შატილის მიმართულებით 18 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე 18 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებული გზა მდ. არაგვის სანაპიროს მიუყვება და მთავრდება სოფელ კორშას შესასვლელემდე.

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზა ერთადერთია, რომელიც ცენტრალურ რეგიონს აკავშირებს შატილთან და პირიქითა ხევსურეთთან.

აღნიშნულ მონაკვეთს 40 წელია არ ჩატარებია რეაბილიტაცია და გზა დაზიანებული იყო.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 18 კმ. სიგრძის გზას, გაუმჯობესდა გზის ტექნიკური პარამეტრები, შეკეთდა ხელოვნური ნაგებობები.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 10 191 000 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე 9 ხიდის მშენებლობა გრძელდება.

ამასთან, შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება სხვა მონაკვეთებზეც. ამ დროისათვის, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე, მიმდინარეობს 16 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.

საერთო ჯამში, შატილის მიმართულებით 12 პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება 86 კმ. გზა და მშენებლობა-რეაბილიტაცია ჩაუტარდება 15 ხიდს. ამ პროექტების განხორციელებას 59 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.