დღეს დიდი დღესასწაულია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დისტაცია უნდა დავიცვათ და პირბადე აუცილებლად ვატაროთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი განმარტებით, საღვთო ლიტურგიაზე დასწრების რეკომენდაცია რჩება იგივე, რაც აქამდე იყო.
„ლიტურგიაზე დამსწრე მრევლმა უნდა დაიცვას დისტანცია და აუცილებლად უნდა ეკეთოთ პირბადე. ყველა ველოდებით ამ დღეს, მაგრამ აუცილებელია, წესები არ დავარღვიოთ და მივყვეთ იმ რეკომენდაციებს, რაც ვირუსის გავრცელებისგან დაგვიცავს.“- აღნიშნა გაბუნიამ.
მანვე განმარტა, რომ მასობრივ ტესტირებას უახლოეს მომავალში რომელი ჯგუფები დაემატება.
„ტესტირების პროტოკოლი არაერთხელ განახლდა და დაემატა მოწყვლადი რისკის ჯგუფები. ასევე, ბოლო პერიოდის განმავლობაში რელიგიური პირები და ტაქსის მძღოლები. ძალიან დაბალია გამოვლენის მაჩვენებელი. ეს ნიშნავს, რომ ეს ჯგუფი ნაკლები რისკის მატარებელია. თუმცა ტესტირება მნიშვნელოვანია. ასევე, ვგეგმავთ ტესტირება ჩავატაროთ სხვადასხვა ბიზნესგარემოში, სადაც დახურულ სივრცეში უხდებათ ადამიანებს მუშაობა. მუდმივად ისინი ვერც დისტანციას შეინარჩუნებენ და პირბადის გამოყენებაც შესაძლოა ყოველთვის ვერ მოახერხონ“, – აღნიშნა გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ იმ პროცედურებზეც ისაუბრა, რაც ქვეყანამ უნდა გაიაროს კორონავირუსის ვაქცინის მისაღებად.
„მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი იმისთვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს, თუნდაც ერთი დოზა, ასე მარტივად ეს ამბავი არ ხდება. რაც შეეხება კანდიდატ ვაქცინებს, დღეს ჩვენ განვიხილავთ სამივე ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობას, ეს არის „ფაიზერის“ ვაქცინა, „მოდერნა“ და „ასტრაზენეკა“. მზადდება ვაქცინის დანერვის გეგმა, რომლის ფორმალიზაცია, ვფიქრობ მომდევნო კვირის ბოლომდე მოხდება და ყველა ის ეტაპი, რომელიც ვაქცინის მისაღებად უნდა გავიაროთ, ქვეყნის შესაბამისად განხორციელდება.“– განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გაბუნიამ დღეს გავრცელებულ კლინიკების ასოციაციის მიმართვის განხილვისას აღნიშნა, რომ ყველა რეკომენდაცია მთავრობისთვის მნიშვნელოვანია.
5 რამ, რაც ვირუსის შესაჩერებლად ქვეყანაში უნდა გაკეთდეს - კლინიკების ასოციაცია მთავრობას მიმართავს
აუცილებელია უფრო მეტად გამკაცრდეს კონტროლი საბაჟოზე და საზღვარზე შემომსვლელთა მიმართ.
„ზოგადად ნებისმიერ მოდევნო ტალღას ჯანდაცვის სისტემა რთულად გადაიტანს, ამიტომ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, იმისთვის, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს. ამისთვის აქტიური გზა არის რა თქმა უნდა, ტესტირება, რომლის პროცესი ჩვენ ძალიან ფართოდ გვაქვს გაშლილი. სამედიცინო მედპერსონალის ტესტირება მიმდინარეობს კვირაში ერთხელ. პირველი რეკომენდაცია, რომელიც პანდემიის დასაწყისში გაიცა, იყო ის, რომ სამედიცინო პერსონალი მოერიდოს კარდაკარის პრინციპს ტესტირების ჩატარებისას, რადგან ეს დიდი რისკის მატარებელია. ამიტომ ჩვენი სტრატეგიაა, რაც შეიძლება მეტი პუნქტი იყოს იმისთვის, რომ მოსახლეობა ტესტირებისთვის მოვიდეს. კარდაკარის პრინციპზე თავი იმიტომ შევიკავეთ, რომ ამ დროს ინფექციის გავრცელების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე მაშინ, როდესაც მოსახლეობა აქეთ მოდის ტესტის გასაკეთებლად.“ – აღნიშნა გაბუნიამ.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში „რემდესივირით“ 29 პაციენტს მკურნალობენ.
„ჯანდაცვის სპეციალისტები ფრთხილად ეკიდებიან „რემდესივირის“ დანიშვნას. აქ არის გარკვეული პროცედურები, რაც აუცილებლად გასავლელია და პაციენტის გარკვეული თანხმობა სჭირდება იმისათვის, რომ გამოყენებული იქნას, ამიტომ ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში,რაც ჩვენ დავიწყეთ პრეპარატის გამოყენება, 29 პაციენტია, რომელთანაც ეს პრეპარატი დაინიშნა. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუმცა რამდენად უკავშირდება ეს „რემდესივირს“, მხოლოდ ამ მონაცემებით რაც დღეს გვაქვს, შეუძლებელია. ამიტომ დაკვირვების შედეგებს უნდა დაველოდოთ“ – განაცხადა გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების მოწყობა არც აქამდე იგეგმებოდა ქვეყანაში და ამის დაგეგმვა არც ამჯერად მომხდარა. მისი თქმით, საველე ჰოსპიტლების ანალოგი იყო კოვიდსასტუმროები.
კოვიდ-19-ის 1 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კორონავირუსის შედეგად 20 ადამიანი გარდაიცვალა
ჩატარდა 14 839 კვლევა: თბილისში 735, იმერეთში 331 შემთხვევა დაფიქსირდა – 6 იანვრის სტატისტიკა
რაც შეეხება დღეს არსებულ ეპიდვითარებას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, შეზღუდვების საფუძველზე შემთხვევების რაოდენობა განახევრდა, მაგრამ საყურადღებოა დადებითობის მაჩვენებლი „რაც არის 11%-ი და მეტი“, ანუ გამოკვლეული პირების რა ოდენობას უდასტურდება კორონავირუსი.
„როცა ეს მაჩვენებელი 5%-ზე მაღალია, ეს ნიშნავს, რომ გავრცელება არის საკმაოდ ინტენსიური და შესაძლოა, მეტი ადამიანია ინფიცირებული ვიდრე ჩვენ დღეს ტესტირების შედეგად ვავლენთ.“- ამბობს თამარ გაბუნია.