• თეგეტა პირველი კომპანიაა საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიაში რეგიონის მასშტაბით, რომელმაც მწვანე სტატუსის ობლიგაციები გამოუშვა
  • აზიის განვითარების ბანკი მწვანე ობლიგაციების მთავარი ინვესტორია
  • ემისიის მხარდამჭერი თიბისი კაპიტალი იყო
  • ემისიის შედეგად მობილიზებული 20 000 000 ლარი ჰოლდინგის მწვანე ინიციატივებს მოხმარდება

საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერმა „თეგეტა ჰოლდინგმა” ქართული  კაპიტალის ბაზარზე პირველად ლარის „მწვანე ობლიგაციები“ წარმატებით განათავსა. ემიტირებულია 20 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები, რაც ადგილობრივ საფონდო ბაზარზე ლარში განთავსებული მწვანე ბონდების ყველაზე მსხვილი გარიგება და ლარში დენომინირებული მწვანე ობლიგაციების  პირველი პრეცედენტია. ობლიგაციების ფასი კი TIBR6m+3.5%-ით განისაზღვრა.

ობლიგაციების ძირი თანხის სრულად დაფარვა გათვალისწინებულია 2 წლისა და 6 თვის შემდეგ, კუპონის საპროცენტო განაკვეთი კი ნახევარწლიურად დაიფარება.

ფასიანი ქაღალდების ინვესტორი აზიის განვითარების ბანკია. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი  ჰოლდინგში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას განახორციელებს. ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული თანხა მთლიანად  მწვანე პროექტებს მოხმარდება, რაც მდგრადი განვითარების მიმართ თეგეტას გრძელვადიან ინტერესს უსვამს ხაზს.

 

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ავტოინდუსტრიაში თეგეტა პრეცედენტს ქმნის – ამ შემთხვევაშიც ჩვენი კომპანია პირველია, რომელმაც რეგიონის მასშტაბით საავტომობილო ბიზნესში მწვანე ობლიგაციები გამოუშვა და ამასთანავე, პირველები ვართ ქართული კაპიტალის ბაზარზე, ვინც მწვანე ფასიანი ქაღალდების ემისია ეროვნულ ვალუტაში განახორციელა.  

მწვანე ბონდების გამოშვება ძალიან ახლოსაა ჩვენს კორპორაციულ სოციალურ კულტურასთან. არსებული ემისიის პროსპექტის ფარგლებში კი კომპანია იღებს ვალდებულებას, ეკოლოგიური ტრანსპორტის სეგმენტი კიდევ უფრო განავითაროს. ეს დივერსიფიცირებული ელექტრფიცირებული სატრანსპორტო საშუალებების

რეალიზაციას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს, რაც ფართო მოხმარებისთვის იქნება განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგის მწვანე ობლიგაციები სრულად აზიის განვითარების ბანკმა შეიძინა, რაც მიუთითებს, რომ მსხვილი საფინანსო ინსტიტუტი თეგეტას სამომავლო პარტნიორად განიხილავს“.

 

ემისიის მოსამზადებელ ეტაპზე „თეგეტა ჰოლდინგმა“ მწვანე ობლიგაციების ჩარჩო შეიმუშავა, რაც მკაფიოდ გამოხატავს კომპანიის პოზიციას, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნის შესახებ. ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე თეგეტამ მოიპოვა წამყვანი ESG კვლევისა და ანალიტიკის მომწოდებელი საერთაშორისო კომპანიის Sustainalytics-ის მეორე  მხარის მოსაზრება. ჩარჩო დოკუმენტშია გაწერილი ის ვალდებულებები, რაც კომპანიამ პროსპექტით გათვალისწინებულ ვადაში უნდა შეასრულოს:

 

  • მსუბუქი, სამგზავრო და სხვა ტიპის ელექტრიფიცირებული ტრანსპორტის იმპორტი და რეალიზაცია.
  • ქვეყნის მასშტაბით დასატენი სადგურების ფართო ქსელის მოწყობა (ჯამში, 70 დასამუხტი სადგური), რათა შეიქმნას ხელმისაწვდომი ელექტრო ეკოსისტემა ადეკვატური დასატენი ინფრასტრუქტურით, რითაც ელექტრომობილების მფლობელობა გამარტივდება.

 

პროცესების მეტი გამჭვირვალობისათვის ჰოლდინგი ვალდებულებების შესრულების შესახებ ობლიგაციების ინვესტორს, აზიის განვითარების ბანკს, ანგარიშს  წარუდგენს.

 

სიუზან გაბური, ADB-ს კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი: „აზიის განვითარების ბანკი (ADB) აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კლიმატის ბანკია და ეს ინვესტიცია ADB-ს იმ მხარდაჭერის ნაწილია, რასაც საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარებისთვის კლიმატისა და გენდერული ობლიგაციების სახით ახორციელებს. ეს საქართველოში ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული პირველი მწვანე ობლიგაციების გამოშვებაა და ველოდებით, რომ კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში მეტი მწვანე ობლიგაციის გამოშვებას“.

 

სტრატეგიული ინვესტორების იურიდიული მრჩეველია Dentons. მწვანე ობლიგაციების ტრანზაქციის ფარგლებში „თეგეტა ჰოლდინგის“ პარტნიორი და მხარდამჭერი თიბისი კაპიტალი იყო.

 

მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი: „მოხარული ვართ, რომ როგორც რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიაში, ისე ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული პირველი მწვანე ბონდები სწორედ თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით განთავსდა. ეს ემისია „თეგეტა ჰოლდინგისა“ და თიბისი კაპიტალისთვის  რიგით მე-3 წარმატებული განთავსებაა, თიბისი კაპიტალისთვის კი – მწვანე ობლიგაციების რიგით მე-5 განთავსება, რაც ხაზს უსვამს ჩვენსა და, ზოგადად, თიბისი ჯგუფის წვლილსა და ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართ. მსოფლიოში ESG და მწვანე ობლიგაციების გამოშვება სწრაფი ტემპით იზრდება. სულ უფრო მეტი ინვესტორი იღებს ვალდებულებას, რომ თავიანთ პორტფელში მწვანე ობლიგაციების წილს გაზრდიან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და ქართული კომპანიები ამ ტენდენციის მონაწილეები ვიყოთ იმისთვის, რომ მომავალში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორები კიდევ უფრო აქტიურად დავაინტერესოთ ქართული კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით“.

 

ინფორმაციისთვის, პირველი წარმატებული ემისია თეგეტამ 2019 წელს განახორციელა და 30 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა შეიძინა.

გასული წლის ბოლოს კომპანიამ საქართველოს ისტორიაში ლარში დენომინირებული ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე დიდი ემისია განახორციელა და 150 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა.

რამდენიმე თვის წინ კი 25 მილიონი დოლარის ეკვივალენტი ფასიანი ქაღალდები განათავსა. აღნიშნული ემისიის ფარგლებში თეგეტამ ობლიგაციები ფიზიკურ პირებსაც შესთავაზა.

 

„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda.

სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორის, Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

სოფიო ბერიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები