არჩილ ტატუნაშვილის წამების საქმეზე ბრალდებულებს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულები, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები, დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.
“ვინაიდან დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი თავს არიდებდნენ სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებას, მათ ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ”, — წერია განცხადებაში.
მათ ბრალი წარდგენილი აქვთ არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით.
ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მიღებული დაზიანებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.
დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის მიმართ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.