პოლიტიკური სპექტრი მსჯელობს – ვინ შეცვლის ეკატერინე ტიკარაძეს. განცხადებები კეთდება წასვლის მიზეზებზეც, ჯანდაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა გადაწყვეტილების კონკრეტულ მოტივებზე საუბარი არ ისურვა, დეპუტატები კი მხოლოდ ვერსიებს განიხილავენ.

ოპოზიცია კვლავ ტიკარაძის კომპეტენციას აკრიტიკებს.

აღნიშნულ თემაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ ისაუბრა.

სერგო ჩიხლაძემ ტიკარაძის მინისტრობის პერიოდი შეაფასა და აღნიშნა, რომ ბევრი შეცდომა იყო დაშვებული.

კობახიძე, თალაკვაძე, სერგეენკო – ვინ სახელდება ტიკარაძის შემცვლელად და ვინ თქვა უარი ჯანდაცვის მინისტრობაზე

„510-ე დადგენილება სწორედ მისი მინისტრობის პერიოდში იქნა მიღებული. უსამართლო ტარიფიკაცია ასე რომ დავარქვათ, საყოველთაო ჯანდაცვის ელემენტებით რომ დავიწყოთ, აქ იყო მისი ყველაზე პირველი, სკანდალური გადაწყვეტილება, შემდეგ არის უკვე პანდემიის პერიოდი. პანდემიის პერიოდში შეიძლება ითქვას, რომ ჯანდაცვის ყველა ის პრობლემა, რაც მანამდეც არსებობდა და ვერ მოგვარდა ბოლო ათწლეულებია, იგივე პირველადი ჯანდაცვა, მომსახურების ხარისხი, დაფინანსების მეთოდი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სხვადასხვა ელემენტები და ა.შ კიდევ უფრო გამძაფრდა.

პანდემიის 22-ე თვე მიმდინარეობს უკვე პირველი შემთხვევიდან, ძალიან ბევრი არასწორი, არადროული გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ყველაფერი იზომება შედეგებით, ყველაფრის გაზომვა შეიძლება მათ შორის მინისტრის საქმიანობის ეფექტურობის.

შედეგები თავისთავად მეტყველებს, რომ არაეფექტური იყო მთლიანად მისი მოღვაწეობა, ნუ არაფერს ვამბობ იმაზე, რომ 70% აუცრელი გვყავს მოსახლეობის და ძალიან მძიმე ზამთარი გველოდება.

ვერ ვიტყვით, რომ მისი მოღვაწეობის დროს რაიმე მიმართულებით მაინც ეფექტური იყო მისი მუშაობა, ან რაღაცაში თავი გამოიჩინა.

აქვე ვიტყვი, გუშინ განცხადება რომ გააკეთა გადადგომის შესახებ, ისაუბრა ყველაფერზე, მაგრამ არ ისაუბრა არცერთ გამოწვევაზე, არცერთ პრობლემაზე, არცერთ გადაუჭრელ საკითხზე და 2 მიმართულება დაასახელა მისი წარმატების, რითიც ამაყია.

ერთი ეს არის სოციალური კოდექსი, რომელიც მან ახსენა, ჯერ მიღებულიც არ არის, ეს არის უბრალოდ ქაღალდზე დაწერილი სიტყვები, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს სოციალური სფერო სამომავლოდ და რა უნდა გაკეთდეს.

და მეორე, სახელმწიფო ჰოლდინგის ჩამოყალიბება, რომელშიც რამდენიმე კლინიკა შედის და აქაც საოცრებაა პირდაპირ ეს წარმატებად გაასაღო.

ტიკარაძის გადადგომის მიზეზი სავარაუდოდ, კოვიდგადატანილებისთვის მწვანე პასპორტში ვადის განსაზღვრის საკითხია: ივანე ჩხაიძე

ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ეკატერინე ტიკარაძეს – ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატებზე მხოლოდ ვარაუდები ისმის. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, რომ გუნდში კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. თქვენ რა ვერსიებს განიხილავთ?

ვიცით, რომ ტიკარაძის კომპეტენციას ხშირად აკრიტიკებდა ოპოზიცია.

საინტერესოა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, თქვენი შეფასებით, რომ დაიკავოს ჯანდაცვის მინისტრის პოსტი?

„რა თქმა უნდა ადამიანი უნდა იყოს პროფესიონალი თავისი საქმის, ანუ უნდა ერკვეოდეს ჯანდაცვის სისტემაში ზოგადად, როგორ შეიძლება მისი გაუმჯობესება, ჯანდაცვის სისტემის ხედვა უნდა ჰქონდეს, პოლიტიკა როგორი უნდა იყოს, რა ცვლილება რა შედეგს გამოიღებს.

პროგრამების მართვის გამოცდილება უნდა ჰქონდეს, მენეჯმენტის გამოცდილება, და სურათის დანახვა უნდა შეეძლოს ჯანდაცვაში.

ჯანდაცვა მხოლოდ ჯანდაცვა არ არის, ჯანდაცვა მჭირდოდ არის ინტეგრირებული ეკონომიკაში, სხვადასხვა სფეროებში. აი ამ დიდი სურათის დანახვა უნდა შეეძლოს, აი ასეთი გაქანების ადამიანი უნდა იყოს მინისტრი.

კარგი პროფესიონალიც რომ დანიშნოს „ოცნებამ“, რისი დიდი ეჭვიც მაქვს, დიდი მნიშვნელობა ექნება მთელი სამთავრობო გუნდის მხარდაჭერას, ჩართულობას.

და რაც მთავარია გადაწყვეტილებების მიღების გამჭვირვალობა.

მან შეუერთა თავისი ხმა ჩემი კლინიკაში გადაყვანის მსურველებს – მადლობა ტიკარაძეს, რომ შეინარჩუნა ადამიანობა: მიხეილ სააკაშვილი

ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა კომპეტენციებთან ერთად იყო ის, რომ არ ვიცოდით ვინ რაზე იყო პასუხისმგებელი, იგივე საკოორდინაციო საბჭოში, რაღაც გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ და არავინ არ იცის, ვინ რა მიმართულებაზეა პასუხისმგებელი, ვინ არის ვაქცინაციაზე, ვინ ჰოსპიტალურ სექტორზე, ვინ მარაგების შევსებაზე და ა.შ

აი ეს კომპეტენციები, პასუხისმგებლობები არასდროს არ იყო გამიჯნული და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება.

ანუ პიროვნულ თვისებებთან და პროფესიულ თვისებებთან ერთად დიდი მნიშვნელობა ექნება როგორი სისტემა ექნება აწყობილი, როგორ იფუნქციონირებს მართვის ეს სისტემა, რაც, რა თქმა უნდა, ხარვეზოვანია და ყოველდღიურად ვრწმუნდებით, უკვე მე-10 წელია „ქართული ოცნების“ პირობებში, სამწუხაროდ, ეს არ უმჯობესდება და უფრო დახურული და დახურული ხდება ეს სისტემა,“-აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

მინისტრი ავტომობილის გარეშე – რა ქონებით მოვიდა და ტოვებს პოსტს ეკატერინე ტიკარაძე

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები