LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ვინმე ამ ქვეყანას სანქციებისკენ ექაჩება, ეს „ქართული ოცნებაა“: ანა ნაცვლიშვილი

54
ანა ნაცვლიშვილი

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „თუ ვინმე ამ ქვეყანას სანქციებისკენ ექაჩება, ეს ქართული ოცნებაა“. მისივე თქმით, ქართული ოცნების მხრიდან არაერთი უკან გადადგმული ნაბიჯის მომსწრეები ვართ და თუ ქვეყანაში გაზრდილი კრიმინოგენული ვითარება და დაუსჯელობის სინდრომი არ შეიცვალა, „ხელისუფლება ქვეყანას სანქციების დე ფაქტო მდგომარეობაში თავად მოაქცევს“.

ნაცვლიშვილის განმარტებით, ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ხარჯავენ ფულს და დროს, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტები დემოკრატიული ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებს დაემსგავსონ.

„თუ საზოგადოებაში არსებობს მოლოდინი იმის შესახებ, რომ საქართველო დაისჯება, ეს სწორი მოლოდინი არ არის. ევროპა და აშშ რუსეთისგან იმით განსხვავდება, რომ ის პარტნიორებს სადამსჯელო ტანკით, ხიშტით და თოფით არ ესაუბრება. ევროპა და აშშ იმით არის განსხვავებული და ჩვენთვის ღირებული პარტნიორი, რომ მთელ ძალისხმევასა და რესურსს მიმართავს არა ვინმეს დასჯისკენ, არამედ ძალისხმევას ხარჯავენ, რომ დაეხმარონ, გააგებინონ, ხელი შეუწყონ. ხარჯავენ ფულს, დროს, რომ ამ ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტები დემოკრატიული ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებს დაემსგავსოს. ჩვენ ვართ ხელისუფლების მხრიდან არაერთი უკან გადადგმული ნაბიჯის მომსწრე. თუ ასე გაგრძელდა, “ქართული ოცნების” პოლიტიკა, ქვეყანას სანქციებს თავად დაუწესებს. თუ საინვესტიციო გარემო დარჩა ის, რაც არის, თუ თავდასხმა, გაზრდილი კრიმინალი და დაუსჯელობის განცდა არ შეიცვალა, ხელისუფლება ქვეყანას სანქციების დე ფაქტო მდგომარეობაში თავად მოაქცევს. მნიშვნელობა არა აქვს ამას სანქცია ერქმევა თუ უბრალოდ ინვესტორები, ტურისტები, ჩვენი მეგობრები თანდათან ჩათვლიან, რომ საქართველოსთან ურთიერთობა, საქმის დაჭერა უსაფრთხო და მიზანშეწონილი არ არის“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.