საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დროს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს “იმ მძიმე დარღვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება”. პრემიერის განცხადებით, “რუსეთი ახდენს ოკუპირებას და ეფექტურ კონტროლს აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში”. პრემიერმა შეხვედრაზე ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის შესახებაც ისაუბრა.
როგორც ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, “ევროკავშირს სრული მხარდაჭერა აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართ”. მისი განცხადებით, კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას დიდი როლი უჭირავს.
„რეგიონალურადაც ვისაუბრეთ, თუ რა მდგომარეობაა კავკასიაში. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირში, ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართ. ჩვენ უნდა ვახსენოთ, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისია და მისი როლი, ასევე რუსეთის ჩართულობა და როლი – ეს ასპექტები იყო განხილული. დიდი მადლობა ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ თავისი მოსაზრებები გაგვაცნო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და დრო, არის გადამწყვეტი. საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰყავდეთ წარმომადგენლები ხელისუფლებაში, რომლებიც წარმოადგენენ მის ინტერესებს ევროკავშირში, ჩვენთან ურთიერთობაში და ჩვენც, საუკეთესო ინტერესებით ვმოქმედებთ ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად” , – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.
მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.