LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუკა ხუციშვილი: „მიხარია, რომ მამაჩემი ჩემი არჩევანით ბედნიერი იყო…“

7218
qwqw

ზუკა ხუციშვილსა და მის მეუღლეს, ქეთი მანიჟაშვილს კაფე „ორანჟერეაში“ შევხვდით ინტერვიუსთვის. უშუალო გარემოში წყვილს მათი პირადი ცხოვრების შესახებ დავუსვით კითხვები, თუმცა რასაკვირველია, გვერდს ვერ ავუვლიდით მათ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან ადამიანს, რომელიც ზუკას გვერდით აღარ არის – გიო ხუციშვილს, რომლის მუსიკალურ გზას დღეს მისი ვაჟიც აგრძელებს და კონცერტებს ბენდთან ერთად მართავს. დიდი ხანია, სცენაზე დგას და ეს მისთვის საყვარელი საქმიანობაა, თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ მისი რეპერტუარის მსმენელისთვის წარდგენა საკუთარ ვალად მიიჩნია…

გაცნობის ამბავი მოგვიყევით…

ზუკა:

ასე გაცნობის ამბავი არ გვქონია, რადგან ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ. კლასელები და მეგობრები ვართ. ერთი მომენტი არ ყოფილა, მრავალწლიანი მეგობრობის შემდეგ, როცა ბევრი რამ ერთმანეთს დაემატა, სიყვარულში გადაიზარდა. მერე იყო ხელის თხოვნა და ქორწილი.

ქეთი, ხელის თხოვნის ამბავს ხომ ვერ გაიხსენებდი?

(იღიმის) რა თქმა უნდა. მომატყუა, რომ მივყავდი საღამოსა თუ კონცერტზე, ფუნიკულიორზე. ამ გასეირნება-გასეირნებაში მკითხა, ანძაზე ხომ არ ავიდეთო. საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რამე თუ უნდა მომხდარიყო. დავთანხმდი და ავედით ანძაზე.

ზუკა:

სიმაღლის, მართალია, არ მეშინია, მაგრამ ანძა სულ სხვა იყო. უამრავ ადამიანს შევუთანხმდი, დავგეგმე. ავედით და იქ ვთხოვე ხელი. ძალიან ვინერვიულე, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ვნერვიულობდი იმიტომ, რომ ათასი ხელის შემშლელი რამ შეიძლებოდა გამოჩენილიყო. მაგალითად, არ დათანხმებოდა ანძაზე ასვლას, ან რამე შეემჩნია. ათასი კაცი იყო, ჩვენი ახლობელი და ფოიერვერკებიც დაგეგმილი იყო.

ქეთი:

ძალიან დიდი სიურპრიზი იყო. ერთად ყოფნა გვინდოდა და ადრე თუ გვიან ეს ამბავი მოხდებოდა, მაგრამ იმ დღეს არ ველოდი…

მშობლებმა მართლა არ იცოდნენ ეს ამბავი?

ზუკა:

არა, ეს საიდუმლო არ ყოფილა, ერთმანეთს ტყესა და მთებში არ ვხვდებოდით (იცინის). ასე არ ვასაჯაროებდით, მაგრამ ბოლო ერთი წელი ოჯახმაც, მეგობრებმაც იცოდნენ, რომ ერთმანეთს ვხვდებოდით.

ქეთი, რითი მოგხიბლა ზუკამ?

ბავშვობიდან ვმეგობრობდით, განსაკუთრებული დამოკიდებულება გვქონდა, ერთმანეთს სხვა ურთიერთობებზეც ვუყვებოდით. რომ გავიგე, ზუკა ამერიკაში მიდიოდა, მივხვდი, რომ მის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა ყოფნა.

ზუკა:

მეც მივხვდი, რომ ქეთის გარეშე გამიჭირდებოდა. სწორედ ამას ვამბობდი, ჩვენი ურთიერთობა წლების განმავლობაში შეიცვალა, დაიხვეწა… კარგად რომ ვიცნობდით და ყველაფერი გვიყვარდა ერთმანეთის, ამიტომ გადაიზარდა სიყვარულში.

ერთმანეთის მინუსები თანაცხოვრებისას არ აღმოაჩინეთ?

ყველა წყვილი კამათობს და აქვთ პატარა პრობლემები. განსხვავებული ადამიანები ერთ ჭერქვეშ რომ ცხოვრობენ, ამის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ ხუთ წუთშიც კი არ აქვს ხოლმე ამას მნიშვნელობა, როცა ბევრ სხვა რამეში უგებ ადამიანს, წვრილმანებს, ჩემი აზრით, ყურადღება არ უნდა მიაქციო.

როგორ ერთობით ხოლმე, სად დადიხართ?

ქეთი:

შეყვარებულობის პერიოდში უფრო დავდიოთ გარეთ, ახლა სახლში ყოფნა გვიყვარს ძალიან.

ზუკა:

ადრე თავს ვაძალებდით, რომ სადმე რესტორანსა თუ კლუბში წავსულიყავით (იღიმის), ახლა თუ არ არის სიტუაცია, სახლში ყოფნა უფრო მოგვწონს. ისე, ვერთობით, როგორც ჩვეულებრივი ხალხი ერთობა, მაგალითად, კინოში დავდივართ.

ახლა თავად მღერი კლუბებში…

კი, ესეც არის. ხანდახან დაბადების დღეა, ხან რესტორანში ხარ, ხან კლუბში, ხანაც თავად მღერი. მრავალფეროვნად ვერთობით იქ, სადაც აღმოვჩნდებით.

შენს კონცერტებზე მინდა გკითხო, სადაც სულ ანშლაგებია.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან კარგი კონცერტები გავაკეთეთ. მამაჩემს დარჩა უამრავი ლამაზი სიმღერა, რომლებსაც მთელი ცხოვრება ქმნიდა და ხელუხლებელი დარჩებოდა, რაც მე არ მინდოდა. არ ვჩქარობ. ჩემთვის მთავარია, ეს ღონისძიებები ხარისხიანი და კარგი იყოს და მთავარია, ხალხს არ დაავიწყდეს, არ მინდა, გიოს სიმღერებს მტვერი დაედოს. თვეში ერთხელ, ორჯერ მინდა, კონცერტები გავაკეთო, ძველი და ახალი სიმღერებით. ისე გამოვიდა, რომ ბავშვობიდან სცენაზე ვდგავარ. ჩემთვის ეს სამსახურიც არ არის. ეს არის სულიერი და ორგანული მდგომარეობა. ჰობისაც ვერ დავარქმევ. ესაა ის, რაც ვარ. ყველანაირად შევეცდები, ლამაზი და ხარისხიანი სიმღერებით კარგი კონცერტები გავაკეთო, არც ძალიან ხშირად და არც ძალიან იშვიათად (იღიმის).

მამის გარდაცვალების შემდეგ არის რაიმე ახალი, რაც მის შესახებ შეიტყვე?

მამაჩემი ბევრად ძლიერი ადამიანი აღმოჩნდა, ვიდრე მე მეგონა და მთელი ცხოვრება მეგონა, რომ ძლიერი იყო, მაგრამ ბოლოს განსხვავებულად დავინახე. 57 წლის ასაკში მან მოასწრო ის, რასაც ბევრი ვერ მოასწრებდა. ერთ წელიწადში იმას აკეთებდა, რასაც ბევრი ათ წელიწადში ვერ მოასწრებს. ყველანაირი პროფესია გამოიარა, გამოიარა ომი… ადამიანებს, ვისაც მისი გარდაცვალების შემდეგ ვხვდები, გიოს შესახებ ჩემთვის უცნობი ამბავი აქვს მოსაყოლი… ასი სიცოცხლე გამოიარა.

ავღანეთში იყო სამსახურიდან წასული, როცა სამინისტროში მუშაობდა. ერთ-ერთ ქართველ ჯარისკაცს, ვინც იქ მსახურობდა, ხატი ჩაუტანა და დაუტოვა. მშვიდობით ჩამოდი და ეს ხატი დამიბრუნეო, უთხოვია მამაჩემს. ჯარისკაცი რომ უკან ჩამოვიდა, მართლაც დაუბრუნა ხატი, რომელიც ახლა სახლში მიდევს. რაც ცხოვრებაში სიკეთე დაუთესია, ხალხი უბრუნებდა ისე, როგორც მისი ვარსკვლავის გახსნაზე მოხდა, ხალხმა დაუბრუნა ის სიყვარული, რასაც მთელი ცხოვრება გასცემდა. რომ გითხრათ, რომ რომელიმე ამბავმა  გამაკვირვა, ასე არ მომხდარა. ბედნიერი ვარ, რომ მამაჩემა თავის სიცოცხლეშივე მანახა, როგორი მაგარიც იყო და ეს ძალიან მახარებს, ამიტომ არაფერი აღარ გამაკვირვებს…

ქეთი, შენთვის როგორი იყო გიო?

ისეთივე სტიქიური, როგორიც ყველასთვის. საოცარი ადამიანი იყო. ზუკასთან მეგობრობის პერიოდშიც ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა.

ზუკა:

ბოლოში, როცა ფიზიკურად ძალიან ცუდად იყო, ქეთი რომ შემოდიოდა, მხოლოდ მისთვის დგებოდა, ძალას იკრებდა, არ უნდოდა, ენახვებინა, რომ ცუდად იყო. წამოდგა, ჩაეხუტა და აკოცა მაშინ, როცა ამის გაკეთება ფიზიკურად ძალიან უჭირდა. მიხარია, რომ ჩემი არჩევანით მამაჩემი ბედნიერი იყო…

ქეთი, ზუკას შესრულებული რომელი სიმღერა მოგწონს ყველაზე მეტად?

ერეკლე ბადურაშვილის გადაღებულ სერიალში ასრულებს „ირინოლას“ და ძალიან მიყვარს ეს შესრულება.

ზუკა:

ერეკლე ბადურაშვილი მამაჩემის მეგობარი იყო. მამაჩემის გარდაცვალებიდან ერთი წელიც არ გასულა, რომ ერეკლე გარდაიცვალა. ალბათ, ეს იყო ძალიან დიდი მიზეზი. მამაჩემის ფოტოს დაატარებდა, ძალიან ცუდად გადაიტანა ეს ამბავი.

რაც ქეთის უყვარს, „ცხელი ძაღლიდან“ არის, „ირინოლას“ რომ ვასრულებ. ბავშვობაში გამომდიოდა მისი შესრულება, მიხაროდა და ვამაყობდი. ნებისმიერ მომენტში შემიძლია ახლაც მისი შესრულება. ერეკლეს გარდაცვალების მერე იმ სერიალში ეს ლამაზი ჩანახატი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა.

სიურპრიზებზე ვსაუბრობდით და ზუკა გამოირჩევა საჩუქრებით?

ქეთი:

ახლახან გამიკეთა სასიამოვნო სიურპრიზი. დიდი ხანი მინდოდა პარიზში წასვლა და ზუკამ ეს ოცნება ამისრულა. დედაჩემთან ერთად მივდივარ პარიზში.

ზუკა:

სიურპრიზს ვერ დავარქმევ. რომ ვიცი, რა გაუხარდება, ვცდილობ, ის გავუკეთო. დედასთან ერთად ძალიან უყვარს მოგზაურობა, ღირსშესანიშნაობების დათვალიერება… ქეთის არ უყვარს ყვავილები, ამიტომ ყვავილებსა და ბუშტებს არ ვჩუქნი. ცდილობ, გავიგო, რა უნდა და ავუსრულო სურვილები.

თქვენს წყვილში, მგონია, რომ ეჭვიანი არც ერთი არაა.

ზუკა:

ფაქტობრივად, სულ ერთად ვართ და ეჭვის მიზეზსაც არ ვაძლევთ ერთმანეთს.

ქეთი:

ამის ნიადაგზე ვხუმრობთ კიდევაც, იმდენად არ ვეჭვიანობთ ერთმანეთზე. მირეკავს ხოლმე, როცა იცის, რომ დედაჩემთან ვარ და მეკითხება, სად დაძვრებიო (იცინის).

ზუკა:

ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს არ იყოს სახუმარო თემა. მე ვფიქრობ, რომ პირდაპირ უნდა გადაწყვიტო, ან გინდა ადამიანთან ერთად ყოფნა, ან – არა. თუ ეჭვიც კი გექნება, რომ საყვარელი ადამიანი გღალატობს, ერთად ყოფნა არ ღირს.

10 წლის მერე როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი ცხოვრება?

ქეთი:

ვფიქრობ, არაფერი შეიცვლება, ისევ ასე ვიქნებით. ერთადერთი, ალბათ, შვილები გვეყოლება და ეს იქნება სიახლე.

ზუკა:

ვისწავლე, რომ წლებით წინ არაფერი უნდა დაგეგმო. ჩემი სურვილია, რომ კარგად ვიყოთ და ყველაფერი საკმარისად გვქონდეს. შორეულ გეგმებს არ ვაწყობთ. ჩვენი გეგმაა ის, რომ ჩვენთან ერთად ჩვენ გარშემო ყველა ბედნიერი იყოს.

სცენაც არ არის შენს გეგმებში?

4 წლიდან ვდგავარ სცენაზე, არავის დაუძალებია. ჩემით სცენაზე ასვლას არასდროს ვცდილობ, ბუნებრივად გამოდის ეს ყველაფერი. სიმღერას მოვუსმენ, რომელიც მომეწონება, ან ვინმე დამირეკავს, შენთვის რაღაც დავწერეო, ან დედაჩემი დაწერს სიმღერას და იმას ვასრულებ. სიმღერა ჩემი ცხოვრებაა და ათი წლის მერეც ალბათ, სცენაზე ისევ გამოვალ (იღიმის).

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: კაფე „ორანჟერეა“

 

 

 

 

 

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები