სააკაშვილთან შეხვედრის ოთახი აღჭურვილია ვიდეოკამერებით და ხორციელდება აუდიოჩაწერა, იმისთვის, რომ ჩვენი კომუნიკაცია დაცული ყოფილიყო, წერილობით ვეკონტაქტებოდით, დღეს კი ეს სივრცე ამოქოლეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ მისი და ჩვენი შეხვედრის ოთახი აღჭურვილია ვიდეოკამერებით და ხორციელდება ასევე აუდიოჩაწერა. იმისთვის, რომ ჩვენი კომუნიკაცია ყოფილიყო დაცული, ჩვენ მას წერილობით ვეკონტაქტებოდით, რისთვისაც მაღლა დატოვებული იყო სივრცე, არ იყო ბარიერი და არ იყო ბოლომდე ამოვსებული.
დღეს როდესაც შევედით შეხვედრების ოთახში, აღმოვაჩინეთ, რომ ამ ოთახშიც რემონტი ჩაუტარებიათ და ეს სივრცეც ამოქოლილი იყო, ანუ ამოაშენეს ბარიერი ბოლომდე, რომ არ გვქონდეს მიხეილ სააკაშვილთან პირდაპირი კომუნიკაცია და ყველა კომუნიკაცია გაკონტროლდეს ხელისუფლების მხრიდან. მეორეც, უბრალოდ, გართულდეს კომუნიკაცია. ადამიანი 27-ე დღეა შიმშილობს, ბუნებრივია, დასუსტებულია და ხმის გაგონებაც კი რთულია, თუ ხმამაღლა არ იყვირე დღეს არსებული რეალობით. თან სასაცილო არგუმენტი დაგვახვედრა ციხის ადმინისტრაციამ, რომ თურმე კოვიდის გამო ააშენეს ეს ბარიერი.
ამას გვეუბნება ხელისუფლება, რომელიც თავად აორგანიზებს ძალიან მრავალრიცხოვან აქციას, ამას გვეუბნება ციხის ადმინისტრაცია, რომელმაც ამ ბარიერის ნაწილად, ხმა რომ ბოლომდე არ დახშულიყო, შუაში ბადე გააკეთა. ბადე რომ კოვიდს ვერ შეაკავებს, ყველასთვის ცხადია“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.
