LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბედნიერი ვარ, რომ 3 მარტის კონცერტზე ერთად ვმუშაობთ” – თეონა ჯორბენაძე

36
art-fm

გადაცემის ლაივი Live

19 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემის „არტ-FM“-ის სტუმრებმა პროდიუსერმა თეონა ჯორბენაძემ და პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა ახალ პროექტზე ისაუბრეს, რომელიც ხელოვანთა კავშირის „კონცეპტ-არტის“ ინიციატივით და თბილისის მერიის მხარდაჭერით 3 მარტს – დედის დღეს გაიმართება.

– თეონა, რას აფასებთ ყველაზე მეტად ვაკოს შემოქმედებაში?

– რაც დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ნიჭიერი ხელოვანი ყოველთვის საკუთარი შემოქმედებით გამოხატავს ინდივიდუალიზმს. ვაკოც იმ შემსრულებელთა კატეგორიას მიეკუთვნება, ვინც მუსიკით გადმოსცემს საკუთარ სათქმელს და სწორედ ასე ურთიერთობს მსმენელთან. ყოველთვის მახარებს მასთან თანამშრომლობა და ბედნიერი ვარ, რომ 3 მარტის კონცერტზეც ერთად ვმუშაობთ.

– ვაკო, რატომ გადაწყვიტთ საღამოს ორსული ქალბატონებისთვის მიძღვნა?

– იდეა ჩემს მეგობარს ნათია შეთეკაურს ეკუთვნის, რომელსაც წლების წინ, როცა თვითონ იყო ორსულად, ძალიან გაუჭირდა შესაფერისი მუსიკის მოძიება. რა თქმა უნდა, მომავალი დედა, პირველ რიგში საკუთარ შვილზე ზრუნავს და ყველაფერს, მათ შორის მუსიკასაც საუკეთესოს ეძებს, კლასიკური მუსიკა კი, რომელმაც საუკუნეების გამოცდას გაუძლო, მართლაც იდეალური არჩევანია. სწორედ ნათიამ შემომთავაზა დისკის გამოშვება, თუმცა თავიდან ნაკლებად დავინტერესდი და მხოლოდ მაშინ დავფიქრდი სერიოზულად, როცა აღმოვაჩინე, რომ ორსული ქალი აბსოლუტურად განსხვავებულად აღიქვამს სხვადასხვა ჟანრის მუსიკას. საკუთარი იდეა თეოს გავუზიარე, რადგან ყოველთვის დიდად ვაფასებ მის მოსაზრებას და არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად შევუდექით მუშაობას.

– თეო, თქვენ რატომ დაინტერესდით მსგავსი პროექტით?

– როცა ვაკომ დისკის ჩაწერის იდეა გამიზიარა, მე საღამოს მოწყობა შევთავაზე, რადგან ნებისმიერი ფორმით ვემხრობი კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას. სხვათაშორის, მეცნიერებმა დიდი ხნის წინ დამტკიცეს, რომ კლასიკური მუსიკის მსმენელი ბევრად ნაკლებადაა მიდრეკილი კრიმინალისკენ, ვიდრე სხვა დანარჩენი.

– როგორ ჩამოყალიბდა წარმოდგენის კონცეფცია?

– ვაკო კონცერტის პროგრამაზე ღელავდა, ჩვენ კი, ინფრასტრუქტურაზე, რომელიც თვითონ შევქმენით და აბსოლუტურად ახალი, განსხვავებული კონცეფცია წარმოვადგინეთ. მართლაც დაძაბული მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა, თუმცა, სწორედ კამათში, აზრთა ურთიერთგაცვლით ჩამოვაყალიბეთ საღამოს საბოლოო სახე, კონცერტზე შედგება დისკის პრეზენტაციაც, რომლის შეძენას ყველა თავისუფლად შეძლებს.

– ბევრი ინტერესდება, შეძლებენ თუ არა კლასიკური მუსიკის რიგითი მოყვარულები სპეციალურად ორსულებისთვის მოწყობილ საღამოზე დასწრებას?

– უცნაურია, მაგრამ ერთი შეხედვით სახუმარო შეკითხვა მართლაც სერიოზულ პრობლემად იქცა. რა თქმა უნდა, საღამოზე დასწრებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს, თუმცა განსაკუთრებით ორსულ ქალბატონებს მოეწონებათ. აქვე მადლობა მინდა ვუთხრა თბილისის მერიას მხარდაჭერისთვის და კომპანია „ეი სი თი“-ს, რომელიც საკუთარ კვლევას ჩაატარებს, სინამდვილეში რამდენად უსმენენ მომავალი დედები კლასიკურ მუსიკას.

– ვაკო, მოგვიანებით იმავე პროგრამით ფლორენციაში მიემგზავრებით. რამდენად გრჩებათ დრო დასვენებისთვის გადატვირთული გრაფიკის ფონზე?

– ზოგი კვირაში ხუთ საღამოს მართავს, მერე კი, პაუზებით სარგებლობა მირჩევნია, რადგან არსად ვქჩარობ და ყოველთვის მშვიდად ვსწავლობ საკონცერტო პროგრამას. მართალია, უახლოეს 20 დღეში 6 გამოსვლა მაქვს, მაგრამ იმედია მოგვიანებით მაინც შევძლებ დასვენებას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები