გასული წლის ბოლოს დიდ ბრიტანეთის სამხრთ-აღმოსავლეთში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა, რომელსაც მეცნიერებმა და ექიმებმა  B.1.1.7 უწოდეს.

ბრიტანეთში, სადაც კორონავირუსის ვაქცინაცია პირველად დაიწყო, დაინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად მზარდია. ექიმები ამ შედეგს კორონავირუსის ახალ შტამს უკავშირებენ.

პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოეცხადებინა. ექიმები და ეპიდემიოლოგები ვირუსის გავრცელების სხვა მეთოდს ჯერ ვერ ხედავენ.

კორონავირუსის ახალი შტამი უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა. მათ რიცხვს გუშინ საქართველოც შეუერთდა.

კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოშიც დაფიქსირდა

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ყველა დეტალი არ ვიცით, ექსპერტები სულ უფრო რწმუნდებიან, რომ ის უფრო ადვილად გადამდებია, ვიდრე სხვა შტამები.

შევეცადეთ, მოგვეძიებინა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ამჟამად ამ ახალი შტამის შესახებ არის ცნობილი. 

პირველ რიგში უნდა დაგამშვიდოთ. ის უფრო ადვილად გადამდებია, თუმცა მისი კლინიკური ნიშნები უკვე არსებულისგან არ განსხვავდება.

არაფერი უცნაური მის გამოჩენაში არაა.  შტამი B.1.1.7  კორონავირუსის ერთ-ერთი მუტაციაა, რომელსაც ის ადამიანის უჯრედზე მისაკრობად და შესასვლელად იყენებს.

პირველად ის სექტემბერში ინგლისის კენტის საგრაფოში დააფიქსირეს, მასშტაბური გავრცელება კი ნოემბერში დაიწყო.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ვირუსის მუტაცია შეიძლება მოხდა ადამიანში, რომელსაც შესუსტებული იმუნიტეტი ჰქონდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ გრიპისგან განსხვავებით, ახალ კორონავირუსს შეუძლია შეასწოროს გამრავლების დროს წარმოქმნილი შეცდომები და შესაბამისად, აქვს საკმაოდ სტაბილური გენომი.

იქნება თუ არა ის უფრო მომაკვდინებელი, ვიდრე კოვიდ-19

ექსპერტები იმედოვნებენ, რომ არა. თუმცა, ის გაცილებით ადვილად ვრცელდება, რაც ნიშნავს, რომ უფრო ბევრ ადამიანს დასჭირდება ჰოსპიტალიზება. საავადმყოფოების გადატვირთვის შემთხვევაში კი, შემცირდება მძიმე პაციენტთა მკურნალობის ხარისხი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა.

იმოქმედებს თუ არა ვაქცინები ახალი შტამის წინააღმდეგ?

ექსპერტთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ვაქცინები ბრიტანეთში გამოჩენილი ახალი შტამის წინააღმდეგ იმოქმედებს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, რამდენიმე ადგილას მომხდარი მუტაცია სავარაუდოდ საკმარისი არ იქნება იმისათვის, რათა ვაქცინის ეფექტიანობა შემცირდეს. იგივე აზრს იზიარებს „ბიონტეკის“ აღმასრულებელი დირექტორი უგურ შაჰინი.  მისი თქმით, თუ ვაქცინა არ იმუშავებს ახალი შტამის შემთხვევაში, ვაქცინის ახალ შტამზე მოსარგებად კომპანიას 6 კვირა დასჭირდება.

არ არის გამორიცხული, რომ მომავალში გამოჩნდეს კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც დღეს არსებულ ვაქცინებს გვერდს აუვლის.

შეიძლება თუ არა ახალი შტამით კოვიდგადატანილებიც დაინფიცირდნენ?

100 პროცენტით მეცნიერები ვერაფერს გამორიცხავენ, თუმცა, ამის რისკი დაბალია.

რა შეგვიძლია მის შესაჩერებლად?

ხელების დაბანა და დისტანცირება. სხვა, უფრო ეფექტიანი მეთოდი მსოფლიოს პანდემიასთან ბრძოლაში ჯერჯერობით არ აქვს.

 

 

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები