LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ ემუქრებოდა თამრიკო ჭოხონელიძეს: „ძალიან შევშინდი და ძალადობის მსხვერპლი ვხდებოდი…“

1262
tamriko (3)

ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში თამრიკო ჭოხონელიძემ ისაუბრა იმის შესახებ, როდის შეეშინდა, რომ ძალადობის მსხვერპლი გახდებოდა:

„ძალიან პატარა ასაკში უბრალოდ მესმოდა, რომ ქმარმა ცოლს უყვირა, ისეთ ეზოში ვცხოვრობდი, რომ ასეთი რაღაცები ხდებოდა, მაგრამ რაღაცნაირად არ აღვიქვამდით ისეთი სიმძაფრით. საკმაოდ ზრდასრულ ასაკში გავათვითცნობიერე, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. მე ვიზრდებოდი ისეთ ოჯახში, სადაც ასეთი რამ არ ხდებოდა. დღეს ბევრი მიმთითებელია, რომ ხმა უნდა ამოვიღოთ. პირველად რომ გავიგე ძალადობის შესახებ, ძალიან განვიცადე, ღამეები არ მეძინა, მაგრამ ნამდვილად არაფერი გამიკეთებია და ეს იმ გარემოს ბრალია, სადაც ვიზრდებოდით. მეზობლის ამბებში ვერ ჩაერეოდი… დღეს არის ამის საშუალება, თუმცა ხშირად ქალები არ გვიწყობენ ხელს ამაში.

აღარ დადგა ის დრო, რომ ეს საშინელი სიბნელე გავარღვიოთ? ფსიქოლოგიური და ფიზიკური – ორივე ძალადობაა. მე მახსოვს, რამდენიმე წლის წინ მაია ასათიანს ჰქონდა გადაცემა „რუსთავი 2“-ზე. ყველა ვიყავით აღშფოთებულები. შვიდ და რვა წელიწადში კი არა, ყოველ მეორე დღეს უნდა კეთდებოდეს ასეთი გადაცემები. მკვლელობები ხდება, იქამდე მიდის… მაშინ მაიამ მკითხა, როგორ მიმართავდით ასეთ ქალებსო და მაშინ ასე მივმართე: თუ თქვენ ვერ ახერხებთ იმას, რომ გახვიდეთ და ვინმეს შეატყობინოთ, რომ გიჭირთ, მეც ვიქნები ერთ-ერთი შუამავალი თქვენსა და თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციას შორის. მაშინვე დამიკავშირდა ოთხი ქალი. აქედან ორთან დღემდე კონტაქტი მაქვს. ერთმა მითხრა, რომ ძმები და მამა ჰყავდა, რომლებიც თუკი გაიგებდნენ, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო, შეიძლება, მკვლელობა მომხდარიყო. „საფართან“ დავაკავშირე. ერთ დღეს დამირეკა, სოფელში გაიქცა და ჩემი ქმარი იქ მოდისო, ძმებმა და მამამაც გაიგეს. დავრეკე პატრულში და პატრულმა მიუსწრო და ის კაცი დააკავეს…

მე კინაღამ აღმოვჩნდი, ოღონდ სრულიად უცხო ადამიანისგან, ძალადობის მსხვერპლი. 13 ივნისს, როცა დიმა ობოლაძე გამოვიდა და გამოაცხადა, რომ იყო ნიღბების სამმაგ ფასში გაყიდვის შემთხვევები და ასევე ტაქსისტებისგან გაზრდილი ტარიფები, დავწერე პოსტი – პირად გვერდზე გამომეხმაურა ადამიანი, რომელიც იგინებოდა. ვიფიქრე, რომ შევეშალე, მაგრამ არ შემეშალეო. ვხედავ, მამრობითი სქესია. აღმოჩნდა ტაქსისტი, რომელმაც თავისი ეს საქციელი გაამართლა. ერთი თვის განმავლობაში ისიც ვერ მოვიფიქრე, რომ დამებლოკა. მემუქრებოდა… ოჯახის მამაკაცი წევრები მყავს და ძალიან შევშინდი. ორივე თვალზე ბადურის ჩამოშლა დამეწყო და საოპერაციო გავხდი. განვიცდიდი, ოღონდ სადმე არ დამხვდეს-მეთქი. რამ შემაშინა… ძალადობის მსხვერპლი ნამდვილად ვხდებოდი. მერე გავანდე ჩემს მეგობარს. მივედით პატრულში. განვაცხადე ოფიციალურად. პატრულის ბიჭები სირცხვილისგან სად წასულიყვნენ, არ იცოდნენ. დაიბარეს. ისეთ დიდ გულზე მწერდა. ზუსტად ვიცოდი, რომ მშიშარა იქნებოდა. ვთხოვე წარმომადგენლებს, ვინც ჩაიბარა ჩემი განცხადება, შემახვედრეთ-მეთქი. ისეთი ლაჩარი ამოვიდა კიბეებზე, ჩია, სუსტი… შევხედე თვალებში და ვკითხე, შენ ის კაცი ხარ, ვინც ამას წერდი-მეთქი? აი, ეს მინდოდა მენახა-მეთქი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g