LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადრეული ასაკის განვითარება აყალიბებს სრულფასოვან პიროვნებას – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

4
cirq-barqaia-news

გადაცემის ლაივი LIVE

რატომ არის მნიშვნელოვანი ადრეული ასაკის განვითარება და რა უნდა იცოდნენ მშობლებმა – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ცირა ბარქაიამ ისაუბრა.

რა არის ადრეული ასაკის განვითარება?

საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა გავიაზროთ, ადრეული ასაკი ბავშვის, როგორც მთლიანი პიროვნების განვითარებაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. ეს არ არის პერიოდი, როდესაც ბავშვს სჭირდება არა კარგად ჩაცმა, ან ჩვენ რომ ვთვლით, იმ ტიპის ჯანსაღი კვების მიწოდება, არამედ ეს არის პერიოდი, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვის მრავალმხრივად განვითარება. ამისათვის საჭიროა ბავშვის განვითარების თავისებურებების შესახებ ცოდნა, რათა ხარისხიანად შევძლოთ მისი განვითარების ხელშეწყობა.

რას ნიშნავს, როცა მე, როგორც მშობელი, ვფლობ ინფორმაციას ბავშვის განვითარების შესახებ? ეს ნიშნავს, რომ ვიცი კონკრეტულ ასაკში რა უნარების განვითარებას უნდა მოველოდე? რის განვითარებას უნდა შევუწყო ხელი? ადრეულ ასაკში არსებითია ემოციური კომპეტენციებისა და სოციალური უნარების განვითარება, მხარდაჭერა და გაძლიერება, რაც ხშირად რჩება ყურადღების მიღმა, უგულებელყოფილია, ან უბრალოდ არ ვიცით, ასაკის შესაბამისად ეს როგორ გავაკეთოთ. სწორედ ეს არის  მთავარი საფუძველი, რომლის ,,სიმყარე’’ პიროვნების მრავალმხრივ განვითარებასა და ჩამოყალიბებაში უნიკალურ როლს ასრულებს.

თუ არ შეუწყვეთ ბავშვის ადრეულ ასაკში განვითარებას ხელი ხარისხიანად, შედეგად ხშირად ვიღებთ თანატოლთა შორის ბულინგს. კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რა არის ბულინგი? ეს არის თანატოლებს შორის, ასე ვთქვათ გართულებული კომუნიკაციის ფორმა, რომელიც განმეორებადია, როგორც წესი, გამოხატულია აგრესიული ქცევის სახით და ორიენტირებულია დამცირებაზე, დაჩაგვრაზე. ბულინგი ახდენს ყველა ჩართულ ინდივიდში უარყოფითი ემოციების, ქცევებისა და გამოცდილებების აკუმულირებას.

რისი შედეგი შეიძლება იყოს ეს?

დავფიქრდეთ, ბავშვის აღზრდის პროცესში რამდენად ვაძლევთ ბავშვს 5-6 წლამდე ასაკში ემოციებიის გამოხატვის, მათი სახელდების, თვითკონტროლის სწავლის საშუალებას? რამდენად მივეცით სანიმუშო მაგალითი ჩვენი, როგორც ზრდასრულების ქცევის სახით? რამდენად მივეცით სათანადო ფასილიტაცია და მხარდაჭერა, რომ აღმოაჩინოს და შეისწავლოს თავად.

ზრდასრულების მაგალითი არის ძლიერი ფორმა, რის საფუძველზეც ბავშვი სწავლობს. როცა მე ვახდენ ჩემი ემოციების სახელდებას ბავშვთან ყოველდღიური ინტერაქციის პროცესში, ბავშვიც სწავლობს ამას. ეს პროცესი თავისუფალი უნდა იყოს გენდერული სტერეოტიპებისგან და გენდერთან შეჭიდული წნეხისგან.

ხშირად ხდება, როცა ბიჭებს მიმართავენ,  ,,არ უნდა იტირო, შენ ხომ ვაჟკაცი ხარ!’’, რაც სერიოზულ გავლენას ახდენს ზოგადად ბიჭების განვითარებაზე, საბოლოო ჯამში, მამაკაცების ემოციურ კომპეტენციებზე. არსებითია, ამ კავშირის დანახვაც.  როცა ნაკლებად, ან საერთოდ არ ვანიჭებთ უდიდეს მნიშვნელობას ემოციური კომპეტენციების ადრეულ ასაკში განვითარების აუცილებლობას, შედეგად შესაძლოა არა მხოლოდ თანატოლთა შორის ბულინგი მივიღოთ (რაც თავისთავად კომპლექსური პრობლემაა), არამედ იმ შედეგებამდეც მივიდეთ, როგორიცაა, ქალთა მიმართ ძალადობა, ფემიციდი, ძალადობა ბავშვების მიმართ, ბავშვთა შორის ძალადობა და მსგავსი. ეს სერიოზული პრობლემაა ჩვენს ქვეყნაში.

ბავშვობა, განსაკუთრებით კი ადრეული ბავშვობა არის ცხოვრების ის პერიოდი, როდესაც ტვინი მნიშვნელოვანწილად ყალიბდება, ტვინი სწავლობს როგორ იფუნქციონიროს ემოციურად, შემეცნებითად, აქედან გამომდინარე, რასაც ვაჩვენებთ მაგალითის, რასაც პოზიტიური მშობლობის სახით, იმის მიხედვით ვიღებთ შედეგებს ბავშვებში და ბავშვებისგან. პოზიტიური მშობლობა განათლებული პროცესია.

როცა ვხედავთ, რომ ბავშვმა არ იცის გაზიარება, უნდა ვასწავლოთ გაზიარება, როცა ბავშვმა არ იცის წესების დაცვა, უნდა გავაცნოთ ეს წესები, ვასწავლოთ ჩვენი მაგალითის ჩვენებით.

ჩემი აზრით, მშობლებს, საზოგადეობას, სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებს სჭირდებათ მეტი ცოდნა, მეტი ცნობიერება და ღირებულებებზე დაფუძნებული კომუნიკაცია ბავშვებთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მისი განვითარების შესაბამისად უნდა უზრუნველყოთ მხარდაჭერა.

რა არის მთავარი რეკომენდაცია?

მთავარი რეკომენდაცია, თუ თხოვნა არის ის, რომ აღმოვაჩინოთ და ვაღიაროთ ადრეული ბავშვობის უნიკალურობა, ისე როგორც საჭიროა. თუ გვსურს, რომ ბავშვები გაიზარდონ და იყვნენ მზრუნველები, ჭკვიანები, შემქმნელები, კეთილები, ემპათიურები, წესების დამცველები, მივაქციოთ ჩვენს თავს ყურადღება, როგორ ვიქცებით, რა გავლენას ვტოვებთ ჩვენი საქციელით ბავშვებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები