პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, ადგილზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ორშაბათიდან, 6 ივლისიდან მოიხსნება.

შეგახსენებთ, 25 აპრილიდან მუშევანში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

საბჭოს წევრებმა განიხილეს მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ხაზი გაუსვეს მაღალი მობილობის პირობებში ვირუსის გავრცელების კონტროლის იმ შედეგების შენარჩუნების აუცილებლობას, რომელიც დღეს საქართველოს აქვს.

 

ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 ივლისიდან დასაშვები ხდება ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, ასევე ორშაბათიდან გაიხსნება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმების შედეგად, დადგენილ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებენ.

საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს ტურიზმის გახსნის მიმართულებით ფრთხილი და ეტაპობრივი მიდგომის შენარჩუნების აუცილებლობაზე, ვინაიდან მოქალაქეების უსაფრთხოება ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია.

„პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2809 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 229 პირი.

 

 

 

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05