LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ახალი წელი კვების ახალი წესით” – დიეტის მთავარი პრინციპები და სასარგებლო პროდუქტის სწორად მომზადება ასმათ კევლიშვილისგან

7
asmat-kevlishvili-show

გადაცემის ლაივი LIVE

17 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ თერაპევტ-დიეტოლოგი, ქალბატონი ასმათ კევლიშვილი სტუმრობდა, რომელმაც ჯანსაღი ცხოვრების წესზე, კვების რეჟიმზე ისაუბრა და მსმენელს სასარგებლო პროდუქტის სწორად მომზადების რამდენიმე რეცეპტი შესთავაზა.

– ქალბატონო ასმათ, ახალი წლიდან ყველა ახალი ცხოვრების დაწყებას გეგმევს, თუმცა ბევრი სწრაფად ივიწყებს საკუთარ გეგმებს. საინტერესოა, როგორ უნდა დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი ზამთრის სეზონზე და რა უნდა გავაკეთოთ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად?

– გეთანხმებით, ყოველ ახალ წელს შემართებით, მტკიცე გადაწყვეტილებით ვიწყებთ, რომ გონივრულად, მეტი სიფრთხილით მოვეკიდებით საკუთარ ჯანმრთელობას, თუმცა ყოველთვის სწრაფად გვავიწყდება საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა. პირადად მე არასდროს მივეკუთვნებოდი იმ ექიმთა რიცხვს, ვინც დღესასწაულებზე პაციენტს გარკვეული საკვების, კერძების მირთმევას უკრძალვს, რადგან ამგვარი აკრძალვა არასდროს ამართლებს. ახალი წლის დღეებში ადამიანს ყოველთვის პოზიტიური განწყობა აქვს და ნამდვილად არ ღირს მისი შეზღუდვებით დათრგუნვა. თუმცა, დღესასწაულების შემდეგ არა თუ სასურველი, აუცილებელია დავფიქრდეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და კვების რეჟიმზე, მით უფრო, რომ ზამთრის სეზონზე ერთი-ორად მატულობს ვირუსით დაავადების ალბათობა. რა თქმა უნდა, ყველა უფრთხის აცივებას, თუმცა რაციონის სწორად შერჩევის ნაცვლად, მედიკამენტებს იმარაგებს. აღსანიშნავია, რომ არც ვაქცინაცია იძლევა დამშვიდების საშუალებას, რადგან უმთავრესი ორგანიზმის მართვა და მისი ხელშეწყობაა მთელი წლის მანძილზე და არა მხოლოდ ზამთრის სეზონზე, როცა ვირუსის მოახლოვების საფრთხეს ვგრძნობთ, რადგან ასე მხოლოდ ზიანს ვაყენებთ საკუთარ იმუნიტეტს. ზამთრის სეზონზე დაავადებების თავიდან აცილების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ორგანიზმის ტერმორეგულაციის დაცვაა, რაც არა მხოლოდ თბილად ჩაცმას, არამედ სწორად კვებასაც ითვალისწინებს.

– საინტერესოა, რა კავშირი აქვს კვების რეჟიმს ორგანიზმის ტემპერატურის მატებასთან ან კლებასთან?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ თერმორეგულაციაზე თავის ტვინი, ფარისებრი ჯირკვალი და სისხლძარღვები აგებენ პასუხს. შემცივნებისას იცვლება სისხლის რეაქცია და ირღვევა წონასწორობა, დასუსტებული ორგანიზმი კი, ვეღარ უწევს ვირუსებს წინააღმდეგობას.  ბალანსის დასაცავად საჭიროა ორგანიზმის მაკრო- და მიკროელემენტების მარაგის საკვებით შევსება და არა ქიმიური დანამატების შემცველი ვიტამინების გაუთავებლად ყლაპვა. აუცილებელია D-ვიტამინით და უჯერი ცხიმებით მდიდარი პროდუქტის (კვერცხის, კარაქის, რძის პროდუქტის) მიღება. საბედნიეროდ, ბუნება და ტრადიციები თვითონ გვკარნახობენ რა უნდა მივირთვათ, მაგალითად, ღორი, რომლის ხორცი ცხიმებთან ერთად, ცილას და ამინომჟავას შეიცავს, ზამთარში იკვლება და ცივ სეზონზე ღვიძლის საგრძნობლად დაკლებულ ტემპერატურას არეგულირებს. სხვათაშორის, მცდარია მოსაზრება, თითქოს კარაქი ადამიანს წონას მატებს, რადგან სინამდვილეში ნოყიერი პროდუქტი მხოლოდ ენერგიას გვმატებს. რძის პროდუქტიდან არარეკომენდირებულია რძის მირთმევა, რადგან არასწორი კვების შედაგად ორგანიზმში ისედაც ზედმეტი ლორწო გროვდება, რომელიც ვირუსების გავრცელებას უწყობს ხელს. ლორწო მეტად ნაყოფიერი ნიადაგია ვირუსებისა და ბაქტერიების განვითარებისთვის, ამიტომ ყოველთვის უნდა ვერიდოთ მისი წარმომშობი პროდუქტის, მათ შორის შვრიის ფანტელის მიღებას, რადგან კუჭს ძალიან უჭირს დიდი რაოდენობით ლორწოს გადამუშავება. შვრიის ფანტელზე, იგივე ჰერკულესის ფაფაზე პირველ რიგში, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტმა უნდა თქვას უარი და მან, ვისაც ძვალ-სახსროვანი სისტემა აწუხებს, რადგან ამგვარი წესით მომზადებულ შვრიას არა მხოლოდ ძვლებიდან გამოაქვს კალციუმი, არამედ მის შეწოვასაც უშლის ხელს. მართალია, შვრია ძალიან სასარგებლო პროდუქტია, მაგრამ მხოლოდ პირველადი მარცვლების სახით და არა რაფინირებული და გადამუშავებული.

– რა არის დიეტის მთავარი პრინციპი?

– კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ ექიმებს, ვინც დიეტას საკვების და კალორიების შეზღუდვით ნიშნავს, რადგან წონის მატებას არა დიდი რაოდენობით საკვები, არამედ პროდუქტის არათავსებადობა, ქიმიური ნივთიერებების არასწორი შეხამება უწყობს ხელს.  ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, მოვუსმინოთ საკუთარ ორგანიზმს, რადგან მხოლოდ მან იცის, რა რაოდენობის პროდუქტი სჭირდება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კვების რაციონიდან ძვალ-სახსროვანი სისტემისთვის აუცილებელი მარილის ამოღება.

საკვების მომზადების ტექნოლოგიური საიდუმლოებები …

ღორის ხორცი – ზამთრის ცივ სეზონზე მიირთვით მოხარშული გოჭის ხორცი მხოლოდ ტყემლის საწებელით და არა მაიონეზით ან კეჩუპით. თუმცა, მოგიწევთ კვირაში ორი დღე ცხოველური წარმოშობის ცილოვან პროდუქტზე უარის თქმა და მხოლოდ ბოსტნეულით, ფაფეულით დაკმაყოფილება.

შვრიის ფაფა – ერთი წილ, კარგად გარეცხილ შვრიის მარცვალს დაასხით ოთხი წილი მდუღარე წყალი და გააჩერეთ მინუმუმ 12 საათი. მოხარშეთ მისივე წყალში და კარგად შეფუთული, ფერმენტაციის დასრულებამდე 15 წუთით გააჩერეთ გამორთულ ქურაზე.

ამგვარი წესით მომზადებული ფაფის მირთმევა მხოლოდ კარაქით ან ზეთითაა რეკომენდირებული, რადგან მისი ცხიმის გარეშე მიღება ადამიანს სწრაფად მატებს წონას.

ხორბლის ფაფა – ერთ წილ დაღერღილ ხორბალს დაასხით ოთხი წილი მდუღარე წყალი და გააჩერეთ მთელი ღამით, მერე კი, მანამდე ხარშეთ სანამ ღომის კონსისტენციის ფაფას არ მიიღებთ, უკვე მოხარშული კარგად შეფუთეთ და 15 წუთით გააჩერეთ გამორთულ ქურაზე. ნებისმიერი ოდენობის ხორბლის ფაფის მირთმევა მარილით, სამი ჩაის კოვზი ზეთით ან კარაქითაა რეკომენდირებული.

მიირთვით ტექნოლოგიურად სწორად მომზადებული ფაფები და აუცილებლად დაიკლებთ წონაში, რადგან სწორედ ამგვარი პროდუქტი აძლიერებს მეტაბოლიზმს და უწყობს ხელს ცხიმების წვას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები