„ვერ წარმომიდგენია, „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყოს პარლამენტში – გვინდა ქუჩაში დარჩენილი მთავარი ოპოზიციური პარტია?“, – ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა.
მისი განმარტებით, გულუბრყვილობაა, ვინმემ იფიქროს, რომ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება მთავარი ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე შეიძლება.
მისივე განმარტებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, პარტიაში დისკუსიები მიმდინარეობს.
,,რა თქმა უნდა, იყო კონსულტაციები და გადაწყვეტილებას მიიღებს პარტიის პოლიტიკური საბჭო. არ არის დასამალი, რომ განსხვავებული აზრებია, თუმცა პირადად მე ვერ წარმომიდგენია, რომ ამ ახალ შექმნილ ვითარებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყოს პარლამენტში. „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ხელისუფლება ვერ შეიცვლება და გულუბრყვილობაა, ვინმემ იფიქროს, რომ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება შეიძლება მთავარი ოპოზიციური პარტიის გარეშე. მაგრამ, ეს თუნდაც ასეთი მძლავრი პარტიის თემა არ არის, ეს არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საკითხი და ამის განხილვა არ არის მხოლოდ პარტიული ინტერესების კონტექსტში მოსააზრებელი. გარდა იმისა, რომ პარტიას ყოველთვის თავისი ინტერესები აქვს, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება არსებით გავლენას მოახდენს ოპოზიციურ ფლანგზე შექმნილ ვითარებაზე. ერთია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება გარეთ, ქუჩაში, ხდება არასაპარლამენტო პარტია და კარგავს ბერკეტებს, რომელიც პარლამენტს გააჩნია, საერთაშორისო წონას, იმიჯს და მეორეა ურთიერთობა ოპოზიციურ პარტიებთან. ჩვენ გვინდა ქუჩაში დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მონაწილეობას არ მიიღებს ადგილობრივ არჩევნებში? თუ პარლამენტში არ შედიხარ, მაშინ ადგილობრივ არჩევნებში რა გინდა?“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
რომან გოცირიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა გახდეს საერთაშორისო ზეწოლისა და ხვეწნა-მუდარის ობიექტი – „გინდათ თუ არა, პარლამენტში შედითო“.
„შესულებსა და არ შესულებს შორის უკვე მიდის ეპითეტებით შემკობა, რაც არ ასახავს არცერთი პარტიის წისქვილზე წყალს. თუ ასეთ ვითარებაში შევედით თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია ვერ მოაგროვებს 57%-ს. რეალური შანსია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციამ არ შეასრულებინოს ვალდებულებებით გათვალისწინებული ნორმა, რის შემდეგაც საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავენ. როდესაც მოგვმართავენ უცხოელები, არც ეს არის პოზიტიური რამ. დღეს ევროპარლამენტის ოთხმა დეპუტატმა მოგვმართა, „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა გახდეს საერთაშორისო ზეწოლისა და ხვეწნა-მუდარის ობიექტი გინდათ თუ არა, შედითო. ჩვენ არ უნდა წარმოვჩინდეთ ისეთ პარტიად, რომელიც ამ მოლაპარაკებების პროცესში საჯიკავებელი გახდება. პირიქით ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო პროაქტიულები, მივიღოთ გადაწყვეტილება და არ არის საჭირო დროის გაწელვა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან სწრაფად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ამაში ნიკა მელიამ უნდა ითამაშოს თავისი როლი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.