დღეს, 23 ნოემბერს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე, რომელზეც მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელეს, სიტყვით გამოვიდა თავად ბრალდებული.
ლევან ზურაბაშვილმა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონები უნდა შეიცვალოს.
„მე თამაშმა მომპარა წლები, ცხოვრება წამართვა, 20 წელი რომც მომცეთ, მიღირს, ოღონდ ეს თამაშები აიკრძალოს“ , – განაცხადა ლევან ზურაბაშვილმა.
„პროკურორი სულ ამბობს შესაძლოა, შესაძლოა, ამას იძახით სულ, მაგრამ რეალურად ნახევარი საქართველო დაიღუპა ამ პრობლემებით წლების განმავლობაში. ვიღაცამ ხმა თუ არ ამოიღო, ყველა ჩვენ, თქვენი შვილები, ყველა იღუპება. რამდენს მოუკლია თავი, რამდენი ოჯახი გამწარდა. ვიღაცამ ხმა თუ არ ამოიღო, 4 საათი იქ ვიყავი, ტელევიზია არ მოსულა, როგორ მელაპარაკა აბა, ლაპარაკობდა პარტიის წარმომადგენელი და ამდენი წელია, პოლიტიკაშია, მაგრამ უსმენენ? შეიძლება, ბევრი არ თამაშობდეს, მაგრამ მათი შვილები, ძმები, იღუპება თაობები. გამწარებული ხალხი, გაჭირვებული თქვენს გულამდე არ მიდის? მე გავისტუმრე ვალები. სამუდამო მომეცით, მიღირს. მე აღარ ვთამაშობ, ცოდო ვართ, გადარჩეს ერი და კანონები შეიცვალოს. არ არსებობს ოჯახი, წამალი არ სჭირდებოდეს, ყველაფერი ძვირი ღირს – პამპერსი, წამლები. კი არ ვმრავლდებით და ვვითარდებით, უკან უკან მივდივართ. ჩვენზეც იზრუნონ, ხალხზე. ყველამ ჭამა ფული და ახლა ჩვენზე იზრუნონ“, – ამბობს ლევან ზურაბაშვილი.
„ლევანი, რომ შევიდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში უთქვამს, რომ ვისაც გინდათ წადითო“, – აცხადებს „ემბისი“-ზე თავდამსხმელის ლევან ზურაბაშვილის დედა ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც ზურაბაშვილის დედამ აღნიშნა, ლევანს არავინ დაუკავებია.
„ერთი მოხუცი კაცი იჯდა, უთხრეს წადიო და ის სეირის საყურებლად დარჩა. ასეთ გაღატაკებულ და გაუბედურებულ ხალხს რომ ხედავდა., ძალიან განიცდიდა“, – აღნიშნა ლევან ზურაბაშვილის დედამ.
შეგახსენებთ, 20 ნოემბერს, თბილისში, წერეთლის გამზ. №12ა-ში მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ შენობაში შეიჭრა პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა.