თუ აფხაზური მხარე ელექტროენერგიის მოხმარებას არ შეამცირებს, ენგურჰესი გაჩერდება, – ამის შესახებ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ ისაუბრა. მისი თქმით, პრობლემა არასაკმარის წყლის რესურსს უკავშირდება.
„ამ დროისათვის აფხაზური მხარის მოხმარება 400 მეგავატია. 5-6 დღის შემდეგ, როდესაც წყალსაცავი თავის რესურსს ამოწურავს, ენგურჰესი 80-100 მეგავატზე მეტის მიწოდებას ვერ შეძლებს. მოკლედ, აფხაზური მხარე ან შეზღუდავს მოხმარებას, ან გავჩერდებით“,- აცხადებს მებონია „ბიზნეს ფორმულასთან“.
მისივე თქმით, ამჟამად წყლის დონე წყალსაცავში ზღვის დონიდან, დაახლოებით, 425 მეტრზეა. წყლის დონის კიდევ 7-8 მეტრით შემცირების შემდეგ კი, ჰესი გაჩერდება.