„ჩვენ ვიხილეთ სრულიად გაუგონარი, ეგრეთ წოდებული, „დვიჟოკების“ აჟიოტაჟი, რომელიც გაუთვითცნობიერებელმა ადამიანებმა წამოიწყეს“, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის თხოვნაზე, გაეგზავნათ გენერატორები ომში მყოფი ქვეყნისთვის, პასუხი ვერ გასცა.
როგორ მანვე აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ საფუძვლიანი განცხადება გააკეთა, რომ ამ სიმძლავრის გენერატორები საქართველოს არ აქვს.
წულუკიანი თქმით, სწორედ ამიტომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შესაბამის აღჭურვილობას სახელმწიფო თანხებით შეიძენენ და უკრაინას გადასცემენ.
„უკრაინიდან მიღებულ იქნა შესაბამისი საჭიროებების ნუსხა. ამ ნუსხაში სწორედ მაღალი სიმძლავრის გენერატორებს ჰქონდა წამყვანი ადგილი.
ვიდრე საქართველოს ხელისუფლება ამ საჭიროებების საპასუხოდ შესაბამის ნაბიჯებს გადადგამდა, ჩვენ ვიხილეთ სრულიად გაუგონარი, ეგრეთ წოდებული, დვიჟოკების აჟიოტაჟი, რომელიც გაუთვითცნობიერებელმა ადამიანებმა წამოიწყეს.
ირაკლი კობახიძემ გუშინ სავსებით საფუძვლიანი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ამ სიმძლავრის გენერატორები ჩვენს ქვეყანას არ აქვს. ამიტომაც ხდება ამ აღჭურვილობის სახელმწიფო თანხებით შეძენა, რომელსაც საბიუჯეტო წლის ბოლოს განსაკუთრებული მობილიზება და პროცედურები სჭირდება.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს თანხა მობილიზებული უნდა იყოს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მთავრობის, შესაბამისი კომპეტენტური უწყებების მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ხალხის სახელით, მთავრობის მიერ შეძენილ იქნეს და გადაცემული საჭიროებისამებრ.
სხვანაირად ვერც იქნებოდა, მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს იმასთან, რომ ყველაფერში დავინახოთ ნეგატივი და ვეძებოთ კატები იქ, სადაც კატა არ არის.“– განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, პრემიერის გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, უკრაინაში გენერატორები გაიგზავნება.