LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამუნა ლეკვეიშვილის და თათია სულუაშვილის ამერიკული ამბები: „ჩემი დიეტა ისეთია, არავინ უნდა გაიმეოროს…“

19305
თამუნა ლეკვეიშვილი

თამუნა ლეკვეიშვილი და თათია სულუაშვილი ორი კვირით აშშ-ში იმყოფებოდნენ, სადაც მარინასა და ზოიას ცნობილი დუეტით წარდგნენ და ქართველი ემიგრანტებისთვის დაუვიწყარი კონცერტები გამართეს.

თამუნა ლეკვეიშვილი fortuna.ge-ს ექსკლუზიურად ესაუბრა ამ კონცერტების, მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ და ასევე უპასუხა ჩვენს კითხვას წონის კლებისა და დიეტის შესახებაც.

მე და თათია, როგორც მარინა და ზოია, ვიყავით აშშ-ში. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი დუეტი ძალიან პოპულარულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.მხოლოდ ჩვენი კონცერტები არ ყოფილა, ჩვენი მეგობრებიც მონაწილეობდნენ. ორი კონცერტი ნიუ იორკში გავმართეთ, ერთი ფილადელფიაში და ერთიც – მერილენდში. ძალიან დიდი ემოციებით დავბრუნდით საქართველოში, ემიგრანტებმა დიდი სიყვარული გამოხატეს ჩვენ მიმართ და მე და თათიამაც, როგორც შეგვეძლო, მათ მიმართ დიდი სითბო გავეცით.

რას გეუბნებოდნენ პირად საუბრებში?

მოდიოდნენ პირადად გასაცნობად და ფოტოების გადასაღებად. გვეუბნებოდნენ, რომ სულ გვიყურებენ. როგორც კი „ვანოს შოუს“ და „შაბათის შოუს“ გადაცემები დაიდება, სიამოვნებით უყურებენ, თვალს ადევნებენ სიახლეებს, ძალიან ვუყვარვართ… მოდიოდნენ შვილებთან ერთად კონცერტებზე დასასწრებად. ნიუ იორკში, პირველ დიდ კონცერტზე, განსაკუთრებით ბევრი ბავშვი იყო.

თქვენი დუეტის რეპერტუარიდან რა მოსწონთ ყველაზე მეტად?

მარინას და ზოიას მუსიკალური დუეტი აქვთ და ჩვენს რეპერტუარში, ძირითადად, სიმღერებია, მაგრამ სპეციალურად ამერიკაში გამგზავრების წინ დავწერეთ ხუმრობები ახლა ძალიან აქტუალურ თემაზე – როგორ გადადიან ქართველები მექსიკით აშშ-ში. მოვიგონეთ ისტორია, როგორ გადალახეს მარინამ და ზოიამ მექსიკის საზღვარი. ძალიან ბევრი იცინეს, რადგან მათთვის ძალიან აქტუალურია – ეს სევდიანი ამბავიც ასე შემოვატრიალეთ და ხუმრობით გადავეცით…

მხოლოდ მხიარულება იყო, თუ ცრემლებიც?

იყო ცრემლებიც… საქართველოსადმი მონატრება ჩვენ მიმართ გამოხატეს. იყო სევდიანი და სენტიმენტალური მომენტებიც.

დასვენება თუ მოასწარით?

რადგან ორი კვირით ვიყავით და რაღაც დღეები გვქონდა თავისუფალი, დასვენებაც მოვასწარით, უბრალოდ, ძალიან ციოდა. ვინც გვმასპინძლობდა, მან წაგვიყვანა ბევრი რამის დასათვალიერებლად.

სხვა ქვეყნებშიც თუ აპირებთ კონცერტებს?

ახლა ჯერ არაფერია დაგეგმილი, მაგრამ სურვილი არსებობს. სანამ აშშ-ში გავემგზავრებოდით, მანამდე გახლდით ისრაელში. იქ სხვანაირი პუბლიკაა, მაგრამ ანალოგიურად დიდი სითბო და სიყვარული გამოხატეს.

რატომ არის პოპულარული ეს დუეტი, თქვენი აზრით?

მარტივი მუსიკაა, მხიარულია, ადვილად გამახსოვრდება და განწყობას ქმნის. ვერ ვიტყვი, რომ ფანოღია, მაგრამ წაუფანოღებს.

თამუნა, თქვენი დიეტების ამბავი სულ აინტერესებს მკითხველს… როგორ დაიკელით წონაში?

სექტემბრის ბოლოს გადავწყვიტე, რომ გავმხდარიყავი. დიდი წონა არც მქონდა, 68 კილოგრამი ვიყავი.არასდროს ვმალავ არც წონას და არც ასაკს. გადავწყვიტე, რომ სასწორზე პირველი ციფრი 5-იანი დამეწერა. ეს არ მომხდარა 2008 წლის შემდეგ. დეკემბერში მივაღწიე სასურველ წონას, ზუსტად ახალი წლის წინ…

გოჭებისა და ინდაურების სეზონი რომ მოდიოდა?

ჩემი დიეტა ისეთია, არავინ უნდა გაიმეოროს. ახლა თმა მცვივა, როგორც ჩანს, ვიტამინები დააკლდა ორგანიზმს. ყავა, შავი შოკოლადი, თხილი და ყველი, რომელიც ჩემთვის შეუცვლელია.

სექტემბრიდან ამას მიირთმევდით?

სულ არა, შაბათ-კვირას ვჭამდი (იცინის). ამ დღეებში სახლში ვარ, ბავშვებს საჭმელს რომ ვუმზადებ და თავის შეკავება რთულია. ძირითადად, ვჭამდი გაუდას, პარმეზანს, რაც საკმაოდ კალორიულია. დავწერე ჩემი საოცნებო წონა – 57 კილოგრამი, ახლა კი მოვიმატე რამდენიმე კილო, მაგრამ ეს არაფერია. ამ ამბავს გაგრძელება აქვს. 31 დეკემბერს დავჯექი და ვჭამე ადამიანურად. ბევრი ვერა, რადგან ფიზიკურად ვერ შევძელი (იცინის). საცივი ძალიან მიყვარს, დედაჩემის მომზადებული კუჭმაჭიც. ისე ცუდად გავხდი, მთელი პირველი იანვარი ვიწექი, კუჭის შეტევა მქონდა. შედეგი კი მივიღე, მაგრამ ეს ცუდი მომენტი მოჰყვა ახალ წელს.

იმედია, ამ დიეტას აღარ მიმართავთ…

არა, რადგან წონას ვინარჩუნებ, პლუს-მინუს ორი კილოგრამი არაფერია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამოვნებაა ის, რომ რასაც გინდა, იმას იცვამ და მოგწონს…

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g