LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირთულეების მიუხედავად, ქალი აქტივისტები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, კვლავაც სხვადასხვა მოძრაობის ავანგარდში არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

184
გაეროს ქალთა ორგანიზაცია
გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა საერთაშორისო დღეს პანდემიაზე განსაკუთრებული აქცენტით აღნიშნავს. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, წელს, ამ მნიშვნელოვანი თარიღის მთავარ თემას „ქალთა ლიდერობა: თანასწორი მომავლის მიღწევა COVID-19-ის სამყაროში“ წარმოადგენს.

იგი მიზნად ისახავს, ქალებისა და გოგოების გლობალური ძალისხმევა წარმოაჩინოს, რომელიც თანასწორი მომავლის უზრუნველყოფისა და პანდემიის შემდგომი აღდგენითი პროცესებისკენაა მიმართული.

“ქალები COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგანან, როგორც ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, მეცნიერები, ექიმები, მზრუნველები, ინოვატორები, აქტიური მოქალაქეები და ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც პანდემიის დასამარცხებლად იბრძვიან. მათ პანდემიის საპასუხო  ღონისძიებებში ნათლად აჩვენეს, როგორ ეფექტიანად შეუძლიათ საკუთარი უნარებისა და ცოდნის გამოყენება.
პარალელურად, კრიზისის სირთულეების მიუხედავად, ქალი აქტივისტები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, კვლავაც სხვადასხვა მოძრაობის ავანგარდში არიან და სოციალური სამართლიანობისთვის, კლიმატის ცვლილებების შერბილებისა და თანასწორობისთვის იბრძვიან,”- აღნიშნულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ამავდროულად, აშკარა გახდა COVID-19-ის ქალებზე განსაკუთრებული სიმძიმით აისახვა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის განცხადებით თანახმად, ეს გამოიხატა: არაფორმალურ ეკონომიკაში სამუშაო ადგილების შემცირებით, მომატებული აუნაზღაურებელი შრომის ტვირთითა და ოჯახში ძალადობის გაზრდილი მაჩვენებელით, რომელიც ნეგატიურ გავლენას უპირველესად ქალების ცხოვრებაზე ახდენს.
ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ქალთა უფლებების დაცვისა და ქალთა ლიდერობის პოტენციალის სრული რეალიზებისთვის, პანდემიაზე რეაგირებისა და მზადყოფნის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ქალებისა და გოგოების ინტერესების გათვალისწინება შესაბამისი პროგრამებისა თუ პოლიტიკების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში — ყველა სფეროში და ყველა ეტაპზე.
„ქალთა წარმომადგენლობა უნდა გაიზარდოს, იმისთვის, რომ წარმოაჩინოს ქალები და გოგოები მათი მრავალფეროვნებითა  და შესაძლებლობებით ყველა კულტურულ, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეში. მხოლოდ ასე შეგვიძლია იმ ცვლილებების მიღწევა, რომლებიც ხელს უწყობს  ქალების თანასწორ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და სარგებელი მოაქვს თითოეული ჩვენგანისთვის“, – აღნიშნავს ქალთა საერთაშორისო დღისადმი გავრცელებულ განცხადებაში გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, პუმზილე მლამბო ნქგუკა.
მთელ მსოფლიოში ქალები იმსახურებენ სტიგმისგან, სტერეოტიპებისა და ძალადობისგან თავისუფალ, თანასწორ, მშვიდობიან მომავალს, რომელიც ყველას თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს სთავაზობს. ამ მიზნის მიღწევისთვის კი მსოფლიოს სჭირდება ქალები ყველგან, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები