ტელეწამყვანი მაია ასათიანი შვილის გარდაცვალების დღეს იხსენებს.
„ზუსტად 5 წლის წინ , ამ დროს ჩემი შვილი კვდებოდა… მე ჯერ არაფერი ვიცოდი და აჟიტირებული ვგეგმავდი გადაცემას, რომელიც მეორე დღეს უნდა ჩამეწერა…
მაშინ ჯერ არ ვიცოდი, რომ მერე, ყოველ წელს ამ დღეს მოვკვდებოდი და მერე თავიდან ვისწავლიდი ცხოვრებას, რომ ყველა ვისაც არ დაეზარებოდა ჩემს ტრაგედიაზე თავის აზრს მომახვევდა თავზე -„მონასტრში წადით“ დაწყებული, შვილმკვდარი ქალი ასე არ უნდა იქცეოდეს, დამთავრებული.
მე კი ჩემი დახურული სამყარო მექნებოდა, ჩემი პირადი ბრძოლის სამყარო, სადაც ჩემი, მარტო მე რომ ვიცი, ისეთი გამარჯვებები და დამარცხებები მაქვს.
ბევრი რამ მასწავლა ჩემმა ტრაგედიამ: რომ წაქცეული ყველას უყვარხარ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ სიცოცხლეში დარჩენა ჯობია-ზეზეურად სიკვდილს! რომ დრო ტკივილს ვერაფერს უხერხებს, უბრალოდ მასთან ერთად სწავლობ ცხოვრებას.
და მე ეს ვისწავლე…. ეს 5 წელი, ჩემი სიკვდილზე გამარჯვების დროა და მე ეს შევძელი. სიცოცხლე ავირჩიე, რად დამიჯდა ეს, მხოლოდ მე და ნუცამ ვიცით!“. – წერს მაია ასათიანი სოციალურ ქსელში.