ვერიკო ტურაშვილის ახალი კლიპის პრემიერა 9 ნოემბერს ინტერნეტსივრცეში შედგება.
ვერიკო ტურაშვილი:
„ეს არის ძველი აზერბაიჯანული ტრადიციული სიმღერა. მე დიდი ხანია, აზიური მუსიკის მოტრფიალე ვარ და სულ ვეძებდი იმისთვის, რაღაც ახალი, ჩემეული აზიური მუსიკაც მომესინჯა. პანდემიის პერიოდში ჩავწერე ეს სიმღერა – „ამან“ ჰქვია სახელად. ქართულ ტექსტზე იმუშავა ნანა ცინცაძემ. არანჟირება არის ცოცხალი, ჩაწერეს მუსიკოსებმა თბილისში, პარიზსა და სტამბოლში. პარიზში ცხოვრობს აზერბაიჯანელი პიანისტი ეთიბარ ასადლი, რომელიც ასრულებს მუღამს, სწორედ მან ჩაგვიწერა პარტია ჩემი კომპოზიციისთვის, ხოლო სტამბოლში ჩავწერეთ ინსტრუმენტალისტი ნეი ეიუფ ჰამიში, რომელიც უკრავს სასულე ინსტრუმენტზე, ძალიან მაღალი კლასის მუსიკოსია. თბილისში ვმუშაობ სხვადასხვა სტუდიაში. ეს სიმღერა ჩაიწერა რომა გიორგაძესთან, მასთან ჩავწერე ვოკალი და მასვე ეკუთვნის კომპოზიციის მასტერინგიც.
კლიპი უკვე გადაღებული მაქვს და 9 ნოემბერს შედგება ინტერნეტპრემიერა. გადავწყვიტე, რომ სოციალური ქსელი არის ყველაზე კარგი საშუალება, ზედმეტი პათოსის გარეშე. ეს არის ყველაზე მარტივი გზა, რომ ყველამ ნახოს და კარგ ხარისხში მოისმინოს. რეჟისორი არის გიორგი ცაავა. კლიპზე იმუშავა ალექსანდრე ფურცხვანიძემ.
კლიპში მონაწილეობს თამრი ხურცილავა. ის განასახიერებს ასე ვთქვათ, ჩემს ემოციას…
ვიდეოში გამოყენებული კოსტიუმები ჩემი ბრენდის, „ტრიკოს“ ბაზაზე შეიქმნა“.