„ჰაერში ტყვიის შემცველობა ნორმას არ აღემატება“ – გარემოს დაბინძურების მაჩვენებლებზე ძირითადად, ასეთ სიახლეებს ვაწყდებით, სადაც გვეუბნებიან, რომ ჰაერი საგანგაშოდ დაბინძურებული არ არის, თუმცა მასში რომელიღაც დამაბინძურებელი ყოველთვის აღემატება დასაშვებ ნორმას. ხელისუფლება ამბობს, რომ ეს საგანგაშო არ არის, თუმცა გარემოს დამცველები და პერიოდულად ჩატარებული კვლევები სხვაზე მეტყველებს.

ადამიანის უფლება, ისუნთქოს სუფთა ჰაერი და იცხოვროს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, საქართველოს კონსტიტუციითა განსაზღვრული – ეს მინიშნება ომბუდსმენის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია გაკეთებული. კვლევა საქართველოში ჰაერის დაბინძურების ხარისხსა და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებს მიმოიხილავს.

კონსტიტუციური უფლების გათვალისწინებით, ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება სახელმწიფოს აკისრებს ორი სახის ვალდებულებას: 1. აქტიური ქმედებების ფარგლებში (ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და სხვა სახის პროექტებისა თუ სხვა ღონისძიებების განხორციელებისას) გაითვალისწინოს და მაქსიმალურად შეამციროს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება; და 2. დაიცვას გარემო კერძო პირების დაზიანებისგან.

შესაბამისი ჩანაწერი მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, მოითხოვონ სახელმწიფოსგან ამ უფლების დაცვა. თუმცა, მოთხოვნებს საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილი აყენებს.

 

აქცია – ახალგაზრდების გარკვეულმა ჯგუფმა სუფთა ჰაერი ამ გზით მოითხოვა მათ თბილისის ცნობილ ძეგლებს პირბადეები გაუკეთეს

 

მიუხედავად ბოლო დროს ქვეყანაში გადადგმული პოზიტიური ნაბიჯებისა, ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით ვითარება კვლავ მძიმეა, რასაც მრავალი გარემოება განაპირობებს – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში და საქართველოში ატმოსფერული ჰაერის მნიშვნელოვანი დამაბინძურებლებია ჩამოთვლილი:

ომბუდსმენის ცნობით, თითოეული ხსენებული დამაბინძურებელი მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული სიკვდილიანობისა და ავადობის მაჩვენებელთან, თუმცა მყარი ნაწილაკები გაცილებით მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე სხვა ნებისმიერი ნივთიერება. მტვრის მყარი ნაწილაკები შედგება ჰაერში მოხვედრილი ორგანული და არაორგანული ნივთიერებების მყარი და თხევადი ნაწილაკების რთული ნარევისგან. მათი მთავარი კომპონენტებია სულფატები, ნიტრატები, ამიაკი, ნატრიუმის ქლორიდი, შავი ნახშირბადი,

მინერალური მტვერი და წყალი. მტვრის მყარი ნაწილაკების დიფერენციაცია ხდება ფრაქციებად, მათი ზომის შესაბამისად. ყველა მცირე მტვრის ნაწილაკები ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშად მიიჩნევიან. მათ შესწევთ უნარი, შეაღწიონ ბრონქიოლების პერიფერიულ უბნებში და შეაფერხონ ჰაერცვლა.

აღსანიშნავია, რომ ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია მდგრადი განვითარების ყველა მიზანთან და გავლენას ახდენს მათ შესრულებაზე:

ჰაერის დაბინძურებასთან ერთად, ანგარიშში ნათქვამია, რომ პრობლემის მოსაგვარებლად, არც კანონმდებლობა და არც მწვანე სივრცეებია მოწესრიგებული. ეს ორი ფაქტორი კი, ქვეყანაში დამაბინძურებლების შემცირებაზე დიდ გავლენას მოახდენდა.

“ამდენად, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და პრევენციისთვის აუცილებელია, არსებული მონაცემებისა და საუკეთესო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, დროული და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, როგორც საკანონმდებლო, ისე პოლიტიკის დონეზე,” – აღნიშნულია კვლევაში.

ჰაერის დაბინძურების თემაზე ანგარიშის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემაც ისაუბრა. მისი განცხადებით, ქვეყანაში ყოველწლიურად, 11 ათასი სიკვდილის შემთხვევა პირდაპირ ან არაპირდაპირ ჰაერის ფაქტორთანაა დაკავშირებული. რაც შემთხვევების 20 -21%-ია. 

 

ვიცით, რომ რასაც ვსუნთაქვთ, ის შესაძლოა გვკლავდეს, თუმცა წლებია ძირეული ცვლილებები არ ხდება. გარემოსდამცველები ამას ხელისუფლების ქმედებებს უკავშირებენ.

გარემოს დამცველი ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ ანგარიში არსებული რეალობის ადეკვატურია. მისივე თქმით, ხელისუფლების მცდელობა, რომელიც უკვე ტრადიციული გახდა, რომ საზოგადოება დააწყნაროს, არის დანაშაულებრივი.

„ხელისუფლება არ მოიპოვებს და მალავს ინფორმაციას, თუ რა გარემოში ვცხოვრობთ და ამით საფრთხეში აგდებს უამრავი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამას ემატება სხვა ქმედებები, რომ ქალაქში გრძელდება ქაოტური მშენებლობები, პრობლემების მოგვარებისთვის საჭირო რეფორმები კი, დროში იწელება ან სიმბოლურ სახეს ატარებს,“ – აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი „ფორტუნასთან“.

მისივე თქმით, რეფორმების ვადაში გაწელვა, კორუფციული მიზნებით ხდება. ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლება „ღია ყაჩაღები“ იყვნენ, მოქმედი ხელსიფულება კი, „მორიდებული ქურდები“ არიან.

„ეს არის ერთერთი ძირითადი ტაქტიკა, რაც ხელისუფლებას ახასიათებს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების მაქსიმალურად გახანგრძლივება არის ერთერთი მეთოდი, რომლითაც ისინი ცდილობენ, კვლავ განაგრძონ უკანონო შემოსავლების მიღება, იგივე სამშენებლო სფეროში და არა მხოლოდ აქ,“ – აცხადებს ჩხარტიშვილი.

გარემოსდამცველი „ფორტუნასთან“ სამშენებლო მოედნის სველი წესით დამუშავების შესახებ ახალ ინიციატივაზეც საუბრობს და ამბობს, რომ რეფორმა აუცილებლად გასატარებელია, თუმცა გაუგებარია, რატომ უნდა გავრცელდეს ის მხოლოდ თბილისზე. 

„პარლამენტი გვყავს, რომელშიც ერთ ადამიანს მაინც უნდა უჩნდებოდეს კითხვა, რატომ მხოლოდ თბილისი? ეს ძალიან მაგონებს ცნობილ გამოთქმას – „ტანკებმა ორჭოსანში გადაუხვიეს, გადავრჩით მეგობრებო, გილოცავთო“. თბილისის გარეთაც ადამიანები ცხოვრობენ და მათაც ისეთივე უფლება აქვთ დაცული იყოს მათი სიცოცხლე და გარემო, როგორც თბილისში მცხოვრებლებს,“ – აცხადებს ის დასძენს, რომ თუ რაიმე კარგი კეთდება, უნდა გავრცელდეს მთელს ქვეყანაზე და თან დროულად.

ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, განსაკუთრებით ეს რეფორმაა ყველგან გასატარებელი, რადგან მტვრის პრობლემა დგას მთელ საქართველოში. ამ პრობლემას გარემოსდამცველი სამშენებლო სამუშაოების მოძველებული სტანდარტებით განხორციელებას უკავშირებს.

კიდევ ერთი თემა, რაზეც გარემოსდამცველმა ისაუბრა, გამწვანებაა. ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, ამ მხრივ მდგომარეობა უმძიმესია, როგორც ურბანულ სივრცეებში, ისე ველურ ბუნებაში.

„მონაცემები შეგნებულად არ არსებობს საქართველოში. არ ხდება ინვენტარიზაცია არც ქალაქის ურბანული სივრცეების და არც ველურ ბუნებაში. რადგან, მღვრიე წყალში თევზი იოლად იჭირება. არსებული მონაცემები ფრაგემენტულია, თუმცა მაინც შემაშფოთებელია. ამ მიმართულებით მეტი სახსრები უნდა გაიღონ და როცა რაღაც ხორციელდება, ესეც ცალკე აღებულ გარკვეულ მონაკვეთზე არ უნდა კეთდებოდეს, რადგან თბილისის ზღვაზე დარგული ხეები ქალაქის სხვა უბნებზე შედეგს არ მოგვცემს,“ – ამბობს ის.

ჰაერში დამაბინძურებლებზე ინფორმაციის მიღება თავისუფლად შესაძლებელია სპეციალური ვებ გვერდიდან, რომელიც ცოტა ხნის წინ ამოქმედდა და რომელიც სპეციალური სადგურებიდან ინფორმაციას პირდაპირ რეჟიმში ასახავს, თუმცა მონაცემები მწირია, ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით დადგმული მობილური სადგურები.

 

კატეგორიები: ანალიტიკა
თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05