პრემიერ – მინისტრის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ, გადამდგარიყო, გააჩინა ცუდის მოლოდინები შეიძლება, მან უბრალოდ გაასწრო მელიას დაჭერის ოპერაციას, – ამბობს „ფორტუნასთან“ საუბარში კონსტიტუცინალისტი და ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე.

მისი თქმით, გახარიას წასვლით ქვეყანა სრულიად ახალ პოლიტიკურ რეალობაში აღმოჩნდა.

„ვფიქრობდი, რომ პოზიცია მმართველ გუნდში, მელიას პროცესთან დაკავშირებით იყო ერთიანი. აღმოჩნდა, რომ ეს პროცესი სულაც არაა ერთიანი და გუნდში ყოფილა იმ დონის ძლიერი დაპირისპირება, რომ ამის გამო პრემიერმა დატოვა თანამდებობა.

ეს ქმნის სრულიად ახალ პოლიტიკურ რეალობას და ცუდ მოლოდინებს აჩენს.

სრულიად ახალ პოლიტიკურ რეალობაში აღმოვჩნდით, თავისთავად პროტესტმა მეორე რიგში გადაინაცვლა. პრემიერმა იმდენად სწრაფად გააკეთა განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით, რომ ჩნდება განცდა, რომ მან რაღაც პროცესებს გაასწრო, რომელმაც შესაძლოა, აქამდე არსებული რთული სიტუაცია უფრო გაართულოს“. – ამბობს ძაბირაძე.

მისი თქმით, მელიას საქმესთან დაკავშირებით თუ ასეთი აზრთა სხვადასხვაობა იყო, პარლამენტს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის დეპუტატის მანდატი არ უნდა გაეუქმებინა.

„ასეთი განხეთქილება თუ იყო, მმართველ გუნდსა და პირველ რიგში პარლამენტს არ უნდა მიეღო გადაწყვეტილება მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებაზე. პარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო და მას თავისუფლად შეეძლო პროკურატურის მოთხოვნაზე ეთქვა უარი, უნდა მიეღო პოლიტიკური და არა სამართლებრივი გადაწყვეტილება. გუნდში თუ ამ ხარისხის დაპირისპირება იყო, ეს უნდა გაეთვალისწინებინა გუნდს“, – აცხადებს ექსპერტი.

კითხვაზე, მარტო მელიას საქმეა გახდა პრემიერის წასვლის მიზეზი, ძაბირაძე პასუხობს:

„შესაძლოა გახარიამ ასეთი ვითარება გამოიყენა და გადადგა, რადგან იცოდა, რომ ხვალ და ზეგ ისედაც მოუწევდა პრემიერობის დატოვება.  შესაძლოა, მელიას დაკავების ოპერაციის პროცესს დაასწრო, რომ მას არ ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული იმ პროცესში, რაც შეიძლება მოხდეს“. – განმარტავს ძაბირაძე ჩვენთან საუბარში.

ექსპერტი ვარაუდობს, როგორ შეიძლება  განვითარდება მოვლენები პრემიერის წასვლით და ასახელებს რამდენიმე კანდიდატს, ვინც შეიძლება გახარია შეცვალოს.

„ძალიან რთული მდგომარეობა და რთული ვითარებაა. თუმცა სავარაუდო კანდიდატები არც ისე ბევრია. 

ორი კვირის განმავლობაში მოვალეობას ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი შეასრულებს. კონსტიტუციით ორი კვირა სჭირდება მთავრობას რომ ის სხვა კანდიდატით ჩაანაცვლოს. 

რთულია იმის თქმა, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ სამეულიდან ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე და არჩილ თალაკვაძე ალბათ რომელიმე პრემიერი იქნება, შესაძლოა მაია ცქიტიშვილიც აირჩიონ. ძალიან გამოჭირდება ახლა რაიმე კონკრეტულის თქმა“. – ამბობს ექსპერტი.

პრემიერ-მინისტრის გადადგომით, გადამდგარია მთავრობაც

კითხვაზე,  გახარიას წასვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილმა, თუ გუნდმა, ძაბირაძე პასუხობს:

„არ მგონია გახარიას წასვლის გადაწყვეტილება ივანიშვილს მიეღო, ეს მის ხელწერას არ ჰგავს. 

ამ გადადგომამ სრულიად შეცვალა ძალთა ბალანსი და ასეთ შემთხვევაში ივანიშვილი ყოველთვის მოქნილი იყო ხოლმე“. – აცხადებს ძაბირაძე ჩვენთან საუბარში. 

გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, შსს-მ ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი დაკავების ღონისძიება დროებით გადადო

შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. როგორც განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

გიორგი გახარია პრემიერობის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა.

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები