LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყუილია, რომ კაშხლის მშენებლობა შეჩერდა, ეს მხოლოდ ფორმალური განცხადებაა: “რიონის ხეობის მცველები”

69
რიონის ხეობის მცველები

“რიონის ხეობის მცველები” ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გაცხადებას, რომლის თანახმადაც “ნამოხვანჰესის” კაშხალი 12 თვე არ აშენდება, ტყუილს უწოდებენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ფორმალური განცხადებაა. მათი თქმით, რეალურად, რიონის ხეობაში კაშხლის მშენებლობა ახლაც მიმდინარეობს, ვინაიდან კასკადისთვის საჭირო გვირაბის მშენებლობა, ხეობის მცველების ინფორმაციით, ახლაც გრძელდება.

“ეს პრაქტიკულად ტყუილია, რადგან ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ხეობაში გვირაბი შენდება – ეს იმ ადგილას, სადაც კაშხლის აშენებაა დაგეგმილი. მოგეხსენებათ, რომ თავად სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა უწყებამ სასამართლოში იჩივლა და დავაც მოიგო. კაშხლის ადგილზე მოხსნილია მთა და შესაბამისად, კაშხლის მშენებლობა დაწყებულია,” – განუცხადა “ფორტუნას”  საზოგადოებრივი მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” დამფუძნებელმა, მარიტა მუსელიანმა.

მისი თქმით, ის, რომ ახლა თითქოს სამუშაოები შეჩერდა, ტექნიკური მხარე უფროა, რადგან კაშხალს ისე ვერ ააშენებენ, თუ წყალი სადმე არ გაუშვეს, შესაბამისად, ახლა ყოველდღიური და ინტენსიური სამუშაოები მუსელიანის სიტყვებით, ზუსტად ამ მიზეზით მიმდინარეობს.

“პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ეს გახლავთ გვირაბი, რომელზეც ცალკე ნებართვა აქვთ გაცემული, ეს კი კანონმდებლობის ხარვეზია.

მინისტრი კი ამბობს, რომ კაშხლის მშენებლობა შევაჩერეთო, მაგრამ ის სამშენებლო პროცესი, რაც კაშხალს უკავშირდება, არ შეჩერებულა. ამდენად, ის, რომ კაშხალს 12 თვე არ ააშენებენ, ფორმალური ნათქვამია, თუმცა, რას მოიმოქმედებენ არ ვიცით, რადგან ეს შეჩერება არ გახლავთ და არც იმას უკავშირდება, რომ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს,” – გვითხრა “რიონის ხეობის მცველმა.”

ჩვენს შეკითხვაზე –როგორ აფასებენ “რიონის ხეობის მცველები” მინისტრის ნათქვამს იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს თავმჯდომარე პროცესში პირადად ჩაერთო, სამოქალაქო აქტივისტი გვპასუხობს, რომ ეს მათთვის არაფრის მთქმელი განცხადებაა, რადგან “რიონის ხეობის” მცველებისთვის ამ პროცესში უშუალო ჩართვის წინადადებით არავის მიუმართავს.

“ევროკავშირის საბჭო დავებს მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე არჩევს, რას ნიშნავს ეს? როგორი პრეცედენტია, რომ სახელმწიფო საკუთარ მოსახლეობას მხარედ წარმოიდგენს? ჩვენ რომელი ხელშეკრულების მხარე ვართ?

ჯერ ერთი რატომ უნდა ვენდოთ დავების საბჭოს? მეორე – ჩვენთვის არავის არაფერი შემოუთავაზებია. საბჭოს თავად მიმართეს და შემდეგ ფაქტის სახით გამოაცხადეს, რომ დავების საბჭო ჩაერთვება. არაფრად რომ არ უნდათ ჩაგვთვალონ, ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემის ძირითადი შინაარსი. იქამდე ჯერ ვერ მივედით, რომ პროტესტის უშუალო მონაწილეები რამედ ჩაგვთვალონ,” – უთხრა “ფორტუნას” მარიტა მუსელიანს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ვითარება არ შეიცვლება, “რიონის ხეობის მცველები” პროტესტს გააგრძელებენ, თუმცა, კონკრეტულად რა გეგმა აქვთ პროტესტის მონაწილეებს, ჯერჯერობით არ იციან.

“უკვე 200 დღე შესრულდება, რაც აქციებით ვცხოვრობთ და რა თქმა უნდა, პროტესტი გაგრძელდება, თუმცა, ჩვენი თვითმიზანი აქციები არაა, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, გააჩნია როგორ მოიქცევიან. ჯერჯერობით მათი მოქმედება, პროტესტს იწვევს,” – აღნიშნა საზოგადოებრივი მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” დამფუძნებელმა, მარიტა მუსელიანმა.

კაშხალი არ აშენდება უახლოესი 12 თვის განმავლობაში – თურნავა „ნამახვანჰესზე“

 

პოპულარულები