22 წლის, გიორგი ბიბილაური ფიტნეს ინსტრუქტორია. ამჟამად ის “Snap Fitness”-ში პერსონალურ ტრენერად მუშაობს. უნდა აღინიშნოს, რომ 14 წლის ასაკში, ის 260 კილოგრამს იწონიდა.
ერთი შეხედვით, მისი ცხოვრება თითქოს ერთ დღეში ამოტრიალდა. მუდმივად ბულინგის და თითის გაშვერის მსხვერპლი იყო. თუმცა, მტკიცე გადაწყვეტილების შემდეგ, რადიკალურად შეცვალა ცხოვრება და დღეს, უკვე სხვებისთვის მისაბაძი და სამაგალითო გახდა.

წონის პრობლემა გქონდათ, რისგან იყო გამოწვეული?

ორივე მშობლის მხრიდან, საკმაოდ დატვირთული გენები მაქვს. საკვებიც ძალიან კარგად მერგება და მარტივად ვკრეფ წონას. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართული სამზარეულო უსაზღვროდ მიყვარს, რომელიც საკმაოდ ნოყიერი და ცხიმიანი გახლავთ. ამ ყველაფერს დავუმატოთ, ნამდვილი ქართველი კაცის მადა (იღიმის), ამიტომ, 14 წლის ასაკში 260 კილოგრამს მივუკაკუნე.

როგორ ცხოვრობდით, როგორი იყო გარშემომყოფთა რეაქცია?

ბავშვობიდან საკმაოდ პუტკუნა ვიყავი და ქუჩაში ყოველთვის ყურადღებას ვიქცევდი. ხალხი ჩერდებოდა, ლოყებზე მჩქმეტდა, მკოცნიდა, მაგრამ ასაკთან ერთად, ეს მუდმივი სიმპათია აგრესიად გარდაიქმნა. საზოგადოებამ ჩემი ბულინგი დაიწყო. მესმოდა ფრაზები: “რამხელა ხარ”, “პატრონი არ გყავს”?!
12-13 წლის ასაკში, გარეთ გასვლის სურვილი დამეკარგა და სახლში ჩავიკეტე. უმოძრაობას წონის მეტად მატება მოყვა. მხოლოდ სამი მეგობარი მყავდა, რომლებსაც პრობლემას არ უქმნიდა ჩემი გარეგნობა. ოჯახი კი ყოველთვის გვერდში მედგა.

ცოტა რთულია, მაგრამ იქნებ გაიხსენოთ უხერხული მომენტი, რამაც იმედი გადაგიწურათ და გაგაბრაზათ?

14 წლის ვიყავი, როდესაც ჩემით მივიღე გადაწყვეტილება, რომ ასე ცხოვრება უკვე შეუძლებელი იყო. შევედი ერთ-ერთ სპორტულ კომპლექსში, სადაც აუზიც იყო და სავარჯიშო დარბაზიც. ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც აუზიდან გამოვდიოდი, სპორტკომპლექსის მფლობელმა დამიძახა და მითხრა, შენ აქ აღარ ივლიო – ისეთი დიდი ხარ, აუზში ჩასასვლელ კიბეს გამიფუჭებო. ეს ამბავი სახლში რომ მივიტანე, ოჯახის წევრები მოსალაპარაკებლად წავიდნენ, რომ თუ რამე გაფუჭდებოდა, აანაზღაურებდნენ, მაგრამ ცივი უარი მიიღეს.
შემდეგ, დედა ტელევიზიებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრში დარბოდა, მაგრამ არავინ შეიბერტყა ყური, ერთი „მსუქანი ბავშვის” უფლებებისა და პრობლემებისთვის. მოკლედ, ძალიან ბევრ დამცირებას ვაწყდებოდი.

რა გახდა გარდასახვის მიზეზი, სტიმული და როგორ დაისახეთ მიზნად?

13 წლის ასაკში, ძმაკაცთან ერთად ზღვაზე წავედი. მაშინ, ყველაზე დიდ წონაზე ვიყავი და მივხვდი, რომ კი არ ვცოცხლობდი, უბრალოდ ვარსებობდი. ვერც ვმოძრაობდი, სულ ვიღლებოდი. მუდმივად თითს იშვერდნენ, წყალში ვერ შევდიოდი, სკამზეც ვერ ვეტეოდი. ერთ დღესაც, დედასთან მივედი და ვთხოვე, გახდომა მინდა და დამეხმარები? მინდა, რომ ვიცოცხლო და არა ვიარსებო-თქო. სწორედ მანდ დაიწყო ჩემი ტრანსფორმაცია.

ოჯახის წევრებზე მომიყევი, როგორ გეხმარებიან?

ზემოთაც გითხარით, ხშირად მესმოდა ფრაზა “პატრონი არ გყავს”. ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს კითხვა გიჩნდებათ – კი მყავს და თან იშვიათად კარგი. დედამ ყოველთვის იცოდა, რომ დაძალებით ან დატუქსვით ვერაფერს შეცვლიდა და 14 წელი ელოდებოდა ჩემს შინაგან შეგნებას და ინიციატივას. სულ გვერდში მედგა. მაშინაც, როცა გახდომა არ მინდოდა. რომ არა დედა, ალბათ ამ შედეგსაც ვერ მივიღებდი. პატარები, რომ ვიყავით, ვინც ჩემ დაცინვას და დაჩაგვრას მოინდომებდა, ჩემი უფროსი და ქვებით დასდევდა (იღიმის).

რამდენი კილოგრამი დაიკელით?

ჯამში, 147 კგ დავიკელი.

რა დრო დაგჭირდათ შედეგის მისაღწევად და რა პროცესები გაიარეთ?

დასაწყისში ნებისმიერი ცვლილება ძალიან რთულია. პირველი შედეგისთვის დაახლოებით 2-3 თვე დამჭირდა.

რა შეგრძნება იყო, როდესაც სარკეში ჩაიხედეთ და მიხვდით, რომ სასურველ შედეგს მიაღწიეთ?

ვერ ვიჯერებდი, რომ ეს მე ვარ. ვერ ვიჯერებდი, რომ ასე მარტივად შემეძლო ახტომა და სიარული. შემდეგ გადავწყვიტე, რომ არ გავჩერდე და დღემდე ვმუშაობ საკუთარ თავზე.

როგორი იყო საზოგადოების რეაქცია?

სულ ერთი სიტყვა მესმოდა – შოკი, შოკი! ყველა გაოცებული იყო და სხვათა შორის, მეც დიდი ხანი დამჭირდა, რომ დამეჯერებინა, მაგრამ მე ეს შევძელი!
კლასელები და მეგობრები ისე მივლიდნენ გვერდს, ვერ ხვდებოდნენ მე რომ ვიყავი და არ მესალმებოდნენ (იცინის).

ახლა რა ეტაპზე ხართ, როგორ მიდის თქვენი ცხოვრება?

ცხოვრება თავიდან დავიწყე. თითქოს მანამდე არც ვარსებობდი. ახლა შეუჩერებელი, მიზანდასახული და მებრძოლი გიორგი ვარ. მადლობელი ვარ, ყველა იმ ადამიანის, ვინც გვერდში დამიდგა. დარწმუნებული ვარ, ცხოვრებაში ალბათ ვეღარაფერი შემაჩერებს და ვერ დამამარცხებს.

რა არის თქვენი მიზანი ახლა, როდის ჩათვლით თავს გამარჯვებულად?

ჩემი მიზანია ბევრმა გაიგოს ჩემ შესახებ, მხოლოდ იმიტომ რომ დამოკიდებულება და მოსაზრება შეიცვალონ განსხვავებულ ადამიანებზე. გამარჯვებული ვიქნები, როდესაც საკუთარი სავარჯიშო დარბაზების ქსელს გავხსნი და მთელი ჩვენი ქვეყნის მასშტაბით იმ ადამიანებს დავეხმარები, ვისაც ჩემნაირი ფიზიკური თუ მენტალური დაბრკოლებები ექნება.

რას ურჩევთ ადამიანებს, ვისაც წონის პრობლემა აქვს?

მიიღეთ გადაწყვეტილება დღეს, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. მთავარია სიმტკიცე. ისეთი, რომელსაც ვერაფერი დაანგრევს. თქვენ შეგიძლიათ, მე თქვენი მჯერა!

 

ნანკა ქოქიაშვილი

მსგავსი თემები