საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა ახალ პიკს მიაღწია. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ინფიცირების 26 320 შემთხვევა დადასტურდა. ეს ორწლიანი პანდემიის განმავლობაში, საქართველოსთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
26 320 ახალი შემთხვევა და 44 გარდაცვლილი – განახლებული კოვიდსტატისტიკა
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე ბავშვთა ინფიცირების მაჩვენებელზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის 15%-ს შეადგენს.
“7-10 დღის განმავლობაში მიაღწევს საქართველო მაქსიმუმს და შემდეგ დაიწყება შემთხვევების კლება. ძალიან ხანმოკლეა ომიკრონით გამოწვეული მთლიანი ტალღა – აღმავალი მრუდი პიკი და შემდეგ შემცირება, ამიტომ ვამბობთ, რომ თებერვლის პირველი 10 დღე ან კვირა იქნება გამონაკლისი და იქნება ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.
სავარაუდოდ, ომიკრონი საქართველოში დომინანტური ვირუსია და ყველა შემთხვევა შეიძლება ჩაითვალოს როგორც ომიკრონით განპირობებული.
15% არის ბავშვების ინფიცირების მაჩვენებელი. 10 ათასი ინფიცირებულის შემთხვევაში, საქართველოში ნიშნავს რომ 1500 ბავშვია ყოველდღე ინფიცირებული. როცა ამაზე ორჯერ და სამჯერ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, გამოდის, რომ ყოველდღიურად, 3-4 ათასი ბავშვი ინფიცირდება საქართველოში,” – ამბობს ივანე ჩხაიძე.