თუ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, თუ მისთვის გული გიძგერს, არ შეიძლება ამ ყველაფერს გვერდიდან და გულგრილად უყურო, არ შეიძლება შენი დრო, ენერგია, საქმე, ყველაზე მთავარს არ მოახმაროსამშობლოს კეთილდღეობასა და მის თავისუფლებას – ასე ახსნა ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ მისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ.

ყველაფერში, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილი დღემდე გვერდიდან და ტელევიზიიდან უყურებს, მამუკა ხაზარაძე ქვეყანაში ბოლო დროს დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე პროცესებს გულისხმობს. თუმცა, საექსპერტო და პოლიტიკურ წრეებში მიიჩნევენ, რომ ხაზარაძის ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მანამდე განვითარებულმა პროცესებმა განაპირობა, რომელიც თიბისი ბანკსა და პირადად მამუკა ხაზარაძეს უკავშირდებოდა, გადაწყვეტილების მიღება კი მხოლოდ დროის საკითხი იყო.

„ეს რაც ახლა ხდება, კანონზომიერია. ხაზარაძეს სხვა გზა არ დაუტოვა ხელისუფლებამ, უბიძგა ამისკენ და როდის მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო.  ეს არის შემთხვევა, როცა მამუკა ხაზარაძე თვითონ ხელისუფლებამ შვა, გაიჩალიჩა“, – აღნიშნავს „ფორტუნასთან“ პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი.

„რაც შეეხება მოტივს, ის რა თქმა უნდა პირადი განაწყენებისა და პირადი ბიზნესების შევიწროების შემდეგ აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ხანდახან რაღაცის კატალიზატორი, პირადი შეურაცხყოფაც შეიძლება გახდეს“, – აღნიშნავს რომან გოცირიძე „ფორტუნასთან.“

 

რესურსების ცენტრი “ქართული ოცნების” მმართველობის წინააღმდეგ

საზოგადოებრივი მოძრაობის ოფიციალურად დეკლარირებული მიზნები, რომლის შექმნაც მამუკა ხაზარაძემ დაანონსა, ქვეყნის გაერთიანება, დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება, თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობა იქნება. ჯერჯერობით უცნობია, ტექნიკურად რა გზებით აპირებს მოძრაობა ამ მიზნების განხორციელებას, თუმცა საექსპერტო წრეებში მიიჩნევენ, რომ ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხია, რეალურად კი ხაზარაძეს პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.

„ხელისუფლებას, რომელსაც აღარ აქვს დასაყრდენი საზოგადოებაში, ერთადერთ ფსონს ჩამოდის რესურსების მონოპოლიზაციაზე და ცდილობს, რომ თუ ვერ იგებს არჩევნებს, უბრალოდ იყიდოს ის, რადგან ალტერნატიული რესურსი არ არსებობს. ხაზარაძის სახით ჩნდება ალტერნატიული რესურსი, რაც პოლიტიკურ სივრცეს გახსნის და სახელმწიფოებრივად ეს ძალიან პოზიტიურად შეიძლება იყოს განხილული, იმისთვის, რომ მონოპოლია დასრულდეს.

რა მოხდება სამომავლოდ, მე ამაზე საუბარისგან თავს შევიკავებ, თუმცა, ახლა რომ დაიწყო ალტერნატიული პოლიტიკური, მე ხაზს ვუსვამ და არა საზოგადოებრივი ცენტრის შექმნის პროცესი, ეს სრულიად ცალსახაა. ეს უკვე პოლიტიკაა და ყველას კარგად გვესმის. ტექნიკურად როგორ იქნება, ეს მოძრაობა დარჩება მოძრაობად თუ გადაკეთდება პოლიტიკურ ძალად, ეს წმინდა ტექნიკური საკითხია, ფაქტია, რომ ეს უკვე არის პოლიტიკა,“- აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

 

მამუკა ხაზარაძის რესურსებზე ამახვილებს ყურადღებას რომან გოცირიძეც და ამბობს, რომ სურვილის შემთხვევაში, ხაზარაძისთვის პოლიტიკაში დამკვიდრება სირთულე არ იქნება.

„მისასალმებელია რომ იქმნება კიდევ ერთი მოძრაობა, რომელიც ხელს შეუწყობს ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის შეცვლას და ამაზე იყო პირდაპირი განაცხადი. თუ ეს მოძრაობა გარდაიქმნება პოლიტიკურ პარტიად, მას აქვს სერიოზული შანსი პარლამენტში მოხვედრის, არც თუ ისე მცირე წარმომადგენლობით. მას აქვს საკუთარი რესურსი, განუხორციელებია არც თუ ისე ცოტა პროექტები, მათ შორის, კულტურის და ლიტერატურის სფეროში, აქვს პირადი კაპიტალი და არ გაუჭირდება პოლიტიკაში დამკვიდრება. თუმცა, მისი პერსპექტივა პარტიად ჩამოყალიბების შემთხვევაში, დამოკიდებული იქნება იმ ხალხზეც, რომელსაც შემოიკრებს“, – აღნიშნავს რომან გოცირიძე.

 

ხაზარაძის მოძრაობა თუ პოლიტიკურად არ ჩამოყალიბდა, ჩვენ ისედაც ვმოძრაობდით – ინტერვიუ თემურ ჭყონიასთან

 

ვინ იქნება ხაზარაძის გუნდში

აუცილებელია მიმდინარე პროცესებში საზოგადოების აქტიური ჩართვა და ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნევ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები – ხაზარაძეს ჯერ არ დაუკონკრეტებია ვის მოიაზრებს მის საზოგადოებრივ მოძრაობაში, თუმცა, პოლიტიკურ წრეებში ვარაუდობენ, რომ ისინი სავარაუდოდ, ხელისუფლებაში ცოტა ხნის წინ მყოფი მასთან დაახლოებული პირები იქნებიან, მათ შორის, ყოფილი პრემიერი.

„ისინი შეიძლება იყვნენ ივანიშვილის ხელისუფლებაში ნამყოფი ადამიანები. იმ ადამიანებს, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმის განმტკიცებაში მონაწილეობდნენ, მათ პირველ რიგში მართებთ ბოდიშის მოხდა და ზოგიერთებს სულ მცირე ორი მეტრის სიგრძის სანთლის დანთება. არ მინდა კონკრეტული გვარის დასახელება, თუმცა, რადგან სანთელი ვახსენე, მიმიხვდით ალბათ“, – აღნიშნავს რომან გოცირიძე.

 

პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობა ხაზარაძესთან

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მამუკა ხაზარაძის საზოაგადოებრივ-პოლიტიკურ ველზე გამოჩენა თანხვედრაშია მათ პრინციპთან – ყველა ერთის წინააღმდეგ. როგორც “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი სერგი კაპანაძე “ფორტუნასთან” ამბობს, ხაზარაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ, თუმცა, მასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ,

ის მიზნები, რომლებიც დეკლარირებულია, ნამდვილად მნიშვნელოვანია და ეს არის ის, რისკენაც ქვეყანა უნდა ისწრაფვოდეს და რისკენაც ჩვენ ევროპული საქართველო და თავისუფალი დემოკრატები ვისწრაფვით ერთად. რაც შეეხება მათთან თანამშრომლობას, ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც არის პროდასავლური ღირებულებების, რომელიც არ არის ოლიგარქთან დაკავშირებული,  მზად ვართ პერსპექტივაში ვითანამშრომლოთ, ეს ვრცელდება ნესბისმიერ პოლიტიკურ ძალაზე, მათ შორის ახალზეც და ძველზეც“, – აღნიშნავს კაპანაძე.

თანამშრომლობისთვის მზად არიან “ნაციონალურ მოძრაობაშიც”. როგორც რომან გოცირიძე ამბობს, არსებული მმართველობის შესაცვლელად ერთი აგურის დადებაც მისასალმებელია. თუმცა, დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ მოძრაობის პოლიტიკურ ძალად გარდაქმნის შემთხვევაში, მასთან მჭიდრო თანამშრომლობა გარკვეულწილად მაინც დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად დისტანცირდებიან ისინი საკუთარი ბიზნესინტერესებისგან.

ჩვენ არ გვინდა, რომ დიდი ოლიგარქები შეცვალონ პატარა ოლიგარქებმა და ბიზნესმენი პარლამენტში ეს იყო საქართველოს რეგრესის ერთ-ერთი ძირითადი წყარო, მათ შორის მაჟორიტარი ბიზნესმენები, რომელთა მიზანი იყო ხელისუფლების მეშვეობით საკუთარი ბიზნესის კეთება. თუ ეს იქნება ფართო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც გაემიჯნება ბიზნეს ინტერესებს და ერთი ოლიგარქი არ ჩანაცვლდება ბევრი ოლიგარქებით, მაშინ რა თქმა უნდა, მას ექნება მხარდაჭერა პოლიტიკური პარტიების მხრიდანაც“, – აღნიშნავს რომან გოცირიძე.

ხაზარაძეს მხარდაჭერა უკვე გამოუცხადა ხელისუფლებისგან განაწყენებულმა კიდევ ერთმა ბიზნესმენმა, ფადი ასლიმ. როგორც მან განაცხადა, ის მზადაა, საკუთარი რესურსებიც მოახმაროს იმას, რომ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა წინ წავიდეს და ამის შესახებ ხაზარაძეს უკვე შეატყობინა.

კატეგორიები: ანალიტიკა
თაკო ივანიაძე
ავტორი

მსგავსი თემები