LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეკრებილი ადამიანების რაოდენობამ არაფერი დამანახა, სჯობდა უგულავას არ ეღრიალა წიქარასავით – ვოლსკი

300
1

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აქციაზე გიგი უგულავას გამოსვლას ეხმიანება და ამბობს, რომ “სჯობდა, გიგი უგულავას საერთოდ არ ელაპარაკა, არ ეღრიალა წიქარასავით”.

მისივე თქმით, თუ უგულავას ექიმმა რეკომენდაცია მისცა, მისი რენომესთვის სჯობდა არ მიეცა, რადგან სისულელეები ილაპარაკა:

“სჯობდა, ეს არ მომხდარიყო მისთვის და მისი პოლიტიკური პარტიის თუ პოლიტიკური გემოვნების ინტერესებიდან გამომდინარე. დაარღვია თუ არა კოვიდრეგულაციები, ეს არ ვიცი.” – ამბობს ვოლსკი.

გია ვოლსკი აქციაზე მისული მოქალაქეების რაოდენობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ აქციაზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობამ არაფერი დაანახა:

“აქციაზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობამ არაფერი დამანახა, არსებობს გაცილებით მეტი რაოდენობის ადამიანი, რომელთაც ფეხი დააბიჯეს ღირსებაზე, ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და სისხლი ადინეს.

საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და 14-15 ათასი ადამიანი შეიკრიბება, თუ როგორც რუსულმა მედიამ აღნიშნა – 100 ათასი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს საკითხის არსს და ეს არსი არ იცვლება, მიხეილ სააკაშვილი არის მთელ რიგ საკითხებში დამნაშავე, მის ირგვლივ მთელი საკითხები კიდევ არის განსახილველი და კიდევ უამრავი საკითხია, რომელზეც მას სამართლებრივი პასუხი არ მოსთხოვია.

აქედან გამომდინარე, ყველას პატივი უნდა ვცეთ, ვისი პოლიტიკური მხარდამჭერიც არ უნდა იყოს, მაგრამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თავს ვერ მოვახვევთ სასამართლოს, ასეთი დამოკიდებულებაც რომ იყოს. მეორე საკითხია ის, რომ ბევრს საუბრობენ შერიგებაზე, ურთიერთჩახუტებაზე და ამავე დროს ჯოჯოხეთისკენ მიგვითითებენ გზას, – თქვა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, 14 ოქტომბერს, ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე მოქალაქეებს სხვადასხვა პოლიტიკოსმა მიმართა, მათ შორის გიგი უგულავამ.

გუშინვე დაისვა კითხვა, უნდა მისულიყო თუ არა გიგი უგულავა აქციაზე, რადგან მას 7 ოქტომბერს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამაზე მოგვიანებით პოლიტიკოსმა განმარტება გაავრცელა და დაწერა, რომ სიმპტომები აღარ აქვს, აღარც გადამდებია, სწრაფმა ტესტმაც უარყოფითი აჩვენა და ექიმთან კოსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა აქციაზე ყოფილიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები