LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინამ მოლაპარაკებებზე უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა – რას აცხადებენ მხარეები

164
277232307_649046369516474_2069677786559386815_n

სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა.

როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები ხვალ გაგრძელდება.

შეხვედრის შემდეგ უკრაინის დელეგაციამ განაცხადა, რომ  გარანტიისთვის მათ ბევრი ქვეყანა სჭირდებათ, მათ შორის თურქეთი. მათი თქმით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. 

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების დასრულებისას, უკრაინის დელეგაციის წევრმა იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსეი ჩალიმ განაცხადა, რომ „შეთანხმება უკრაინის უსაფრთხოებაზე შესაძლო დიპლომატიური ფორმატია ომის დასასრულებლად“.

მისი თქმით, შეთანხმებასთან მიმართებით საკვანძო მოთხოვნა უკრაინისთვის ნატოს მეხუთე პუნქტის ანალოგიური უსაფრთხოების მკაფიო გარანტიის შექმნაა.

„თუ უკრაინა იქნება აგრესიის ობიექტი, ჩვენ გვაქვს უფლება სამი დღის განმავლობაში მოვითხოვოთ კონსულტაცია, თუ კონსულტაციები შედეგს ვერ მოიტანს, მაშინ გარანტორი ქვეყნები უნდა დაეხმარონ უკრაინას შეიარაღებით და ცის ჩაკეტვით“,- განაცხადა ალექსანდრ ჩალიმ.

დელეგაციის წევრის თქმით, თუ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით აღნიშნული ფორმულირებით შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდება, მაშინ უკრაინა მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსზე, უბლოკო სტატუსსა და არაბირთვულ სტატუსზე თანახმა იქნება.

„ასეთი გარანტიებით, რომელიც ნატოს მეხუთე პუნქტის ანალოგიური იქნება, ჩვენ არ განვათავსებთ ჩვენს ტერიტორიაზე უცხოურ სამხედრო ბაზებს და არ შევალთ სამხედრო-პოლიტიკურ კავშირებში. მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არაფერი არ ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის შესვლას ევროკავშირში“,- განაცხადა ჩალიმ.

რუსეთ-უკრიანის მოლაპარაკებების დროს უკრაინის დელეგაციის წევრმა და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკის შეფასებით, მხარეებმა გარკვეული შეთანხმების მიღწევა შეძლეს. მისი თქმით, ყირიმის საკითხი არის შეთანხმების ცალკე პუნქტი, რომელშიც უკრაინული მხარე რუსეთს სთავაზობს უკრაინისა და რუსეთის პოზიციის დაფიქსირებას და 15 წლის განმავლობაში ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვას ყირიმისა და სევასტოპოლის სტატუსზე .

„ამ შეთანხმების იმპლემენტაცია მოხდება შემდეგი პროცედურის მიხედვით: პირველი, ეს იქნება რეფერენდუმი, რომელშიც უკრაინის ყველა მოქალაქე გამოხატავს თავის პოზიციას ამ შეთანხმების შესახებ. ამის შემდეგ მოხდება ხელშეკრულების რატიფიცირება“, – განაცხადა მან.

პოდოლიაკის თქმით, ყირიმის საკითხი არის შეთანხმების ცალკე პუნქტი, რომელშიც უკრაინული მხარე რუსეთს სთავაზობს უკრაინისა და რუსეთის პოზიციის დაფიქსირებას და 15 წლის განმავლობაში ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვას ყირიმისა და სევასტოპოლის სტატუსზე.

შეხვედრის შემდეგ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებმა კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა.

„უკრაინული მხარისგან განსახილველად გადმოგვეცა წინადადებები, გასაგებად ჩამოყალიბებული მათი პოზიციები შეთანხმებაში გასათვალისწინებლად. ეს წინადადებები გადაეცემა პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და უახლოეს პერიოდში გაეცემა პასუხი“, — განაცხადა მედინსკიმ.

მედინსკიმ ასევე თქვა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლებელია მაშინ, როცა მომლაპარაკებლების და საგარეო საქმეთა სამინისტროების შემუშავებული შეთანხმება ხელმოსაწერად მზად იქნება. მისივე თქმით, რუსეთი დეესკალაციის მიზნით დგამს ორ ნაბიჯს – სამხედროს და პოლიტიკურს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მოლაპარაკებებზე ალექსანდრე ფომინმა განაცხადა, რომ ორმხრივი ნდობის, შემდგომი მოლაპარაკებების გაგრძელებისა და საბოლოო შეთანხმების მიღწევის მიზნით, მიღებულია გადაწყვეტილება, სამხედრო აქტივობების კარდინალურ ზომებით შემცირებაზე კიევის და ჩერნიგოვის მიმართულებებით.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა მანამდე განაცხადა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინაში „თავდასხმის მიზნების” შესრულება და ამ დროისთვის კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გარკვეული ნაწილების გაყვანა შეინიშნება, თუმცა რუსეთის მხრიდან უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მაღალი რისკი კვლავ არსებობს.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა დედაქალაქის მიმართულებით წინ ვერ წაიწია და უკრაინელები კიევის ოლქში კონტრშეტევებზე გადავიდნენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ პირველადი ამოცანები შესრულებულია და ამიერიდან დონბასზე იქნებიან კონცენტრირებული.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში