LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ძიძაც გვყავს და დედაც ძალიან მეხმარება, მაგრამ ბავშვისთვის მაინც დედის ყურადღებაა უმთავრესი” – თაკო გაჩეჩილაძე „არტ-FM“-ში

8
gachechiladzetako

11 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე სტუმრობდა ახალი სიმღერის „ადექი, იცეკვე“ პრემიერით.

– თაკო, რას საქმიანობ ახლა?

– ოთხი წელია გათხოვილი ვარ და ორი შვილი მყავს. ძალიან დაკავებული ვიყავი ოჯახური საქმეებით, მთელ დროს ბავშვებს ვუთმობდი, ამიტომ წარმოუდგენელი იყო ჩემი სხვა საქმით დაინტერესება. მართალია, ძიძაც გვყავს და დედაც ძალიან მეხმარება, მაგრამ ბავშვისთვის მაინც დედის ყურადღებაა უმთავრესი. რა თქმა უნდა, ძალიან მომენატრა სცენაზე გამოსვლა და სიმღერა, მაგრამ ჩავთვალე, რომ შვილებზე ზრუნვა, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო. თუმცა წელს მივხვდი, რომ საკმარისია სახლში ჯდომა და დროა, დავუბრუნდე მუსიკას. მიხარია, რომ ალბომის ჩაწერაში, რომელსაც ძალიან მალე დავასრულებთ ჩემი მეუღლე – მუსიკალური პროდიუსერი მეხმარება. სავარაუდოდ გაზაფხულისთვის კი, კლიპსაც გადავიღებთ.

– სად იწერება ალბომი და რა სიმღერებს გააერთიანებს?

– ალბომი ვენაში იწერება, რაც შეეხება სიმღერებს – რამდენიმე ჩემს მეუღლეს, დანარჩენი კი, სხვა ევროპელ კომპოზიტორებს ეკუთვნით.

როგორ გაჩნდა სიმღერის „ადექი, იცეკვე“ ჩაწერის იდეა?

– სიმღერის ჩაწერა ანრი ჯოხაძემ შემომთავაზა, რომელიც „პრაიმშოუს“ საახალწლო გამოშვებას ამზადებდა. თვითონ გადაწყვიტა, რომ „ქუჩის ბიჭების“ სიმღერა უნდა შემესრულებინა, მეც სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ცნობილი ჰიტია და ძალიან მიყვარს ბავშვობიდან. სხვათა შორის, „ადექი, იცეკვეს“ ავტორი ერეკლე დიდიაა, რომელიც ჩემს სიმღერებზეც ხშირად მუშაობდა. მეტიც, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერეკლე ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქართველი ავტორია.

– ახლა ავსტრიაში ცხოვრობ ოჯახთან ერთად, საქართველოში როდის გეგმავ დაბრუნებას?

– ჯერჯერობით არ ვაპირებ, რადგან ჩემი მეუღლე უცხოელია და ნამდვილად ვერ შეძლებს სამუდამოდ საქართველოში გადმობარგებას, თუმცა არც მე ვაპირებ მთელი ცხოვრება ვენაში დარჩენას. მართალია, ძალიან გვიჭირს, რადგან სულ აქეთ-იქით დავფრინავთ და ბავშვებიც საშინლად გავაწვალეთ, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის, რადგან  ყოველთვის ძალიან მენატრება საქართველო, მეგობრები და ჩემი ოჯახი.

– როგორ მოგწონს ავსტრიული შოუბიზნესი?

– ავსტრია კონსერვატორული ქვეყანაა, სადაც პოპ-მუსიკაზე მეტად კლასიკური მუსიკით ინტერესდებიან. თუმცა, ევროპის ნაწილია და შოუბიზნესიც უფრო მასშტაბურად განიხილება, ამიტომ იქ მუშაობა უფრო მომგებიანი და საინტერესოა.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

– ყველაზე მეტად სცენაზე დაბრუნება მინდა, ამიტომ ძალიან ენერგიულად ვმუშაობ. აუცილებლად გამოვუშვებ ალბომს და გადავიღებ რამდენიმე კლიპს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები