვებითი უნარების ჩამოყალიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად რძის პროდუქტები, ორცხობილა, გამომცხვარი ხილი, ბურღულეული.  დაძინებამდე 2 საათით ადრე იქნება უმჯობესია ვახშმის მიცემა ბავშვისთვის.

არ შეიძლება ბავშვისთვის საჭმლის დაძალება, ეს ხდება ძირითადად 2 წლის ასაკში, როდესაც ბავშვს აქვს პირველადი სიჯიუტის პერიოდი, თვითდამკვიდრების ეტაპი, ამიტომ, ამ დროს დაძალება მიუღებელია, ამას სჯობს წახალისება, ჩართვა საკვების მომზადების პროცესში. იყიდეთ ერთად საკვები პროდუქტები, დააინტერესეთ ამით. მათ ძალიან მოსწონთ პროცესში ჩართულობა. თუკი მშობელი ჯანსაღად იკვებება,  შვილსაც ანალოგიური ჩვევები გამომუშავდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები