“ქართული ოცნება” საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქციისთვის ემზადება.
მმართველ პარტიის წარმომადგენელი, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ეს არ არის კონტრაქცია და ეს არის მმართველი პარტიის ტრადიცია – “რომ ყოველი წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ, დედაქალაქში ზუსტად ამ ადგილზე გვაქვს შემაჯამებელი აქცია”.
ზარქუა ასევე აცხადებს, რომ მმართველ გუნდს 900 ათასმა ადამიანმა დაუჭირა მხარი და ამისთვის მათ მადლობას უხდის:
“გამარჯვება ბოლომდე არის მისაყვანი 30 ოქტომბერს და ეს ხალხი, ყველა ერთად, კიდევ ერთხელ, არჩევანს გააკეთებს განვითარებასა და ნგრევას შორის, ადამიანის უფლებებსა და წამებასა და კვლას შორის.
ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვართ, მმართველი პარტია ვართ, რა კონტრაქცია. ის რეფერენდუმი, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მიერ იყო დაანონსებული, მოიგო საქართველოს მოსახლეობამ და მმართველმა პარტიამ. ამის დადასტურებაა ის, რომ აგერ, ჩემს უკან არის დედაქალაქის საკრებულო, სადაც უმრავლესობითაა წარმოდგენილი კახა კალაძის გუნდი. შესაბამისად, არანაირი კონტრაქცია, ჩვენ მმართველი პარტია ვართ, ხალხნო, არანაირი კონტრაქცია, ჩვენ 900 ათასმა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი, გვერდში დაგვიდგა და ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობა მათ ამისთვის.” – განაცხადა ზარქუამ.
შეგახსენებთ, მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ აქციას, თავისუფლების მოედანზე, დღეს, 17:00 საათზე გამართავს.