LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წასვლა გადაწყვიტა ჩემმა მეგობარმა…მე ახლა მეგობარმკვდარი მქვია” – ჟურნალისტი ირმა კახურაშვილი გარდაიცვალა

1677
BeFunky-collage - 2023-09-05T000709.066

ჟურნალისტი ირმა კახურაშვილი თავის ტვინის სიმსივნესთან დიდხნიანი ბრძოლის შემდეგ, სამწუხაროდ  გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, ირმა ბოლო პერიოდი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ირმას კოლეგა და მეგობარი, ასოცირებული პროფესორი ოლიკო ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს:

„წასვლა გადაწყვიტა ჩემმა მეგობარმა…
ამას მაშინ მივხვდი, როცა მომწერა –
არ უნდა გენახე ასეთი,
არ უნდა დაგმახსოვრებოდი…
და ყოველ ჯერზე თვალწინ მიდგას
გაცრეცილი სახე,
ჩამქრალი თვალები,
მისი სუსტი ხმა,
რომელიც მეხვეწებოდა:
იხმაურე, გეხვეწები იხმაურე,
გაიცინე, მომიყევი რამე…
მე კი კრიჭა მქონდა შეკრული…
მისი ტკივილისგან დალურჯებული სხეული
ცრემლებად გამომყვა გასავლელ გზაზე…
მე ახლა მეგობარმკვდარი მქვია…
ასე მეცლებიან მეგობრები…
ტკივილებით, ტანჯვით, უსიყვარულოდ მიდიან…
და მართლა ვხვდები მათ რომ ყვარებოდათ,
ვინც მათთვის ძვირფასი იყო…
რაღა მოკლავდათ,
რა მოერეოდათ…
არ ვიცი, ძალა მათი მომრევი…
და მე რა…
მე არ ვარ არასდროს საკმარი…
რადგან მეგობრად ვარ დაბადებული…
საიდუმლოთა შემნახველი…
სკივრივით თავდახურული,
გასაღებდაკარგული..
მეგობარმკვდარი ვარ,
უკვე მერამდენე მეგობარმკვდარი…
ვრჩები აქ,
მათი სიცოცხლის ამბის მოსაყოლად…
ამისთვის ალბათ, ვიქნები საკმარი,
ძალა თუ მეყო…
თუ მეყო მეც სიყვარული…
მანამდე კი, უნდა ვისწავლო –
ფიქრი, სადაც ჩემი მეგობარი
მოგონებად გადაიქცევა,
ფიქრი, რომელიც მომანატრებს,

წვიმაში ცხელ ყავას…
ალუბლების აყვავილებას…
ამბებს გრძელს – სასიყვარულოს,
ანდა უბრალოდ, საამბოს…
დარდებს – შვილებზე და ქმრებზე,
ხანდახან დედებზე და მამებზე…
მეგობრების იმედგაცრუებაზე…
ხან კი სამსახურზე,
უმთავრესად – წერაზე…
მერე ისევ სიყვარულზე,
გიჟურ სექსზე,
ანდა სულაც უსექსობაზე…
სიკვდილზე და სიცოცხლეზე,
მარადისობაზე…
ტკივილზეც,
განა მარტო ტკივილზე –
სიხარულზეც…
დავივიწყო ფიქრი –
ისეთ ამბებზე,
მხოლოდ მე და მან რომ ვიცოდით…
სიცილი – სიცილიც უნდა დავივიწყო,
იმ თემებზე მხოლოდ ჩვენ რომ გვეცინებოდა.
იმ სტიმულს რაღას ვუზამ
ერთმანეთს რომ ვაძლევდით –
ისიც უნდა ჩავაბარო წარსულს…
რადგან ახლა მეგობარმკვდარი ვარ,
საკუთარი თავიც უნდა შემებრალოს
რადგან მიწა ჩემს ბავშვობას მიეყრება
და სამუდამოდ დაიმარხება…
არ ვიცი, ამოვა კი ხედ?
გაიდგავს ფესვებს თუ სულ მტვრად იქცევა?
მეგობარმკვდარი ადამიანები
რაღაცნაირად უფრო ობლები არიან სამყაროში…
რადგან საკუთარი მეს ნახევარი უკვდებათ…
რომელსაც მეგობართან ერთად მარხავენ.
და რჩებიან განახევრებულნი, გახლეჩილნი,
ნახევრადდამარხულნი, ნახევრადმიწადქცეულნი,
უფრო მდუმარენი, უფრო მარტონი…
ჩემმა მეგობარმა წასვლა გადაწყვიტა –
და მე დავრჩი მეგობარმკვდარი –
სამყაროს სხვა ნაწილში, სანახევროდ მიწამიყრილი”, – წერს ოლიკო ცისკარიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g