არსებობს ფილმები, არსებობს კარგი ფილმები და არსებობს ამერიკის კინოაკადემიის რჩეული ფილმები, რომელთა შესახებაც სტატიაში ვისაუბრებთ – „ოსკარის“ ტრიუმფატორები, რომლებმაც უამრავი ოქროს ქანდაკება მოიპოვეს და არანაკლებ კარგი ფილმები ჯილდოს გარეშე დატოვეს. მაშ ასე: თქვენს წინაშეა ყველაზე ოსკაროსანი ფილმების შესანიშნავი ხუთეული.

„ბეჭდების მბრძანებელი“ – „მეფის დაბრუნება“ – 11 „ოსკარი“

პიტერ ჯექსონის ჯ.რ.რ. ტოლკინის ტრილოგიაზე დაფუძნებული შედევრის მესამე ფილმი 11 „ოსკარის“ მფლობელია. ამ მაჩვენებლით „მეფის დაბრუნება“ „ტიტანიკსა“ და „ბენ ჰურთან“(1959) ერთად, „ოსკარების ყველა დროის ლიდერია. თუმცა განსხვავებით „ტიტანიკისა“ და „ბენ ჰურისგან“, „მეფის დაბრუნებას“ 100%-იანი შედეგი აქვს- ფილმმა მოიგო ყველა ნომინაცია, რაზეც წარდგენილი იყო.

2003 წელს „ბეჭდების მბრძანებელი“ – „მეფის დაბრუნება“ გამარჯვებული გახდა ნომინაციებში: წლის ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ადაპტირებული სცენარი, საუკეთესო კოსტიუმები, დეკორაციები, მონტაჟი, მუსიკალური გაფორმება, ორიგინალური სიმღერა, მაკიაჟი, ვიზუალური ეფექტები და ხმოვანი ეფექტები.

„ტიტანიკი“ – 11 „ოსკარი“

ჯეიმს ქემერონის ყველასთვის საყვარელი მელოდრამა თავისი დროის ნამდვილი ჰიტი იყო და პოპულარობას არც დღეს კარგავს. მდიდარი კეთილშობილი გოგონას, როუზის და მოხეტიალე მხატვრის, ჯეკის სიყვარულის ისტორია, რომელიც საყოველთაოდ ცნობილი „ტიტანიკის“ ბორტზე ვითარდება, გულგრილს მართლაც ვერავის დატოვებდა. „ტიტანიკმა“ 11 ოსკარი დაიმსახურა 14 ნომინაციიდან, მათ შორის მთავარი ჯილდოები წლის ფილმის და რეჟისურისთვის. აღსანიშნავია, რომ იმ 3 ნომინაციიდან, რომელთა მოგებაც „ტიტანიკმა“ ვერ შეძლო, ერთ-ერთი ქალის მთავარი როლი იყო. ქეით უინსლეტს მაშინ  ჰელენ ჰანტმა აჯობა ფილმში „უკეთესი არ არსებობს“ შესრულებული როლით.

„ბენ ჰური“ (1959) – 11 „ოსკარი“

ებრაელი და რომაელი მეგობრების მეგობრობის, ღალატის და რევანშის წყურვილის ისტორია დღემდე გამორჩეულ ადგილს იკავებს კინოკლასიკის სხვა თვალსაჩინო სურათებს შორის. „ბენ ჰური“ „ოსკარის“ 12 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, საიდანაც 11-ში გაიმარჯვა. მათ შორის იყო ნომინაციები: წლის ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი და მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი მამაკაცი. ერთადერთი ნომინაცია, რომელშიც „ბენ-ჰურმა“ პირველობა დათმო, საუკეთესო ადაპტირებული სცენარი იყო. აღნიშნულ ნომინაციაში გაიმარჯვა ბრიტანულმა ფილმმა „ზედა ოთახი“ / Room at the Top.

„ვესტ საიდური ისტორია“ – 10 „ოსკარი“

რომეოს და ჯულიეტას ამბით ინსპირირებული სიყვარულის ისტორია ამჯერად ნიუ-იორკის ორი დაპირისპირებული ბანდის წევრებს აკავშირებს. „ვესტ საიდური ისტორია“ 60-იანი წლების ნამდვილი ჰიტი გახდა და ის ამერიკის კინოაკადემიამაც სათანადოდ დააფასა. ფილმს „ოსკარის“ 11 ნომინაცია და 10 ოქროს ქანდაკება ერგო, მათ შორის მთავარ ნომინაციებში: წლის ფილმი, წლის რეჟისორი, საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი და მამაკაცი…  „ბენ ჰურის“ მსგავსად, „ვესტ საიდურმა ისტორიამაც“ ერთადერთი ნომინაცია წააგო, საუკეთესო ადაპტირებული სცენარი.

„ინგლისელი პაციენტი“ – 9 „ოსკარი“

1996 წლის რომანტიკული დრამა მაიკლ ონდააჩის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება. მისი მოქმედებამეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე და მის შემდეგ ხდება. ეს არის ისტორია უნგრელი კარტოგრაფის, გრაფი ლაშლო ალმაშის შესახებ, რომელიც ინგლისელი პაციენტის სახელით ხდება ცნობილი. ავიაკატასტროფის შემდეგ ლაშლო სიკვდილს ძლივს გადაურჩა, მას თითქმის აღარაფერი ახსოვს, გარდა იმ ქალისა, რომელიც უყვარდა… აღსანიშნავია, რომ წაგებული 3 ნომინაციიდან ორი მთავარი ნომინაცია გახლდათ, წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი და ქალი (რალფ ფაინსი და კრისტენ სკოტ ტომასი), თუმცა ჟულიეტ ბინოშმა მაინც შეძლო ოქროს ქანდაკების მოგება ნომინაციაში – წლის საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალი მსახიობი.

 

კატეგორიები: რჩევები ფილმები

მსგავსი თემები