LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს: 25 თებერვალი საქართველოს ოკუპაციის დღეა

1408
okupacia

99 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შემოვიდნენ თბილისში. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ ლენინს დეპეშით აცნობა: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას!“

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია ამით დასრულდა.

1921 წლის 25 თებერვალს დაწყებული საქართველოს ოკუპაცია 70 წელი გაგრძელდა. საქართველოს  გასაბჭოებას დაახლოებით 70 წლის განმავლობაში ზარ-ზეიმით აღვნიშნავდით.

ყველაფერი 1989 წლის 9 აპრილმა შეცვალა…

საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ“ კანონი 2010 წლის 21 ივლისს მიიღო (მომხრე 87 დეპუტატი 110-დან).

ოკუპაციის დღე პირველად 2011 წლის 25 თებერვალს აღინიშნა. ამ დღეს საქართველოში ეშვება ყველა სახელმწიფო დროშა და ცხადდება წუთიერი დუმილი. საქართველოს გარდა ოკუპაციის დღე აღინიშნება ლატვიასა და მოლდოვაში.

2006 წლიდან თბილისში მოქმედებს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი. მუზეუმში დაცულია დამოუკიდებელი საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაცია-ანექსიისა (1921წლის თებერვალი-მარტი) და ანტისაოკუპაციო, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის 1921-1990) ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტური და ფოტომასალა, აგრეთვე, აღნიშნული მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწეთა მემორიალური ნივთები და მათ მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალა.

რა ასწავლა ისტორიამ საქართველოს?

რატომ გვჭირს ქართველებს ბევრი რამ ჩვენივე წყალობით?

რატომ ვკარგავთ ტერიტორიებს?

 

ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად “ფორტუნამ“ ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურს მიმართა.

„1921 წელს ძალიან მყიფე იყო ჩვენი დამოუკიდებლობა. პირველი მსოფლიო ომი რომ დამთავრდა, ვერსალის კრებაზე არც დაგვიშვეს. სანამ რუსეთმა არ სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, მანამდე სხვა ქვეყნებმა არ გვაღიარეს. ჩვენი დამოუკიდებლობისთვის არც არავის შეუწუხებია თავი და არ დაგვხმარებია. არც დღეს არ იწუხებს არავინ თავს, მაგრამ სიტყვიერად მაინც გვერდში გვიდგანან.

მართალია, ავტონომიური ოლქის სტატუსით, მაგრამ აფხაზეთი და ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში იყო. საქართველოს იურისდიქცია იმ ტერიტორიებზე ვრცელდებოდა. დღეს თითქოს საერთაშორისო თანამეგობრობა უფრო დაინტერესებულია ჩვენი საკითხით და თითქოს ჩვენ მხარეს არიან, მაგრამ სამწუხაროდ ამას არავითარი ქმედითი ნაბიჯები არ მოსდევს. უარესობისკენ მიდის საქმე.

უარესობისკენ რომ მიდის საქმე, ესეც ჩვენი ბრალია. გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს კონფლიქტები დაიწყო, მაგრამ 2003 წლამდე, სანამ „ნაციონალური მოძრაობა“  მოვიდოდა სათავეში, მოგვარებისკენ მიდიოდა საქმე. 80-იან წლებში ცხინვალის ოთხივე რაიონი ფეხით მაქვს მოვლილი და მინდა დაგარწმუნოთ, რომ იქ კონფლიქტის არავითარი საფუძველი არ იყო. მერე რაც მოხდა, მოხდა.

1999 წელს ცხინვალში ჩავედი, მაჩაბლების რეზიდენციაში მივედი, ეკლესიებიც მოვიარე, კონფლიქტი ფაქტობრივად მოგვარებული იყო, ომის კვალი წაშლილი იყო. აფხაზეთში გალის რაიონში მოსახლეობა დაბრუნებული იყო. ვლადიმირ პუტინმა გააკეთა განცხადება, რომ ოჩამჩირეს რაიონში უნდა დაწყებულიყო დევნილების დაბრუნება. მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“ და ყველაფერს ხაზი გადაუსვა.

2008 წლის აგვისტოში არ ვიცი მიზანმიმართულად მოხდა, თუ საქართველოს ხელისუფლების სიბრიყვით, მაგრამ  გამწვავდა სიტუაცია და ბევრად უარესი მდგომარეობა მივიღეთ.

თავიდანვე ბევრი ტერიტორია ჩვენი, ქართველების წყალობით დავკარგეთ. სერგო ორჯონიკიძე ხომ ქართველი იყო, მაგრამ ბოლშევიკური სული ჰქონდა. რა დროს რაღაც  ტერიტორიებზეა საუბარი, მალე ერთიანი საბჭოთა ხალხი ვიქნებითო, ამბობდა. სომეხი და აზერბაიჯანელი ბოლშევიკებიც ხომ ამ იდეის მატარებლები იყვნენ, მაგრამ ხომ გააკეთეს ყველაფერი, რომ საინგილო და ლორე-ტაშირი მათ შემადგენლობაში ყოფილიყო.

სერგო ორჯონიკიძეს ჩვენდა საუბედუროდ ტვინი საერთოდ გადატრიალბული ჰქონდა. ის ამიერკავკასიის ბოლშევიკური კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ანუ ამიერკავკასიაში პირველი კაცი იყო. შეეძლო, საქართველოს ამდენი ტერიტორია არ დაეკარგა. როდესაც პავლე ინგოროყვამ პროტესტი გამოთქვა, საინგილო აზერბაიჯანს რომ გადაეცა, ორჯონიკიძემ განაცხადა, პავლე ინგოროყვას გადაეცით, ბევრს ნუ ილაპარაკებს, თორემ საერთოდ თბილისთან გავუვლებ საზღვარსო.

როდესაც აფხაზები მივიდნენ მასთან და უთხრეს, დამოუკიდებლობა გვინდა, უბრალოდ აბრა რომ დავკიდოთ  საბჭოთა ქვეყანა ვართო, უპრობლემოდ დათანხმდა. ლორე-ტაშირის სომხებისთვის გადაცემის სხდომას ორჯონიკიძე და სტალინი უძღვებოდნენ და ამ ტერიტორიის გადაცემის დოკუმენტებზე მათი ხელწერილია.

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში იმ იმედად ყოფნა, რომ ვიღაც დაგვეხმარება და რუსეთს ჩვენს თავს არ დააჩაგვრინებს, სისულელე იყო. რუსეთი რაც არის, ყველამ კარგად ვიცით. ოკუპანტიც არის და მტაცებელიც, მაგრამ მეზობელია და რას იზამ. ვერ გააქრობ ამ სივრციდან. ასეთ მეზობელთან უნდა მოახერხო რაღაცნაირად ურთიერთობის მოგვარება. 2003 წლამდე ურთიერთობის მოგვარებისკენ იყო საქმე წასული, სანამ ნაძირალა ნაცბანდა არ მოვიდა ხელისუფლებაში.

საბჭოთა კავშირში შენელებული მოქმედების ნაღმები იყო ჩადებული. ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტის მოწყობა ყველაზე უფრო მარტივია. ჟორდანიას მთავრობის დანაშაული იყო, რომ მოსახლეობაში არანაირი აგიტაცია-პროპაგანდა არ მიდიოდა. თბილისამდე ისე მოვიდა მეთერთმეტე წითელი არმია, რომ მოსახლეობა ტანსაცმელს და საჭმელს აძლევდა რუსი ჯარისკაცებს ისეთი გასაცოდავებულები მოდიოდნენ.

 

როგორი იქნება საქართველო 100 წლის შემდეგ? 

“მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რომ ჩვენდა სასიკეთოდ გადაწყდება ყველაფერი. არა იმიტომ, რომ ისტორიაში სამართალი ყოველთვის იმარჯვებს. ძალიან დიდი ისტორიული უსამართლობა იქნება, რომ შიდა ქართლი და აფხაზეთი დავკარგოთ“, – უთხრა გიორგი ოთხმეზურმა „ფორტუნას“.

 

 

თოვდა და თბილისს ებურა თალხი.

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,

მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,

ეფინებოდა გმირების გვამებს –

განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,

და უძრავ იყო თებერვლის ღამე.

წითელი დროშით, მოღერილ ყელით,

თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით

შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

კოლაუ ნადირაძე