„ჩვენი სწავლებების რეკორდული ციფრი იყო შარშან, როდესაც 6 საერთაშორისო სწავლებას საქართველოში ვუმასპინძლეთ. ასევე, რეკორდულად მაღალი მაჩვენებელზეა ჩვენი მონაწილეობა საზღვარგარეთ. ასე რომ, ამით სპეკულირებას პერსპექტივა არა აქვს“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რითაც მან უპასუხა კითხვას, რატომ არ იღებს საქართველო მონაწილეობას ამერიკულ სწავლებაში – „Defender 23“-ში.
30 აპრილს, ქართული შეიარაღებული ძალების დღის 32 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების შემდეგ ბურჭულაძემ შეერთებული შტატების ორგანიზებულ სამხედრო წვრთნების „მცველი 23“ [Defender 23]-ის სწავლების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ „კონკრეტული სწავლება შეიძლება ხარჯებთან იყოს დაკავშირებული.“
ჯუანშერ ბურჭულაძე: „2023 წელს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 260 მილიონი ლარით იზრდება“
„ჩვენ არ აგვირჩევია ისეთი სტრატეგია, რომ ომის ბიუჯეტზე გადავეწყოთ, რაც გამოიწვევდა სხვა ხარჯების შემცირებას და ზეგავლენას მოახდენდა პენსიონერებზე, დაზღვევასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.“– აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველო წელს 20 სხვა საერთაშორისო სწავლებაში იღებს მონაწილეობას, ამიტომ კონკრეტული სწავლების გამოტოვებაში პრობლემას ვერავინ უნდა ხედავდეს:
„შეიძლება, კონკრეტული სწავლება იყოს სხვადასხვა ლოგისტიკურ ხარჯთან, სხვადასხვა სირთულესთან დაკავშირებული. ჩვენ ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ და ვერავინ ვერ უნდა ხედავდეს.“– განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ცნობისთვის, „მცველი 23“ [Defender 23] არის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების, აშშ-ის ევროპისა და აფრიკის არმიის ორგანიზებული სამხედრო სწავლება/წვრთნებს მოიცავს, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. წვრთნები ორი თვე გრძელდება – 22 აპრილიდან 23 ივნისამდე.