LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შოვი იყო მისი ბედისწერა, აქ გაიცნო მეუღლე… გიომ სიცოცხლე უნდა გააგრძელოს, მის ანგელოზებს ყველაზე მეტად ეს ენდომებათ“ – რას ჰყვება ახლობელი შოვის სტიქიის დროს დაღუპულ დედასა და სამ შვილზე

2573
Untitled design (5)

3 აგვისტოს, შოვში მომხდარმა სტიქიამ მთელი ქვეყანა შეძრა. განსაკუთრებით ემოციური იყო იმ კადრების ხილვა, თუ როგორ ეძებდნენ და ელოდებოდნენ სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანები დაკარგულ ოჯახის წევრებს.

ერთ-ერთია გიორგი დუდაშვილი, რომელმაც შოვის სტიქიის დროს მეუღლე – ნატო ჭელიძე და სამი შვილი – ლუკა, ანდრია და ანასტასია დაკარგა.

6 აგვისტოს დადასტურდა 7 წლის ლუკას დაღუპვა. მოგვიანებით მაშველებმა გიო დუდაშვილის მეუღლის და კიდევ ერთი შვილის ცხედარიც იპოვეს. ამ დრომდე ეძებენ პატარა ანასტასიას.

დუდაშვილების ოჯახის შესახებ ნატო ჭელიძის ახლობელი „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„საუბარი მართლაც მიჭირს. ამ ტრაგედიის დროს მივხვდი, რომ საყვარელი ადამიანის დაკარგვისას, თითქოს, თავადაც კვდები. ნატო ისეთი გოგო იყო, ისეთი სიხარულსა და ბედნიერებას ანიჭებდა ირგვლივ ყველას, რომ მასზე როგორ არ ვთქვა რამე… ალბათ, შოვი იყო მისი ბედისწერა. ჯერ ბავშვობიდან არ შორდებოდა აქაურობას. თავად სოფელ ღარში დაიბადა და ცხოვრობდა, მაგრამ შოვში მისი მამიდის ოჯახია.

ნატოს შოვი და მამიდა იმდენად უყვარდა, სულ მამიდასთან იყო. ბავშვობა შოვში გაატარა, შოვში გაიცნო მეუღლეც – გიო, ღირსეული და კარგი ადამიანი. გიო განადგურებულია. მასზე ღირსეულ და ერთგულ ადამიანს, მასზე თავდაჭერილს, იშვიათად ნახავთ. უსაზღვროდ უყვარდა ცოლ-შვილი.

ბავშვები თბილისში დაიბადნენ, მაგრამ ზაფხულს რაჭაში ატარებდნენ. ნატო ამბობდა, ამაზე ლამაზ და ჯანმრთელ ადგილას სად წავალთო! ნატო ძალიან კარგი დედა იყო, სულ შვილებზე ფიქრობდა: ბავშვები თბილისში, ბინაში რომ არიან გამოკეტილები, იმიტომ ხდებიან ასე ხშირად ავად. აუცილებლად შოვში უნდა ავიყვანო, გალაღდებიან, ირბენენ, შოვის სიჯანსაღეც მთელი წელიწადი გაჰყვებათო. თქვა და გააკეთა… მაგრამ აი, რით დამთავრდა ყველაფერი..

არ ვიცი, რა ვთქვა… სიტყვები ვერ აღწერს, რაც მისი [გიო დუდაშვილი] დანახვისას მემართება. არ მინახავს მწუხარების ასე ღირსეულად გაძლება.

ძმები და დედიკო ახლა ანასტასიას ელოდებიან. ერთად რომ მოიყრიან თავს, მერე დაკრძალავენ. ანგელოზები ცაში წავიდნენ, სადაც ყველა წავალთ, ადრე თუ გვიან. იქ მარად ერთმანეთის გვერდით იქნებიან. გიომ სიცოცხლე უნდა გააგრძელოს, მის ანგელოზებს ყველაზე მეტად ეს ენდომებათ“, – ამბობს ნატო ჭელიძის ოჯახის ახლობელი „კვირის პალიტრასთან“.

ცნობისათვის, შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა 29 დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის კიდევ ოთხ ადამიანს – 3 ბავშვს და 1 ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g