ზუგდიდის საოლქო კომისიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ოპოზიციის სხვა ლიდერები იმყოფებიან და საოლქო კომისიის თავმჯდომარესთან, მირანდა მესხთან შეხვედრას ითხოვენ. პოლიცია ოპოზიციის წარმომადგენლებს კაბინეტში შესვლის უფლებას არ აძლევს. ადგილზე იმყოფებიან: ელენე ხოშტარია, ლევან თარხნიშვილი, თამარ კორძაია, ეკა ხერხეულიძე.
ოპოზიციის ლიდერები გუშინ ზუგდიდის საოლქო კომისიაში ხმების გადათვლის შემდეგ შეცვლილ შედეგებს აპროტესტებენ. მათი თქმით, კომისიის თავმჯდომარემ კანონდარღვევით მიიღო გადაწყვეტილება, დაეკმაყოფილებინა „ქართული ოცნების“ მოთხოვნა ხმების ხელახალ გადათვლაზე.
„ველოდები, რომ მირანდა მესხი ღიად და საჯაროდ გამცემს კითხვაზე პასუხს, რატომ გახსნა ნახევარი საათის წინ ის დალუქული ოთახი, სადაც არის ბიულეტენები? რატომ იქექებოდნენ „ქართული ოცნებიდან“ კომისიის წევრები ამ ბიულეტენებში? რატომ გამოცვივდნენ სასწრაფოდ, როდესაც კომისიის ჩვენმა წევრმა ადგილზე შეუსწრო?
გაუგონარ ამბავთან გვაქვს საქმე, კანონის მიხედვით, დალუქული ბიულეტენები, რომლებიც დალუქულ ოთახში უნდა ინახებოდეს და მათი გახსნა შეუძლიათ შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, ხსნიან, შემდეგ ადებენ ლუქს ისე, როგორც ეს „ქართული ოცნების“ შტაბს მოუნდება“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ანა წითლიძემ.
ზუგდიდის საოლქო კომისიაში გუშინ ხმების გადათვლის შემდეგ არჩევნების პირველ ტურში დამდგარი შედეგები შეიცვალა. კერძოდ, ენმ-ის ერთ-ერთმა მაჟორიტარმა, რომელმაც პირველი ტური მოიგო, ხმების ხელმეორედ გადათვლის შემდეგ მანდატი დაკარგა.
ხმები „ქართული ოცნების“ კანდიდატს მოემატა და გამარჯვებულადაც ის გამოცხადდა.