LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია მთაწმინდის ფერდობის აღდგენასა და გამწვანებას იწყებს

128
Capture

“მერია იწყებს დედაქალაქის გულის, მთაწმინდის ფერდობის აღდგენის პროექტს, რომელიც მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის სრულ გაახლებასა და რეაბილიტაციას გულისხმობს” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა არსებული ეკოლოგიური მდგომარეობაა, ამიტომ ეს პროექტიც ვითარების გამოსწორებას ისახავს მიზნად.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, პროექტს, რომლის ფარგლებში მთაწმინდის ფერდობებზე არსებული დაზიანებული ნარგავები აღდგება, ფონდი “ქართუ” აფინანსებს. პროექტის განხორციელების მიზანი არსებული ფერდის ლანდშაფტის ოთხ სეზონად გადაქცევაა, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას გულისხმობს.

“სამუშაოების შედეგად, თბილისის ურბანული ტყე-პარკის სივრცით-ფუნქციური და ტექნიკურ-ეკონომიკური განვითარების ხედვის შემუშავება, ასევე, საჯარო განხილვებისა და შესაბამისი მუნიციპალური შეთანხმებების შემთხვევაში, მომდევნო ეტაპების განხორციელება იგეგმება. კერძოდ, საპროექტო, სამშენებლო, საზედამხედველო, საექსპლუატაციო, მართვის კომპონენტების დეტალური დაგეგმარება და დაპროექტებული სამუშაოების შესრულება. პროექტის ამჟამინდელ ეტაპზე, ფონური საკადასტრო კვლევები და ურბანული ტყის საზღვრების განსაზღვრა-დაზუსტება, ასევე, ერთიანი ინტეგრირებული სივრცითი ეკონომიკური და ტურისტულ-სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარების ხედვის დამუშავება მიმდინარეობს,” – აცხადებს კალაძე.

პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ფონდ “ქართუსა” და ფონდ “განვითარება და გარემოს” შორის დღეს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება.

მემორანდუმი თბილისში არსებული ტყეების აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.  ფონდი „ქართუ“ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, პროექტს 16 მილიონი ლარის ფარგლებში დააფინანსებს.